
ამ წუთებში თბილისში, „ჰოლიდეი ინნ"-ში ჯუდოში, IJF-ის მსოფლიო ტურნეს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ეტაპის წილისყრა მიმდინარეობს. თბილისის გრან სლემში ხვალიდან 22 მარტის ჩათვლით, 51 ქვეყნის 386 ჯუდოკა მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის დაწყებამდე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ხსოვნას და სრულად საქართველოს მიუსამძიმრეს:
„ძვირფასო ჯუდოს ოჯახო, მოგესალმებით თბილისის 2026 წლის გრან სლემის წილისყრაზე.
ვიდრე წილისყრის პროცედურას შევუდგებით, გვინდა დიდი სინანულით გაუწყოთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების ამბავი. სამძიმარს ვუცხადებთ ყველა მორწმუნესა და სრულიად საქართველოს.
ახლა კი, მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას", - აღნიშნეს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ტელევიზიის კომენტატორმა შელდონ ფრანკო-რუქსმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო თბილისის გრან სლემზე 42 ჯუდოკათი იქნება წარმოდგენილი, რომელთა შორის 28 ბიჭი და 14 გოგონა (დაწვრილებით იხილეთ ბმული) იქნება. აღსანიშნავია, რომ ქართული გუნდი საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობითა და სახეებით წარსდგება თბილისურ გრან სლემზე, რომელსაც „თბილისი არენა" უმასპინძლებს.
ხვალ, ტურნირის პირველ დღეს მედლების 5 კომპლექტი გათამაშდება, მათ შორის კაცებში -60 კგ, -66 კგ და ქალებში -48 კგ, -52 კგ, -57 კგ წონით კატეგორიებში. წინასწარი შეხვედრები დილის 10:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი, 17:00 საათიდან.





ჩვენ








