
საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს ესპანელი სპეციალისტი რუბენ გარაბაია გაწვრთნის. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ რამდენიმე წუთის წინ, სოციალური ქსელით გაავრცელა.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, 47 წლის ესპანელი სპეციალისტი რუბენ გარაბაია 11 მაისს, თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად წარსდგება ქართველი გულშემატკივრის წინაშე და ეროვნულ ნაკრებსაც ოფიციალურად მაშინ ჩაიბარებს. ფედერაციის ცნობით, იმავე დღეს, ეროვნული ნაკრების შეკრება დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტიტე კალანდაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, წლის დასაწყისში ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა, თანამდებობიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე წლის მარტში თელავში, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში ორ რაუნდიანი დაპირისპირება ერთი ბურთით წააგო ისრაელის ნაკრებთან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 32 ქვეყანასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის შემდეგ, რომელიც 26 მარტს გაიმართა შედგა რვა ოთხგუნდიანი ჯგუფი, სადაც თამაშები სახლი-გასვლის პრინციპით ჩატარდება, მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას ჯგუფებში ორ-ორი საუკეთესო გააგრძელებს, კიდევ ოთხ საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილოსანთან ერთად.
ევროპის 2028 წლის ჩემპიონატი ტრადიციულად იანვარში პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში გაიმართება. ცნობილია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები 2026 წლის ნოემბერში დაიწყება და 2027 წლის მაისში დასრულდება.





ჩვენ








