საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო
04.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ავთანდილ ასათიანის გუნდი ამ გრძელ გზაზე, სადაც 2024 წლის ფინალური ეტაპის საგზური მოპოვებული გვქონდა და გემახსოვრებათ, ჯიბიდან ამოგვაცალეს, ახალი შესარჩევი ციკლისთვის, პირველ შეკრებას დღეიდან იწყებს. იმ არასასიამოვნო ამბის შემდეგ, ქართულმა გუნდმა თითქმის სრული რეორგანიზაციისა და ნატურალიზებული ფეხბურთელების გარეშე, 2026 წელს ზედიზედ მეორედ მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა, თუმცა, ამჯერად ჯგუფიდან გასვლა და მედლებისთვის ბრძოლა, ვერ მოახერხა. შესაბამისად, ქართული გუნდი, ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას შეეცდება, შემდეგ კი, იქ წინ წაწევას, რაც შეიძლება შორს.


მსოფლიო ჩემპიონატზე კი, ევროპისთვის ფიფა-მ მხოლოდ, 7 ადგილი გამოჰყო და ისიც, იმ შემთხვევაში, თუკი, მუნდიალს, ევროპის კონტინენტი არ უმასპინძლებს. ფორმატზე ოდნავ ქვევით, მანამდე კი, გეტყვით რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელი ციკლისთვის საქართველოს ნაკრები პირველ სპარინგს 9 და 11 აპრილს თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში, მეზობელი აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში მე-15, მომავალი მეტოქე კი, 53-ე ადგილზეა.

სწორედ, ამ თამაშებისთვის ავთანდილ ასათიანმა დღეიდან შეკრება 18 ფეხბურთელის შემადგენლობით დაიწყო, რომელთა შორის ერთი, საბა ეგრისელაშვილი, დებიუტანტია. ჩვენი ინფორმაციით, ქართველთა სამწვრთნელო შტაბი, კიდევ ერთი დებიუტანტის გამოძახებას აპირებდა, თუმცა, ფეხბურთელს ტრავმამ შეუშალა ხელი. აპრილის სპარინგებისთვის ფუტსალის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი არიან:


მეკარეები: თორნიკე ბუკია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ალი ასლანი (კსუ), ლუკა ხარშილაძე (პსპ); წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ვახტან ჯვარაშვილი („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ლევან სვანიძე (პსპ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), ნუკრი ჭუმბურიძე („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი"), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), საბა ეგრისელაშვილი („დინამო თბილისი"), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი"), შოთა თოფურია („ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი").


როგორც ხედავთ, ქართველთა გუნდის შემადგენლობა, ერთის გამოკლებით ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებიდან არის დაკომპლექტებული. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ფუტსალის ლიგაში, სადაც 17 აპრილამდე სანაკრებო შესვენებაა გამოცხადებული, 17 ტურის შემდეგ, კსუ ლიდერობს, რომლის წარმომადგენელიც ეროვნულ ნაკრებში, ამჯერად, 6 ფეხბურთელია. 7 ფეხბურთელი „ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსს" წარმოადგენს, 3 პსპ-ს, ერთი კი, „დინამო თბილისს".



დღევანდელი მონაცემებით, ამ შეკრების გარდა, ვიცით რომ სექტემბერში, ავთანდილ ასათიანის გუნდს კიდევ ექნება ამხანაგური თამაში და მერე, ჩავერთვებით მეინ-რაუნდშიო, ამბობს TSFF.Ge-სთან ლაპარაკში ქართველთა გუნდის თავკაცი.


რაც შეეხება ტურნირის ფორმატს, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყება და სადაც ევროპის 24 წარმომადგენელი 6 ჯგუფში შეეცდება მეინ-რაუნდის საგზური მოიპოვოს. დებულების თანახმად, ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილოსნები, მეინ-რაუნდში გააგრძელებენ ასპარეზობას. მათგან ორი, საქართველოს ნაკრებთან ერთად მოხვდება სამგუნდიან ჯგუფში, საიდანაც უკვე  ჯგუფის პირველადგილოსნები და ოთხი საუკეთესო შედეგი მქონე მეორე ადგილოსანი პირდაპირ გააგრძელებენ ელიტ-რაუნდში ასპარეზობას. მეინ-რაუნდში სულ ასეთი 12 ჯგუფი იქნება. აი, დანარჩენი რვა მეორე ადგილოსანი გუნდი კი, ელიტ-რაუნდის კიდევ ოთხი საგზურისთვის ფლეი-ოფში გაარკვევს ურთიერთობას. საკვალიფიკაციო ეტაპისგან განსხვავებით, რომელიც ერთ რაუნდიანი ჯგუფური (წრიული) ტურნირი იქნება მინი- ტურნირის სახით, ერთ კონკრეტულ მასპინძლე ქვეყანაში, მეინ-რაუნდში გუნდები ურთიერთობას ორ-რაუნდში, სახლი-გასვლის პრინციპით გაარკვევენ, შესაბამისად გუნდებს, ამ ეტაპზე 4-4 მატჩის გამართვა მოუწევთ.


უშუალოდ მსოფლიო ჩემიონატის საგზურებისთვის, ელიტ-რაუნდში ხუთი ოთხგუნდიანი ჯგუფი შედგება, საერთო რაოდენობით 20 გუნდი. აქ უკვე, ხუთი ჯგუფის პირველადგილოსანი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიგებს. თამაშები აქაც, ორ-რაუნდიანი იქნება, სახლი-გასვლის პრინციპით. ოთხი საუკეთესო მეორე ადგილოსანი კი, დარჩენილი ორი საგზურისთვის იბრძოლებს. თუმცა, თუკი, ევროპის ჩემპიონატი ჩვენს კონტინენტზე ჩატარდება, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ოთხი მეორე ადგილოსნის გარდა, კონტინენტისთვის დარჩენილი ერთადერთი საგზურისთვის, ფლეი-ოფში, ორი საუკეთესო შედეგი მქონე მეორეადგილოსანი იბრძოლებს.


და ბოლოს აქვე, გთავაზობთ 2028 წლის ფუტსალში მსოფლიო ჩემპიონატის სათამაშო კალენდარს, უეფა-ს წევრი ქვეყნებისთვის:


საკვალიფიკაციო რაუნდი: 6-15 აპრილი, 2026 წელი

მეინ-რაუნდის ჯგუფური ეტაპის წილისყრა: 19 მაისი 2026

მეინ-რაუნდის ჯგუფური ეტაპი: 12-21 ოქტომბერი, 2026 / 2-11 ნოემბერი, 2026 / 6-9 დეკემბერი, 2026 / 22 თებერვალი - 3 მარტი 2027

მეინ-რაუნდის ფლეი-ოფის წილისყრა: 5 მარტი, 2027

მეინ-რაუნდის ფლეი-ოფი: 12-21 აპრილი, 2027

ელიტ-რაუნდის ჯგუფური ეტაპის წილისყრა: 20 მაისი, 2027

ელიტ-რაუნდის ჯგუფური ეტაპი: 6-15 სექტემბერი, 2027/ 11-20 ოქტომბერი, 2027 / 13-22 დეკემბერი 2027

ელიტ-რაუნდის ფლეი-ოფის წილისყრა: 20 იანვარი 2028

ელიტ-რაუნდის ფლეი-ოფი: 10-19 აპრილი 2028


მსოფლიო ჩემპიონატი კი, 2028 წლის 7-29 ოქტომბერს გაიმართება 24 ნაკრების მონაწილეობით, თუმცა, ამ ეტაპზე მასპინძელი ქვეყანა ცნობილი არაა.