
დღეს მიხეილ მესხზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის პირველი შეხვედრა ფრედ, 2-2 ითამაშა. თამაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო. თუმცა, მანამდე სფფ-მ ხვიჩა კვარაცხელიას, 2025 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცა.
ისრაელის ეროვნულ ნაკრებთან გამართული ეს მატჩი კი, ორ ტაიმად შეიძლება დავყოთ, არა პირდაპირი გაგებით, არამედ, თამაშის ხასიათიდან გამომდინარე. თუმცა, მსგავსი, საქართველოს ნაკრებისთვის უმეტესწილად ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ერთ-ერთ მახასიათებლად ჩამოყალიბდა. ამასთან „კარგი" ტაიმიც - პირველი, უფრო შედარებითი იყო, სადაც საგანგაშო სიგნალი ტაიმის მიწურულს გაისმა. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით.

აქვე ვთქვათ, რომ ვილი სანიოლის გუნდმა თამაში სამი დებიუტანტით (გიზი მამაგეიშვილით, ლუკა გადრანი და ილია ბერიაშვილი) დაიწყო. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლი ამ გარემოებაზეც გაამახვილებს ყურადღებას, თუმცა, იმასაც იტყვის, რომ საწყისი წუთებში და შემდეგ, ერთი საათი გუნდის თამაშში პოზიტიური ნიშნები დაინახა. ალბათ, „პოზიტიურში" შეიძლება ჩაითვალოს 30-ე წუთი, როდესაც ისრაელის ნაკრების დაცვის შეცდომა ვერ გამოვიყენეთ. კიდევ, 36-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილის დარტყმაც ამ კატეგორიაში შეიძლება გავიყვანოთ, ბურთი ხარიხას მოხვდა. ისე, სწორედ ამ მომენტის გაგრძელება იყო, ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი, რომელიც მაინც, საქართველოს ნაკრების კაპიტნის ინდივიდუალური დამსახურება უფრო იყო. თუმცა, ისევე, როგოც „კვარას" მიერ გატანილი მეორე გოლი.
„საწყის წუთებში, ბევრი დადებითი ასპექტი იყო ჩვენს თამაშში. ფეხბურთელები მონდომებულები იყვნენ და კარგი ინტენსივობა გვგქონდა. ბევრად უფრო კარგი და საინტერესო ფეხბურთი ვითამაშეთ, ვიდრე ბოლო ექვს თვეში. შემდეგ თავი იჩინა დაღლილობამ, ამას გარდა, ვერ ვხდები, მაშინ, რო არ იყო საჭირო სწრაფად თამაში და შეიძლებოდა ბურთის უფრო მეტად შენარჩუნება, რატომ ვჩქარობდით. თუმცა, ეს ამხანაგური თამაშია, მთავარია, მომზადება ერთა ლიგისთვის, რისთვისაც 6 თვე გვაქვს. ყურადღება არა შედეგზე, არამედ იმ დადებით ასპექტზე უნდა გავამახვილოთ. ბევრი ფეხბურთელისთვის ეს პირველი თამაში იყო, ისევ გვაქვს გუნდში სათამაშო პრაქტიკის პრობლემა. ამას გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იყო პირველი მატჩი ბერიაშვილისთვის, გადრანისთვის და მამაგეიშვილისთვის. გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისი სათამაშო გამოცდილება, და ესეც გარკვეული პრობლემაა. თუმცა, ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვის არსებობს", - იტყვის ვილი სანიოლი, რომელიც მოგვიანებით, ახალწვეულებიდან გიზი მამაგეიშვილს გამოჰყოფს (სხვათა შორის, გიზი ჩვენც მოგვეწონა) და ჟურნალისტის კითხვაზე, თუ დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე სად ხედავს ვილი ტყუპისცალს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა უპასუხა, რომ „მამაგეიშვილმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მას ყველაფერი აქვს, რომ მარჯვენა ფლანგზე თამაში შეძლოს. ვფიქრობ, მომავალშიც ვიხილავთ ამ პოზიციაზე".

მატჩს წინა დღეს, ისრაელის ნაკრების წარმომადგენლებმა კი თქვეს, რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ კვარაცხელია არ არისო, თუმცა, სწორედ „კვარას" შეჩერებას ცდილობდნენ, ყველა დაშვებული და აკრძალული წესით.
„საკმაოდ კარგ გუნდს ვეთამაშეთ. იმედი „გამიცრუა" ხვიჩამ... ის, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. ზოგადად, საქართველოც ძალიან კარგი ნაკრებია. თუმცა, ჩვენ კარგი რეაგირება გვქონდა თამაშში და ამ შედეგს ვიმსახურებდით. შესაძლოა, უფრო მეტსაც. ჩვენი გეგმა პირველმა გოლმა შეცვალა, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი შევასრულეთ და ჩამორჩენის მიუხედავად, ხასიათი ვაჩვენეთ", - ამბობს ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რან ბენ-შიმონი და რაღაც მომენტში რთულია არ დაეთანხმო.

