
ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი გამორჩეული ფურცელი დღეს დაიწერა. ამის მიზეზი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ შეხვედრა გახდა, რომელშიც წილისყრამ ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული" დააწყვილა. ბუნებრივია, ამ გუნდებისა და ქართველების საკლუბო დუელი ამ ერთი მატჩით არ დასრულებულა და ჩვენ, 14 აპრილს ამ გუნდების დაპირისპირების მეორე „სერიასაც" ვიხილავთ, თუმცა, მანამდე, რაც ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის, რომ გამარჯვებული გუნდიდან და ზოგადად, ორივე გუნდიდან საუკეთესო „კვარა" გახდა, ხოლო, დამარცხებული „ლივერპულიდან" ყველაზე მაღალი შეფასება „მამარდამ" მიიღო და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური კლუბის კარში ორი გოლი გავიდა.
სხვათა შორის, მოვლენებს წინ გავასწრებ და ვიტყვი, რომ „ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი, მატჩის დასრულების შემდეგ TNT Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ქართველი მეკარის შესახებ დაუსვეს ასეთ კომენტარს გააკეთებს: „გუშინ ვუყურე მადრიდის „რეალისა" და „ბაიერნის" შეხვედრას და ვნახე მანუელ ნოიერი რამდენად მნიშვნელოვანი იყო „ბაიერნისთვის", ძალიან ბევრი ბურთი მოიგერია. ჰოდა, ვფიქრობ, რომ დღეს გიორგიმ ეს ჩვენთვის გააკეთა. მაგრამ ასეთი თამაშია საჭირო ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც პსჟ არის. ჩვენ გჭირდება მუშა გუნდი, რომ მათი შეტევების პრევენცია მოახდინო. ეს არის ის, რაც ვნახეთ, მაგრამ ძალიან რთული იყო", - ამბობს „ლივერპულის" თავკაცი.
აქვე, ეს თემა რომ ამოვწუროთ ვთქვათ, გაშვებული გოლებიდან იყო თუ არა რომელიმე ქართველის ბრალი? ალბათ, სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვათ, რომ პირველის აღების თეორიული შანსი იყო, თუმცა ეს იყო, რეალურად პირველი მომენტი „მამარდას" კართან და თუ თამაშის, განსაკუთრებით მისთვის, ხასიათიდან გამომდინარე ვილაპარაკებთ, გიორგის უბრალოდ დრო არ ეყო კონკრეტულად ამ თამაშში აკლიმატიზაციისთვის. თუმცა, მერე ყველაფერი რიგში იყო, კარში ჩვენი „მამარდა" იდგა!
ანგარიში კი, მე-11 წუთზე დეზირე დუემ გახსნა. ამ ტაიმში, „მამარდამ", „კვარასაც" აუღო. ზოგადად კი, პსჟ მთელი შეხვედრა ბურთს ფლობდა, მინდვრის ყველა მონაკვეთში იბრძოდა. ამის შესახებ, თამაშისთვის რომ არ გეყურებინა და მხოლოდ, უეფა-ს გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს. ისე, რეალურად „ლივერპულსაც" ჰქონდა რამდენიმე მომენტი და მიუხედავად იმისა, რომ პარიზელთა კარის მცველმა შეცდომებიც დაუშვა, ინგლისელებმა მომენტი გოლით ვერ დაასრულეს. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში 65-ე წუთზე გაიტანა კვარაცხელიამ, მისთვის ჩვეულ სტილში. ზოგადად, ქართველზე დიდი ყურადღება იყო და მას განსაკუთრებით მეურვეობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, უეფა-ს მატჩის მიმოხილვისას, თამაშზე მიმაგრებული ტექნიკური დამკვირვებლები, გადაწყვეტილებას, სწორედ, ხვიჩა კვარაცხელია გამხდარიყო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ასე ახსნიან: „შესანიშნავი მეორე ტაიმი, რომელიც ფანტასტიკური გოლით დასრულდა. ფლანგის თავსატეხი რამდენიმე მომენტით და ასევე, დაცვაში რამდენიმე კარგი ქმედებით".
ისტორიულ მატჩში „კვარამ" მესამედ დაასახელეს მატჩის MVP-იდ. ალბათ, რამდენიმე წლის წინ, მსგავსი ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო. აი, მაისური კი, ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კარის დარაჯს არ გაუცვალა. რა თქმა უნდა აქ ვხუმრობთ, რადგან „კვარამ" იცოდა, რომ მას, ფლეშ-ინტერვიუზე (ეს არის კომენტარი, რომელსაც ფეხბურთელები გასახდელში შესვლამდე მატჩის ოფიციალური მაუწყებლისა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის არხისთვის აკეთებენ) სათამაშო ფორმა ჯერ კიდევ სჭირდებოდა.
„ჩვენ გვქონდა შანსი მეტი გაგვეტანა და ასე უნდა გვექნა. კარგი თამაში გვგქონდა. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რადგან „ენფილდზე" ატმოსფერო წარმოუდგენელი იქნება. ამისთვის მზად ვართ", - იტყვის კვარა „Canal+"-თან გაკეთებულ კომენტარში.
სხვათა შორის უეფა-ს ამავე გვერდზე დაყრდნობით, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო „სეივების" ჩამონათვალში დღევანდელი მატჩებიდან გორგი მამარდაშვილისა და მადრიდის „ატლეტიკოს" მეკარის, არგენტინელი ხუან მუსოს „სეივებიც" შევიდა.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ რაუნდში კი, პსჟ - „ლივერპული" 2-0 დაამარცხა და საერთო ანგარიშში დაწინაურდა. თუმცა, საპასუხო მატჩი „ენფილდზეა" სადაც, ყველა გუნდს, პრობლემური თამაშები აქვს.
აქვე გეტყვით, რომ ერთი დღით ადრე, ამავე გათამაშებაში, გოირგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი" საშინაო შეხვედრაში „არსენალთან" 0-1 დამარცხდა. ქართველი განაცხადში იყო, თუმცა, პორტუგალიელებმა მხოლოდ ორი შეცვლა (!) გამოიყენეს. ტრავმის შემდეგ, დაბრუნებული „ქოჩორა" კი, სკამზე დარჩა.
ფოტო: credit @UEFA





ჩვენ








