
მალტაში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო თასის II დივიზიონის ტურნირზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა მარცხით დაიწყო. რეალურად წყვილში, სადაც ფავორიტებად ქართველთა ნაკრები ითვლებოდა, თამაში თურქების გოლით გაიხსნა. აქვე ვთქვათ, რომ თამაშის გარდა წავაგეთ ორი სპრინტიც, მათ შორის პირველი პერიოდის სტარტზე. თურქების გოლს, დუშან ვასიჩმა მალევე უპასუხა, ბესო ახვლედიანისა და ნიკა შუშიაშვილის გოლებით კი, მალე ორი ბურთით დავწინაურდით (3-1). რეალურად პირველი პერიოდის ბოლომდე, ფავორიტის სტატუსი შევინარჩუნეთ და დუშან ვასიჩისა და ხვიჩა ჯახაიას გოლების შემდეგ, მონაკვეთს ორი ბურთითაც ვიგებდით, თუმცა, სირენამდე 4 წამით ადრე იუსა ჰან დუზენლიმ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, 5-4. საქართველოს ნაკრები ერთი ბურთით წინ იყო.
მეორე პერიოდში, საბა ტყეშელაშვილისა და ლუკა ჩიქოვანის გოლებით, კვლავ მოვახერხეთ გაქცევა და სამი ბურთით დავწინაურდით, თუმცა, თურქები დაგვეწივნენ და ენგინ ჩელექის გოლით, კვლავ ერთ ბურთამდე დაიყვანეს სხვაობა. მალევე, ვასიჩმა გაზარდა უპირატესობა, თუმცა, თურქებმაც გვიპასუხეს და დუზენლის გოლის შემდეგ, მონაკვეთი ფრედ 3-3 დასრულდა. საერთო ანგარიში კი, პირველი ტაიმის შემდეგ 8-7 იყო. რაღა დაგიმალოთ და ეს ანგარიში, განგაშის საფუძველს უკვე იძლეოდა.
აი, მესამე პერიოდი კი ჩაგვივარდა და რეალურად, მატჩის ბედიც გადაწყვიტა. თურქებმა 5-8 მოგვიგეს, საერთო ანგარიშში ორი გოლით გადაგვისწრეს და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდეს დასკვნითი პერიოდის წინ - ტაბლოზე ანგარიში 13-15 იყო თურქების სასარგებლოდ. ერთი საინტერესო დეტალი, თურქებმა ამ მონაკვეთში, თუ არ ჩავთვლით მატჩის სტარტზე გატანილ გოლს პირველად გადაგვასწრეს. ამასთან ერთი გოლი, მონაკვეთის დასრულებამდე 02'41'' წუთით ადრე, როდესაც ტაბლოზე საყაიმო ანგარიში იყო 12-12 VAR-მა გააუქმა. თუმცა, ამის შემდეგ, მალევე ჩვენი მოწინააღმდეგე დაწინაურდა და თან მონაკვეთის ბოლომდე სამჯერ გაგვიტანა. ჩვენ მხოლოდ, ვაკო დადვანის ერთი გოლით ვუპასუხეთ.
შესაძლოა, ტელე-რეპორტაჟისას, ჩვენთვის უფრო მარტივი ყოფილიყო თამაშის მსვლელობის აღქმა, თუმცა, ტექსტური „ცოცხალით" თუ ვიმსჯელეთ, შეხვედრის დაძაბულობა წყალს ზემოთ მყოფებსაც ემჩნეოდათ. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემაც მიიღო ყვითელი - შესაბამისად, სწორედ, ამ ტელე-რეპორტაჟის არ ქონის გამო, მსაჯთა კომპეტენციაზე ლაპარაკი არ შეგვიძლია. თუმცა, ის, რომ მსაჯებზე ყველაფერის გადაბრალება არ შეიძლება, ის ჭეშმარიტებაა, რომელსაც ვერავინ ავუვლით გვერდს. ფაქტია, რომ დღეს, ჩვენი ნაკრები ან გადაღლილი იყო, ორი დღის წინ დასრულებული ტურნირისა და განსაკუთრებით ბოლო მატჩის შემდეგ, ან მეტოქე სათანადოდ არ შეაფასა.
მეოთხე პერიოდი მოვიგე, 3-2. თუმცა, აქაც ანგარიში მოწინააღმდეგემ გახსნა და ჩვენ სამბურთიან სხვაობასთან მოგვიწია ჭიდაობა. ვაკო დადვანის დუბლით, 3 წუთში მოვახერხეთ ერთ ბურთში მიახლოება 15-16, თუმცა, მოწინააღმდეგემ მოახერხა ანგარიშის „დაჭერა" და საბოლოოდ, დარჩენილ დროში, მხოლოდ გოლები გავცვალეთ. ჩვენგან, ამ სასტარტო შეხვედრაში ბოლო ნიკა შუშიაშვილმა გაიტანა. მატჩი კი, 16-17 (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი) წავაგეთ.
ჩვენი ნაკრები მომდევნო შეხვედრას ხვალ, 8 აპრილს, თბილისის დროით 13:30 საათზე ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
იხილეთ სატურნირო მდგომარეობა ბმულზე.
ტურნირის ფორმატზე დეტალურად მომდევნო სტატიებში გიამბობთ, მანამდე კი იხილეთ ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ბმულზე.





ჩვენ








