ნებისმიერი მეტოქე დასაფასებელია, თუმცა, 21-წლამდებს აქვთ მიზნები
ნებისმიერი მეტოქე დასაფასებელია, თუმცა, 21-წლამდებს აქვთ მიზნები
26.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ევროპის 2027 წლის შესარჩევი ჯგუფის მორიგ საკვალიფიკაციო შეხვედრას გამართავს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. ჩვენი გუნდი ლატვიას დაუპირისპირდება.  რამაზ სვანაძის გუნდი, 22 მარტიდან წყალტუბოშია შეკრებილი და იქ გადის საწვრთნელ პროცესს. სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, ჩვენს 21-წლამდებს ტრავმის გამო ქუთაისის „ტორპედოს" მცველი დავით ბუკია გამოაკლდება. ტრავმირებული ალეკო ბასილაძის ნაცვლად კი, შეკრებას ნიკოლოზ ცეცხლაძე შეუერთდა.


„რაც დაგეგმილი გვგქონდა ის, ყველაფერი შესრულდა. ძალიან გვჭირდებოდა განწყობა, განსაკუთრებით განვლილი წრისგან გამომდინარე, რადგან არ გვქონდა ის შედეგები, რასაც ჩვენგან ყველა ელოდა. თუმცა, ძალიან ბევრი მიზეზი იყო, რომ ავხსნათ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავნებდებით. ახალ წელს პირველი შეკრებაა, ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ჩვენი განწყობა და მენტალური მხარე ყოფილიყო მზადყოფნაში. ლატვიასთან რთულ თამაშს ველოდები, რადგან რეალურად ამ ეტაპზე ჩვენთვის ნებისმიერი მეტოქე დასაფასებელია, რთულად დასამარცხებელია, თუმცა, ჩვენ გვაქვს მიზნები. ვეცდებით ორივე თამაშზე მაქსიმუმი მივიღოთ. რაც შეეხება ახალწვეულებს, მიუხედავად ასაკისა მათ დაიმსახურეს აქ ყოფნა. ისინი თამაშობენ ჩვენს ჩემპიონატში. არიან ლეგიონერებიც. დებიუტანტებისთვის ყოველთვის რთული და ემოციურია, თუმცა, არის ისეთი მომენტი, რომელიც ყოველთვის ემახსოვრებათ", - ამბობს რამაზ სვანაძე დღეს გამართული მატჩისწინა ბოლო ვარჯიშის შემდეგ.


„მე პირადად კარგად ვგრძნობ თავს, კლუბში, ბოლო თამაშები მომიწია ბევრი სათამაშო დროის მიღება. გუნდს რაც შეეხება მონდომებულები ვართ. პირველი დღიდან კარგად ვივარჯიშეთ და რაც მთავარია, ბრძოლაში ვართ. ჯგუფში ძალიან გვჭირდება მარტის ორი თამაშის მოგება. ეს ექვსი ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ორი თამაშ მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ", - ამბობს გაბრიელ სიგუა.


„ყველაფერი კარგად მიდის. მადლობელი ვარ, რომ მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრო. გუნდში იდეალური ატმოსფეროა, ყველა, ყველასთან კარგად არის. კარგი გარემოა და იმედი მაქვს, ამას სტადიონზეც გადავიტანთ," - ამბობს ანდრია ბართიშვილი.


საქართველოს 21-წლამდებს, მარტში კიდევ ერთი შეხვედრა ელით, კვლავ ქუთაისში და კვლავ „რამაზ შენგელიაზე", სვანაძის გუნდი მალტას 30 მარტს შეხვდება.