
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის თვეში დაგეგმილი ამხანაგური თამაშებისთვის შეიკრიბა. თუმცა, დილა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლისა და ალექსანდრე იაშვილის ქართულ მედიასთან შეხვედრით დაიწყო. თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზი თითქმის სავსე იყო, თუმცა, რატომღაც კითხვები მოახლოებული თამაშებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელებზე ნაკლებად დაისვა. მედიას აინტერესებდა გიორგიო ქოჩორაშვილის მომავალი, თუმცა, ვინ ჩაანაცვლებს გურამ კაშიას, რომელიც საგანგებოდ, სათქმელად, რომ ამ ფანჯარაში ვერ დაეხმარებოდა ჩვენს ნაკრებს, სლოვაკეთიდან თამაშის შემდეგ, ეგრევე გადმოფრინდა, არავინ დაინტერესებულა. არადა, ფაქტია, რომ ჩვენი ნაკრების „ტრადიცია" არ ირღვევა და შეკრების დაწყებამდე, გუნდში ცვლილებაა. თუმცა, ერთა ლიგის ახალ შესარჩევ ციკლთან დაკავშირებით, დღეს ვილის კიდევ ერთხელ ჰკითხეს:
„ვცდილობ ყოველთვის ვიპოვო სწორი ბალანსი, ფლანგებსა და შეტევის ხაზს შორის. წინა შესარჩევი ციკლი არ იყო დამაკმაყოფილებელი. შეგვეძლო უკეთ თამაში. სექტემბრ-ნოემბრის თამაშებში უნდა ვიყოთ უკეთესი. ზოგჯერ არის სირთულე თავად გადაწყვეტილების პოვნაში. ახლა გვექნება ოთხი თამაში და გვექნება გამოცდის საშუალება, როგორც მოთამაშეების ასევე ტაქტიკური მონახაზის გამოსაცდელად. ამიტომ ვეცდებით ვიპოვოთ საუკეთესო ბალანსი. შევხედავ გუნდურად რას აკეთებენ ნოემბრის შემდეგ. უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, ვეცადოთ ამის გაკეთება პოზიტიურ დინამიკაში.
რა იქნება მომავალში, ამაზე სექტემბერში ვილაპარაკებთ. ახლა გვაქვს ოთხი თამაში და ვეცდებით ჩვენი გუნდი იყოს ძლიერი. რა თქმა უნდა, ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ამბიციით ველოდებით. თუ ფეხბურთს თამაშობ, იწყებ ახალ ციკლს, ყოველთვის გინდა მოგება. თუმცა, არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებთ და A ლიგაში გადავალთ, მაგრამ ჩვენი მიზანი თავიდანვე იქნება პირველი ადგილის დაკავება - ეს ბუნებრივია ნებისმიერი ტურნირისთვის. თუმცა ვიცით, რომ უნგრეთთან, ირლანდიასთან და უკრაინასთან ძალიან რთული ჯგუფი იქნება. ამიტომაც ეს ოთხი მატჩი მარტსა და ივნისში ძალიან მნიშვნელოვანია რათა მივიღოთ პასუხები ჩვენს კითხვებზე და მაქსიმალურად გავზარდოთ მოთამაშეების თავდაჯერება. ამაში კი, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ამხანაგური თამაშები დაგვეხმარება.
ქოჩორას მდგომარეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მას აქვს მუხლის პრობლემა. რომელიც უკვე დიდი ხანია პერმანენტულად ახსენებს თავს. ვფიქრობ, რომ ის, გუნდს უახლოეს პერიოდში შემოუერთდება და ივნისში ვიხილავთ. რაც შეეხება კაპიტანს, „კაშოს" განცხადების შემდგე, დღეს არ ვიცი, ვინ იქნება, ამაზე გუნდთან ერთდ უნდა ვილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ. რა თქმა უნდა თამაშამდე ამას გაიგებთ", - ამბობს სანიოლი, რომელიც პრეს-კონფერენციიდან პირდაპირ გუნდის შეკრებაზე გაემართა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, თუკი, გადაწყვეტს, გურამ კაშია მარტის შეკრებაზე, რომელიმე ფეხბურთელით ჩაანაცვლოს, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
სფფ-ის ფოტო





ჩვენ








