საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელი ტურნირი მოგებით დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელი ტურნირი მოგებით დაიწყო
03.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის გათამაშებაში ჩაერთვება, ჩვენი გუნდი მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საერთაშორისო ტურნირზე, Danube Cup-ში მონაწილეობს. სლოვაკეთში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს კანადის, ავსტრალიისა და მასპინძელი სლოვაკეთის წინააღმდეგ უწევს ასპარეზობა.


პირველად, ქართველმა წყალბურთელებმა ძალები კანადის ნაკრების წინააღმდეგ მოსინჯეს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ჩვენზე 6 ადგილით წინ, მე-14 პოზიციაზე არიან. შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო და გიორგი მესხის, დუშან ვასიჩისა და ვაკო დადვანის გოლებით 0-3 დავწინაურდით, თუმცა, კანადელებმა ერთ ბურთში მოახლოება მოახერხეს. ამის შემდეგ, ხვიჩა ჯახაიას დუბლით, კვლავ სამ ბურთამდე გავზარდეთ უპირატესობა, თუმცა, პერიოდის ბოლო ორწუთნახევარის მანძილზე მეტით წინ წაწევა ვეღარ მოვახერხეთ. სამაგიეროდ, გაიტანეს კანადელებმა და პერიოდი ფრედ, 5-5 დასრულდა.


მეორე პერიოდში პირველი კანადელებმა გაგვიტანეს, თუმცა, ნიკა შუშიაშვილის გოლით, ახლა ჩვენ გავათანაბრეთ 6-6, იმავე შუშიაშვილის გოლით კი, ერთი გოლი დავწინაურდით 6-7. ამას, მალე საბა ტყეშელაშვილიც გოლიც დაემატა და ქართველთა გუნდი, პირველი ტაიმის დასრულებამდე 30 წამით ადრე, ორი ბურთით იყო წინ. თუმცა, გოლი ბოლო წამზე გავუშვით და მონაკვეთი მხოლოდ ერთი ბურთით 2-3 მოვიგეთ. ტაიმშიც შესაბამისად, ერთი გოლით მოვიგეთ, 7-8.


მესამე პერიოდში, ქართველთა გუნდმა ხუთი ბურთი გაიტანა - გოლები ბესო ახვლედიანის, დუშან ვასიჩის, საბა მაჭავარიანის, ველოკო ტანკოვიჩისა და სტეფან პიაშივაცის ანგარიშზე. ამ მომენტისთვის საერთო ანგარიში 7-17 იყო. თუმცა, საბოლოოდ, დასკვნითი პერიოდის წინ, მხოლოდ 5 გოლით ვიყავით წინ 8-13. კანადელებმა ისევ ბოლო წამებზე გაგვიტანეს, მონაკვეთი კი, 1-5 მოვიგეთ.


ბოლო მონაკვეთში გოლების ათვლა, ხვიჩა ჯახაიამ დაიწყო. მას მხარი ვაიჩმა აუბა, თუმცა, ამ მონაკვეთში კანადელებმა თამაშის გადარჩენა გადაწყვიტეს და რეალურად ბურთი ბურთში მოგვყვნენ. ჩვენებიდან ნიკა შუშიაშვილმა და საბა ტყეშელაშვილმა გაიტანეს. საბოლოოდ, მე-4 პერიოდი 3-4 მოვიგეთ, შეხვედრა კი, 11-17 (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი).


ხვალ, 4 აპრილი, თბილისის დროით 19:15 საათზე საქართველოს ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციაზეა. დღეს, ავსტრალიელები ტურნირის მასპინძელ სლოვაკეთს ეთამაშებიან.


ბოლო შეხვედრას კი, ჩვენი გუნდი  5 აპრილი, 13:45 საათზე  სლოვაკეთს დაუპირისპირდებიან. აქვე გეტყვით, რომ სლოვაკეთი მსოფლიო რეიტინგში 22-ე ადგილზეა.


DANUBE CUP 2026-ის სატურნირო ცხრილი (რომელიც განახლებადია) შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე