
დღეს დაგეგმილი ქალთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გლოვის დღესთან დაკავშირებით გადადებულია. განცხადებას სფფ-ის ქალთა ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ტურში დაგეგმილი თამაშების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამ ეტაპზე უცნობია, გადაიდება თუ არა ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის თამაშები, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალების გამო, ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვასთან დაკავშირებით გადადებულია ლიგა 3-ის თამაშებიც, რომელიც 19 მარტს იყო ჩანიშნული.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემდეგი შინაარსის განცხადება გამოქვეყნა:
„კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალება მძიმე ტკივილი, დიდი მწუხარება და განუზომელი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის.
ვუთანაგრძნობთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და სრულიად საქართველოს. მის სახით ერმა დაკარგა ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში სულიერ გზამკვლევად და ერთიანობის საყრდენად გვევლინებოდა.
მისი მოღვაწეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ეროვნული ფასეულობების დაცვასა და საზოგადოების გაძლიერებაში, ხოლო მისი სიტყვა და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ბევრისთვის რჩება ცხოვრების მაგალითად.
ვიზიარებთ საერთო ტკივილს და ვუსამძიმრებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს," - ნათქვამია განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ჩვენ








