ქართულმა გუნდმა თბილისში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი
ქართულმა გუნდმა თბილისში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი
19.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისში ჯუდოში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი დასრულდა. კონტინენტის პირველობის ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამზე საქართველოს სამი წარმომადგენელი გამოვიდა და ორი მედალი მოიგო, ერთი ოქრო, ერთიც ბრინჯაო. სხვათა შორის, დღევანდელი ბრინჯაო, ჩვენი გუნდისთვის პირველი იყო. აი, ოქროს მედლების რიცხვი კი, კაპიტანმა ოთხამდე გაზარდა და საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატი, რომელიც თბილისში 17 წლის შემდეგ, 16-19 აპრილს კვლავ ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 7 მედლით - 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაოთი დაასრულა.


გურამ თუშიშვილმა, რომელმაც დღის ბოლოს დარბაზში საქართველოს ჰიმნი გააჟღერა და ევროპის ჩემპიონატიც ქართულ მოტივებზე დახურა, იმედით, რომ მალე, ჯუდო სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირით კვლავ დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში +100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ფინალამდე ყველა შეხვედრა იპონით მოიგო - ჯერ კვიპროსელი ანტონიუსი დაამარცხა, შემდეგ, თურქი იბრაჰომ თათაროლუ მიაყოლა და ბოლოს, რუსი ვალერი ენდოვოცკი დაამარცხა. სხვათა შორის, აქვე გეტყვით, რომ თურქიც და რუსიც საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ - ეს დეტალი, იმისთვის, რომ „თუშას" მეტოქეების სიძლიერეს ხაზი გავუსვათ.



აი ფინალში კი, ქართველი მასზე ოთხი წლით უფროსს, ლეგენდარულ ჩეხ ჯუდოკას ლუკაშ კრპალეკს შეხვდა. ოქროს მედლისთვის დაძაბული ბრძოლაში, ორივე სპორტსმენი ეცადა მისთვის დამახასიათებელი სტილით ეჭიდავა, მაგალითად ჩეხს, ორთაბრძოლა ნევაზაში გადაეყვანა, რაც მისთვის სახასიათოა. სხვათა შორის, სწორედ, ამ თემაზე ილაპარაკებენ JUDO-TV-ს წარმომადგენლები ქართველ კაპიტანთანაც ცხელ-ცხელი ინტერვიუს დროს, ტატამზე.


„ძალიან ბედნიერი ვარ, კრპალეკი ძალიან ძლიერია, ვიცოდი დაძაბული ბრძოლა იქნებოდა მაგრამ საკუთარ კედლებში გულშემატკივარი ძალიან დამეხმარა და ამისთვის მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. ყველაფერი გავაკეთე, რომ მომეგო. კრპალეკს უნდოდა ნევაზაში ჩასულიყო, თქვენ დგომში - უმაღლესი დონის ნევაზისტია, სასიკვდილოა მასთან ნევაზაში ჩასვლა. შევეცადე მაღლა დავრჩენილიყავი და ისე მეჭიდავა", - ამბობს „თუშა", რომელიც აღნიშნულ ტურნირზე მისი კარიერის ისტორიაში, აწონვისას ყველაზე მძიმე იყო, 120 კგ. ადრე ასე არ ვყოფილვარო, იტყვის თუშიშვილი, რომლისთვისაც თბილისში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე მოგებული ოქრო, მესამე იყო კარიერაში.



რაც შეეხება მეორე მედალს, რომელიც წამიერი უყურადღებობა რომ არა 1/4 ფინალში, შეიძლება ოქროც ყოფილიყო, ილია სულამანიძემ მოიგო. „ყველაფერს გავაკეთებ, გამოვასწორებთ შეცდომებს რაც დავუშვით და მსოფლიოზე, რა თქმა უნდა, ოქროთი დაგიბრუნდებით", - იტყვის ტურნირის დასრულების შემდეგ, 24 წლის ქართველი ჯუდოკა, რომლისთვისაც დღევანდელი, სახლში მოგებული ბრინჯაო, სულა ვერ იყო ზეიმის მიზეზი და გვჯერა, რომ მომავალში ის უფრო მაღალ შედეგებს შეუტევს და თანაც ბევრჯერ მოიგებს კიდეც.


