ორი სპარინგი - მწვრთნელისა და გუნდის ნაცნობობა ოფიციალურად შედგა
ორი სპარინგი - მწვრთნელისა და გუნდის ნაცნობობა ოფიციალურად შედგა
30.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

 

დღეს, მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ყაზახ თანატოლებთან მეორე სპარინგი გამართა და ამჯერად, 0-2 დამარცხდა. აღნიშნული ასაკობრივი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დღევანდელ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობა თითქმის შეცვალა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან, ზურაბ ხიზანიშვილის გუნდს, ივნისში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის თამაში მოუწევს. მინი ტურნირი თბილისში გაიმართება, აღნიშნული ასაკობრივი გუნდი, კი, რომელიც აქამდე საქართველოს ღირსებას იცავდა, გაიზარდა, შესაბამისად, 19-წლამდებში ახალი მოთამაშეები მოვიდნენ, შესაბამისად, მწვრთნელებს, საქმეში ფეხბურთელები ჯერ გასაცნობი ჰყავთ.


ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატებსა და ასაკობრივ ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელების გარდა, ყაზახებთან ორ სპარინგში, 19-წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 9 ლეგიონერიც გამოსცადა.



პირველი შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც ყაზახებმა საწყის წუთებში სცადეს ეაქტიურათ, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა მოახერხა ბურთის გაკონტროლება, ალბათ, ერთადერთი, რაც ამ მონაკვეთში ჩვენს გუნდს აკლდა, ბოლო და ამასთან ზუსტი ფაზა. ამას გარდა, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, პირველ შეხვედრაში 6-2 გამარჯვების შემდეგ, ალბათ, ისევ ჩვენი გენეტიკური კოდიდან გამომდინარე, ფეხბურთელების ნაწილი, ფსიქოლოგიურად მოდუნებული იყო. გოლი, მე-20 წუთზე კონტრშეტევაზე გავიდა - პირველი დარტყმა დაჩი ჩოჩოშვილმა მოიგერია, თუმცა, დამატებაზე დაცვას ჩამოეძინა და ანგარიში გაიხსნა.


დაახლოებით, წამიერ მოდუნებას მოჰყვა მეორე გოლი 77-ე წუთზე, არადა მეორე ტაიმში, ქართველმა 19-წლამდებმა თამაშიც გამოასწორეს და უფრო აქტიურადაც შეუტიეს. ამასთან, „ხიზანამ" ძირითადი გუნდის ფეხბურთელები შემოიყვანა ნელ-ნელა. რეალურად, ჩვენი გუნდის საგოლე მომენტებიდან, 82-ე წუთზე ნიკა სილაკაძის დარტყმული დაგვამახსოვრდა, რომელიც ხარიხას მოხვდა. იყო კიდევ, ერთი მომენტი, როდესაც ყაზახებმა კარის ხაზიდან გამოიტანეს ბურთი. თუმცა, დღეს გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.


საერთო ჯამში, ორივე მოსამზადებელი თამაში საკმაოდ ნაყოფიერი იყო.


საქართველოს 19-წლამდე ნაკრების დღევანდელი სასტარტო შემადგენლობა:  დაჩი ჩოჩოჩშვილი, საბა მარსაგიშვილი, ალექსანდრე გეწაძე, მათე შათირიშვილი, ალექსანდრე ქირიკაშვილი, ნიკოლოზ ადუაშვილი, გიორგი კობახიძე, კობა კაკაშვილი, ნიკა შათირიშვილი, თენგო ნებულიშვილი, შოთიკო დიაკონიძე.


სათადარიგო შემადგენლობიდან ითამაშეს: საბა ასანიძემ, გიორგი ლომიძემ, ნიკოლოზ ბენდელიანმა, ლუკა ციკოლიამ, ნიკოლოზ სილაკაძემ, ნიკოლოზ შალიკიანმა, საბა ჩხეტიანმა, ნიკოლოზ ბარიხაშვიმა.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 3-9 ივნისში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ახალი ფორმატით ტარდება. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის შემდეგ, გათამაშებაში მონაწილე ნაკრებები A და B ლიგებად დაიყოფიან. A ლიგაში ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი ფინალში გავა, მათ, ტურნირის მასპინძელი ქვეყანა დაემატება.  საქართველოს 19-წლამდებს მინი-ტურნირის თამაში სახლში მოუწევთ მონტენეგროსა და ისლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ.


 

მატჩის ალბომი იხილეთ ბმულზე