ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმი უახლოეს დღეებში შეიკრიბება
ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმი უახლოეს დღეებში შეიკრიბება
24.03.2026
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული  ნაკრების ირგვლივ ვითარება დაიძაბა. უფრო ზუსტად, გაჩნდა კითხვები ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის ფლეი-ოფში ორ რაუნდში ჩვენი ნაკრები ერთი ბურთის სხვაობით ისრაელთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:


„ძალიან გაბრაზებული ვარ. გუშინ, ჩვენი დღე არ იყო ყველამ ნახეთ და ვაღიარე კიდეც, მაგრამ დღეს იყო ჩვენი დღე. თუმცა, როგორც ევროპის ჩემპიონატზე არ მოგვცეს იმის საშუალება, რომ უფრო უკეთესად გვეთამაშა - აი, მსაჯებზე ვიტყვი, ვისაც უნდა სუბიექტურად ჩათვალოს, ვისაც უნდა ობიექტურად, ეს იყო ძალიან დაუმსახურებელი გამარჯვება იმათთვის, რა. ჩვენმა ბიჭებმა დაიმსახურეს გამარჯვება, მაგრამ არ მოგვცეს. რაღაც არის გასაკეთებელი, უფრო მეტი არის გასაკეთებელი, რომ დავლაგდეთ ამაზე, იმიტომ რომ ძალიან ცუდად გვიყურებენ, როგორც ქვეყანას", - აღნიშნა ტიტე კალანდაძემ. .


თელავში გამართული მატჩების შემდგომი კომენტარი და ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია, როგორც ჩანს მიუღებელი აღმოჩნდა ქართული სპორტის ზემდგომი ორგანოებისთვის. კალანდაძის კომენტარზე აზრი სამინისტროს წარმომადგენლებმაც გამოთქვეს:


„მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, მოთამაშეებს, რომლებმაც დღეს თავი არ დაზოგეს. მიუხედავად წინა მატჩისა, რომელიც შედარებით უფერულად ჩაატარეს. დღეს თავი არ დაზოგეს და თითქმის მაქსიმუმი გააკეთეს, რის გაკეთებაც შეიძლებოდა. ახლა, რაც შეეხება მსაჯებს, ამის კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, მაგრამ მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ ალბათ, მწვრთნელთა კოლექტივი, რომელიც ამდენი წელია მუშაობს, მათ ამოწურეს თავიანთი თავი და ჯობია, თავიანთ შეცდომებზე ილაპარაკონ, ვიდრე მსაჯების შეცდომებზე. მე რომ მკითხო, მაგალითად, ახლა უნდა მიდიოდნენ სახლში სულ ყველა,"- ამბობს ირაკლი მეძმარიაშვილი, სპორტის მინისტრის მოადგილე.


დღესვე, ცნობილი ხდება და ინფორმაციას ხელბურთის ფედერაციის სოციალური ქსელი ავრცელებს, რომ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმი უახლოეს დღეებში შეიკრიბება და „ცივ გონებაზე შეაფასებს დამდგარ შედეგს და ეროვნული ნაკრების მომავალი განვითარებისა და წარმატებისთვის საჭირო გზებს დასახავს.


ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა საამაყო ქართველმა ხელბურთელებმა კვლავ გაახარონ არაერთი წარმატებით ქართველი ხალხი" - ნათქვამია ფედერაციის ცნობაში.


ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას და შეძლებისდაგვარად, განვაახლებთ ინფორმაციას.