მეორე გოლი 54-ე წუთზე „კიტეს" წამოწყებული იყო, რომელიც მიქაუტაძემ გააგრძელა და ბურთით „კვარა" მოამარაგა, რომელმაც თავისმხრივ, დუბლი გაიფორმა. მიუხედავად ამ გოლისა, ზოგადად პირველ ტაიმშიც და მთლიანად თამაშშიც იყო ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი, რომელსაც იმედს ვიტოვებთ, სანიოლი თავის სამწვრთნელო გუნდთან ერთად სექტემბრამდე დაალაგებს, ისევე როგორც დაცვას, რომელიც მეორე ტაიმის ოთხწუთიან მონაკვეთში, მას შემდეგ, რაც მოედნიდან ოთარ კიტეიშვილი გავიდა, უბრალოდ „გაითიშა" და შედეგად ანგარიში გათანაბრდა. ზოგადად მეორე ტაიმში არ გვიწყენენ ჩვენები თუ ვიტყვით, რომ ბურთი მეტოქეს დავუთმეთ. ალბათ, ესეც უფრო ქართული „სტუმართ-მასპინძლობის" ბრალიც იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე გვინდა გვჯეროდეს.
მატჩის შემდეგ, სანიოლი იტყვის, რომ ისრაელის ნაკრები არაა სუსტი გუნდი, და ეს მისმა დღევანდელმა მეტოქემ ბევრჯერ დაამტკიცა. თქვა ისიც, რომ დღევანდელი შედეგი არ არის სასიამოვნო და მოგება, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა. თუმცა, მიაჩნია, რომ მისი გუნდიც და ქომაგიც დადებითზე უნდა კონცენტრირდეს.

„კიტეიშვილის შეცვლა ფეხბურთელის მცირე ტრავმამ გამოიწვია, კუნთის პრობლემები ჰქონდა და არ გავრისკეთ. კიტეიშვილის და მექვაბიშვილის ტრავმების გამო ჩვენი გეგმები შეიცვალა, ამიტომ არ გამოვიყენე უფრო მეტი შეცვლა. 2-0-დან 2-2 გახდა ანგარიში და კიდევ დამატებით ცვლილებებს, შესაძლოა გუნდზე უარყოფითად ემოქმედა. წინ მეორე თამაში გვაქვს და ყველა ფეხბურთელს მიეცემა თამაშის შანსი", - ამბობს ვილი სანიოლი, რომლის გუნდიც ხვალ, თბილისის დროით 15:00 საათზე ჩარტერული რეისით ლიეტუვაში გაემგზავრება, სადაც კაუნასში, მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
მანამდე კი, დღევანდელი დღე რომ შევაჯამოთ, მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენციიდან მეტოქე გუნდის მწვრთნელის რამდენიმე პასუხსაც გთავაზობთ - მიგვაჩნია რომ სექტემბრამდე, როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის ნაკრებეს, თითქმის იდენტური პრობლემების გადაჭრა მოუწევს. სექტემბრამდე (როდესაც უეფა-ს ერთა ლიგის ახალი შესარჩევი ციკლი იწყება) არის საკმარისი დრო შეცდომების გამოსასწორებლადო, ამბობს მეტოქე გუნდის მწვრთნელი. ისე, ამ არგუმენტს, ორივე გუნდის თავკაცი იშველიებს. ორივე გუნდს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში ახლა იმკვიდრებენ ადგილს და კიდევ, ბევრი აქვთ დასამტკიცებელი - ისრაელის მხრიდან დღეს აქცენტი ამ მხრივ, ელიელ პერეცზე გაკეთდა.
„საქართველო უფრო სწრაფი შეტევების გუნდია, ჩვენ კი, ბურთის ფლობაზე ვაკეთებთ აქცენტს. დიდი მადლობა ქართველ ხალხს მასპინძლობისთვის და შესანიშნავი დახვედრისთვის"-ო, ამბობს სტუმართა მწვრთნელი, რომელიც ერთ სერიოზულ განსხვავებაზე მაინც მიუთითებს - ისრაელის ნაკრების ხარვეზზე - ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, შეჩერებულ საფეხბურთო ჩემპიონატსა და საომარ რეალობაში მყოფ გუნდზე.






ჩვენ








