
ჯუდოში, ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე საათიღა რჩება. კონტინენტის პირველობაზე მონაწილე 46 ქვეყნის 400-მდე მონაწილე უკვე თბილისშია და ბოლო სამზადისშია. სხვათა შორის, დღეს, სასტუმრო „პულმანში", სადაც ჩემპიონატის დაწყებამდე მედიას ჯუდოს ევროპის კავშირის პრეზიდენტი ლასლო ტოტი ხაზს გაუსვამს, რომ თბილისში ქვეყნების რეკორდულმა რაოდენობამ მოიყარა თავი.
„ჩვენ აქ, საქართველოში, თბილისში მეორედ ვატარებთ სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატს, 17 წლის შემდეგ. ჩვენთვის პატივია აქ ყოფნა, რადგან საქართველო არის ჯუდოს ევროპული ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრი. 46-მა ქვეყანამ მიიღო მოწვევა მონაწილეობა მიეღო აღნიშნულ ტურნირზე და ეს არის რეკორდი სენიორებში აქამდე ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატებს შორის. ამას გარდა, ტურნირზე მონაწილე ათლეტების ხარისხიც არის უმაღლესი. ეს იქნება არა მხოლოდ შეჯიბრი, არამედ იქნება ჯუდოს ზეიმი.
მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ათასობით ბავშვი საქართველოდან, შეჯიბრის დასრულების შემდეგ ჯუდოთი დაინტერესდება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, მიგვეცა შანში, საქართველოს ამ საკმაოდ ძლიერი და წარმატებული გუნდისთვის, იბრძოლოს სახლში. დარწმუნებული ვარ რომ სახლში, რა შედეგიც იქნება, რა ტალანტებიც არიან... ასევე, ეს იქნება გამოწვევა ევროპის სხვა ქვეყნების ჯუდოკებისთვის, ებრძოლონ ქართველებს მათსავე ტატამზე.
ბედნიერები ვართ რომ აქ ვართ, რადგან აქ მშვიდი გარემოა და ეს არის ჩვენი განვითარებისა და მოსამზადებელი სამუშაოების ნაწილი ლოს ანჟელესის ოლიმპიური თამაშების წინ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ღონისძიების შემდეგ, ყველა კმაყოფილი იქნება. ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ ვართ აქ საქართველოში, თბილისში და ვეპატიჟებით ყველას მოვიდნენ შეჯიბრზე და ისიამოვნონ ჯუდოთი", - ამბობს ტოტი.
სხვათა შორის, მედიისთვის გამართული პრეს-კონფერენციის დროს ევროპული ჯუდოს კავშირის პრეზიდენტს წამოსცდა, რომ თბილისი 2028 წელს ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, კონტინენტის პირველობაზე, რომელიც ხვალ აიღებს სტარტს, პირველობა ინდივიდუალურ ჩათვლაში გაიმართება. ჯუდოს ევროპული გაერთიანების ხელმძღვანელმა ეს გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა:
„მარტივად, ლოჯისტიკური გადაწყვეტილება. ინდივიდუალურის შემდეგ, ხშირია ტრავმა და ამიტომ, გუნდურზე ბევრი ქვეყანა აღარ მონაწილეობს. ალბათ, მხოლოდ დიდ ქვეყნებს აქვთ ფუფუნება, ჰყავდეთ მეორე შემადგენლობა. პოზიტიური აქ ის შემიძლია გითხრათ, რომ ვაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას. მომავალ წელს, თბილისში, იუნიორთა ჩემპიონატით დაგიბრუნდებით და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ 2028 წელს გუნდური ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდეს. დასადგენია მხოლოდ ეს ოლიმპიურ თამაშებამდე იქნება, თუ ოლიმპიადის შემდგე. ჩვენი სურვილია ყველა ძლიერი გუნდი ჩამოვიყვანოთ. იმედია, დიდი საიდუმლო ამ განცხადებით არ გავეცი", - ამბობს ტოტი, რომლის „საიდუმლოსაც", რომ სწორედ საქართველო უმასპინძლებს შერეულ გუნდურ შეჯიბრს 2028 წელს, ოდნავ მოგვიანებით ჯუდოს საერთაშორისო ტურნირების სახეც შელდონ ფრანკო რუქსი დაადასტურებს.
სხვათა შორის, ის რომ ინდივიდუალური და გუნდური შეჯიბრები ერთ ქვეყანაში მიყოლებით არ ტარდება, იმავე მიზეზით, რაც ტოტიმ დაასახელა, საქართველოს ჯუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანიც ეთანხმება.
საქართველოში დაგეგმილ მომავალ ტურნირებამდე კი, ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, 16-დან 19 აპრილის ჩათვლით, თბილისი ჯუდოს საბავშვო ბანაკს უმასპინძლებს. EJU-ს ხელმძღვანელის განმარტებით, იდეის განხორციელება ოთი წლის წინ დაიწყეს.
„ოთხი წლის წინ ევროპის ჩემპიონატების პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ საბავშვო ბანაკების მოწყობა. იდეა იმაშია, რომ ბანაკში ვიწვეთ ბავშებს ევროპის ყველა ქვეყნიდან. დილით ისინი შეისწავლიან ჯუდოს, გაეცნობიან ამ სპორტის ისტორიას და ასევე, ქვეყნის შესახებაც მიიღებენ გარკვეულ ინფორმაციას. შემდეგ, საღამოს, ტურნირის ფინალურ ბლოკზე, ამ ბავშებს ვეპატიჟებით დარბაზში და ეს ძალიან კარგია, რადგან, ისინი სწავლობენ ერთმანეთთან ურთიერთობას, უკეთ გაცნობას, ასევე ამ ბავშვებს ვაძლევთ შანსს მონაწილეობა მიიღონ, ჩვენს მთავარ და დიდ ღონისძიებაში", - ამბობს ტოტი.
ქართულ და საერთაშორისო მედიასთან შეხვედრისას EJU-ს ხაზს უსვამს, რომ ქვეყნებში, რომლებმაც ევროპის პირველობას უმასპინძლეს, ჯუდოს „რაკეტის" ეფექტი აქვს განვითრების კუთხით. ილაპარაკა „გადარეულ მსოფლიოზე", რომლის ფონზეც, ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ჯუდოკები იქნებიან სამაგალითოები. ქართული ჯუდოს ლეგენდაზე შენგელი ფიცხელაურზე, ქართველ ჯუდოკა ქალზე, ეთერ ლიპარტელიანზე, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით უკვე ბევრი მიმდევარი ჰყავს - შესაბამისად, ათი წლის წინანდელ საქართველოსთან შედარებით, დღეს თქვენს ქვეყანას წარმომადგენელი ყველა წონაში ჰყავსო.
და ბოლოს ალბათ, უნდა ვთქვათ, რატომ თვლიან თბილისის ევროპის ჩემპიონატს ლოს ანჟელესის ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ ეტაპად - საქმე ისაა, რომ ოლიმპიური ლიცენზიების ქულების დაგროვებას ჯუდოკები 19-21 ივნისის ულამბატორის გრან სლემიდან დაიწყებენ. შესაბამისად, ევროპის ჯუდოს კავშირში თვლიან, რომ პირველ სალიცენზიო ტურნირზე, ევროპის ჩემპიონის რანგში ასპარეზობა, განსაკუთრებით პრესტიჟული იქნება.
ფოტო: (c) EJU





ჩვენ