დღეს კი, ქართველმა პირველი წრიდან დაიწყო და ორი შეხვედრა იპონით მოიგო, ჯერ ბრიტანელი ოლივერ ბარატი დაამარცხა, შემდეგ რუმინელი ალექსანდრუ სიბისანი. ამის შემდეგ, 1/2 ფინალში გადასასვლელად, ქართველი გამოცდილ 31 წლის და საერთაშორისო ტურნირებს დახარბებულ რუს ნიაზ ბილალოვს დაუპირისპირდა. დაძაბულ ბრძოლაში, რომელსაც გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო, 24 წლის ქართველის წამიერად მოდუნებას, ბილალოვის ვაზარი მოჰყვა და ჩვენ, ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოგვთიშა. ილიამ რეპეშაჟიდან გააგრძელა კვარცხლბეკზე ასასვლელად ბრძოლა და შვეიცარიელ დანიელ ეიხი კვლავ იპონით დაამარცხა. თუმცა, 1/4 ფინალში წაგებული დაპირისპირების შემდეგ, ამ წარმატებებს, ილიასათვის შვება არ მოუტანიათ. აი, ბრინჯაოს ფინალში კი, ქართველი მეზობელ და ძალიან გამოცდილ ზელიმ კოცოევს უნდა შეხვედროდა, თუმცა, აზერბაიჯანელი, ბრინჯაოს 1/2 ფინალის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდელ სიმეონ კატარინასთან შეხვედრისას აკრძალული ილეთის გამო ჰანსუკო-მაკეთი დასაჯეს და ქართველს ბრინჯაო ავტომატურად შეხვდა.



სხვათა შორის, ამ ამბის შემდეგ, ქართული მხარიდან აგორდა ხმა, ვითომ, მეზობელმა აზერბაიჯანულმა მედიამ დაწერა, რომ კოცოევი ქართული მხარის თხოვნით დაისაჯა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ჩეპიონატზე მომუშავე აზერბაიჯანელი კოლეგები ჩვენთან ერთი სივრციდან მუშაობდნენ და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ვნახე, მსგავსი არასად დაწერილა - ჩვენი კოლეგები, უბრალოდ აღნიშნავდნენ ფაქტს, რომ კოცოევი, ჰანსუკო-მაკეთი ჩახსნეს.


დღეს ტატამზე კიდევ ერთი ქართველი ასპარეზობდა. +78 წონით კატეგორიაში გოგონებში სოფო სომხიშვილი. ქართველი პირველივე წრეში დამატებით დროში სამი შიდოს მიზეზით გამოეთიშა ტურნირს. აქვე, სოფოსთან მიმართებაში, სხვათა შორის ისევე, როგორც მარიამ ჭანტურიასთან დაკავშრებით ერთ პირად მოსაზრებას დავაფიქსირებ - ეს გოგოები, გუნდური შეჯიბრის დროს, უფრო კონცენტრირებულები არიან და ხშირად, სწორედ მათზე გადასულა მთელი დატვირთვა და საჭირო გუნდური ქულები, მაგალითად როგორც 2025 წლის ევროპისა და მსოფლიოს შერეულ გუნდურ შეჯიბრებში.


და რადგან სიტყვამ შერეული გუნდური შეჯიბრი მოიტანა, აქვე გეტყვით, რომ ის, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი შერეულ გუნდურ შეჯიბრში მიმდინარე წლის შემოდგომაზე, 7 ნოემბერს, ბელგრადში ჩატარდება.


დასასრულს შეგახსენებთ, რომ თბილისში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ჯუდოკებმა 7 მედალი მოიგეს - ევროპის ჩემპიონები და ოქროსმედალოსნები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), ლუკა მაისურაძე (-90კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ). ვერცხლის მედლები მოიგეს გიორგი სარდალაშვილმა (-60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ), ბრინჯაოს მედალი კი, ილია სულამანიძის (-100კგ) ანგარიშზეა. კიდევ ერთი დეტალი, რეალურად, ქართულმა გუნდმა ბიჭებში ერთი წონითი კატეგორიის (-66 კგ) კარდა, ყველა წონაში მოახერხა მედლის მოგება, აი ამ წონის კატეგორიის წარმომადგენელმა კი ამ ჯერად ცოლის (ეთერ ლიპარტელიანი) ოქროს მედლით იჯერა გული, თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე თემურ ნოზაძე არ მონაწილეობდა. სხვათა შორის, ყველაზე მეტი მედალი საფრანგეთმა მოიგო - 10, თუმცა, ოქროს მედლების ხარჯზე, არაოფიციალური გუნდური პირველი ადგილი სწორედ ჩვენ მოვიგეთ.