
ოთხი გოლი გაზაფხულის პირველ დღეს, ერთი ჩვენი, ქართული დროით და ერთიც უკვე საერთაშორისოდ დამდგარ 1 მარტს. თუმცა, მოდით თანმიმდევრობით...
ახალ გუნდში გაიტანა გიორგი გულიაშვილმა, თან ორჯერ (19', 42') და ამ გოლებს შორის საგოლე გადაცემაც (34') მიითვალა. ესპანური ლა ლიგა 2-ის გასვლით შეხვედრაში „რასინგ სანტანდერმა" 1-3 დაამარცხა „კასტელონი". სტუმრებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს და ზოგადად, მეტოქეც აშკარად დაჯაბნეს, რამაც მასპინძლები ისე აღაშფოთა, რომ 79-ე წუთზე გაქვითული ერთი გოლის მიუხედავად, არჩევანი კონფლიქტზე გააკეთეს და საბოლოოდ, ორი წითელით აქედან ერთი სათადარიგოთა სკამზე, დაისაჯნენ. რაც შეეხება ქართველის გუნდს, უშუალო მეტოქესთან, გასვლაზე აღებული ქულების წყალობით, „რასინგმა" „კასტელონისთან" უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა და ახლა, 53 ქულით ლა ლიგა 2-ის ცხრილს, უფრო დამშვიდებული ლიდერობს.
კიდევ ერთი დუბლი, ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა. ტრავმის შემდეგ გრაცის „შტურმის" რიგებში დაბრუნებულმა ქართველმა გასვლით შეხვედრაში „ვოლფსბერგერს" გაუტანა. 21-ე ტურის მატჩში, ქართველი სათადარიგო შემთხვევაში იყო. მისი გუნდი კი, 51 წუთის შემდეგ 2-0-ს აგებდა. ქართველი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა, როცა „შტურმი" უკვე რიცხობრივ უპირატესობაში იყო, 68-ე წუთზე კი, პენალტია გაიტანა მარცხენა ქვედა კუთხეში. 73-ე წუთზე „კიტემ" კიდევ ერთი პენალტი დაარტყა თუმცა, იმავე კუთხეში და მეკარემ მოიგერია, მიუხედავად ამისა, ქართველმა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და ანგარიში გაათანაბრა, 2-2. კიტეიშვილის, მსაჯის მიერ თამაშისთვის დამატებულ დროში ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა, ამჯერად სტანდარტი გააცუდა. აქვე გეტყვით, რომ მცირე ტრავმის გამო, დღევანდელი შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა გიზი მამაგეიშვილი. რაც შეეხება „შტურმს", მას 55 ქულა აქვს და 2 ქულით ჩამორჩება გათამაშების ლიდერ „ზალცბურგს".
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში გიორგი გოჩოლეშვილის „ჰამბურგი" საშინაო შეხვედრაში 1-2 დამარცხდა „ლაიფციგთან". მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში „ჰამბურგმა" გახსნა, სტუმრებმა პირველ ტაიმში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე კი, მეორე გაიტანეს. შემდეგ პენალტიც გააფუჭეს, თუმცა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს. ამ ტურის შემდეგ, „ჰამბურგს" 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. რაც შეეხება „გოჩოლას, თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ქართველი სათადარიგო სკამზე დარჩა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში დღეს, ლუკა ლოჩოშვილის გუნდმა ითამაშა და წააგო. „ჰერტასთან" გასვლით შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა, „ნიურნბერგმა" პირველ ტაიმში გათანაბრება მოახერხა. თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდებოდა, რომ არა, 88-ე წუთზე „ჰერტას" გადამწყვეტი გოლი, რომლის შემდეგაც, მასპინძლებმა 2-1 მოიგეს. „ლოჩომ" შეუცვლელად ითამაშა. „ნიურნბერგმა" კი, ქულები დაკარგა. 24 ტურის შემდეგ, ქართველის გუნდს, 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში, მე-9 ადგილზეა.
სამი „მუშკეტერი" (გიორგი წიტაიშვილი ძირითადიდან, გიორგი აბუაშვილი 46', გიორგი ქვილითაია 59') მოედანზე იყო, „დ'არტანიანი" (გიორგი მიქაუტაძე) ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, თუმცა მეტობაში მყოფი ქართველების „მეცი", საშინაო შეხვედრაში „ბრესტთან" 0-1 დამარცხდა. რეალურად, სტუმრებმა ამ გოლის მომენტში პირველად დაარტყეს, რაც შეეხება „მეცს" აქ, შანსები შეცვლაზე შემოსულ აბუაშვილსაც ჰქონდა და ქვილითაიასაც, თუმცა... „მეცმა", მაშინ როცა სატურნირო ცხრილში მასზე წინ გუნდებს „ფეხი დაუცდათ", კარგი ქულების შესამცირებლად, კარგი შანსი გაუშვეს ხელიდან და ცხრილში, კვლავ ბოლო ადგილზე არიან.
1-2 წააგო, შვეიცარიის სუპერ ლიგის 27-ე ტურში გაბრიელ სიგუას „ლოზანამაც", რომელმაც ამ დღეს „ბაზელს" უმასპინძლა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 63-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში საყაიმო იყო, 1-1. მისი გასვლიდან 5 წუთში კი, „ბაზელმა" გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ ტურის შემდეგ, ცხრილში 64 ქულით „თუნი" ლიდერობს, „ლოზანა" კი 30 ქულით, მე-9 ადგილზე და გასავარდნი ჯგუფის ზონაშია.
ხორვატიის ჩემპიონატის 24-ე ტურში „რიეკამ", 2-0 დაამარცხა ზაგრების „ლოკომოტივი". თორნიკე მორჩილაძის გუნდი მე-13 წუთზე დაწინაურდა. თუმცა, მანამდე VAR-მა „რიეკას" კარში გატანილი გოლი არ ჩათვალა. ქართველმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 78-ე წუთზე მას შემდეგ შეცვალეს, რაც ყვითელი ბარათი მიიღო. შეგახსენებთ, რომ „მორჩლამ", უეფა-ს კონფერენს ლიგის ფლეი-აუთში, სადებიუტო შეხვედრაში დროის მოკლე მონაკვეთში ორი ყვითელი მიიღო და ამ მიზეზით, საპასუხო შეხვედრა გამოტოვა. შესაბამისად ახლაც, მასპინძელი გუნდი, რომ უმცირესობაში არ დაჩენილიყო, ქართველი მალევე შეცვალეს. მისმა გუნდმა კი, საბოლოოდ გაიმარჯვა და ახლა, სატურნირო ცხრილში, 35 ქულით მე-3 ადგილზეა
იტალიის სერია B-ში ფრედ, 2-2 ითამაშა გასვლითი შეხვედრა „კატანძაროსთან" გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ". ახალგაზრდა ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, 55-ე წუთზე შეცვალეს. მის გუნდს კი, 2-0-დან თამაშში დაბრუნება და ქულის გადარჩენა მოუხდა. 27 ტურის შემდეგ, „ფროზინინეს" 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში, 3 ქულით ჩამორჩება „მონცასა" და „ვენეციას", რომლებიც ამ ეტაპზე სერია A-ში ასასვლელ პოზიციებს, პირველ და მეორე ადგილებს იყოფენ.
ნიდერლანუდრ ერედივიზიონში, ირაკლი იეღონიანის „ექსელსიორი" - „გ.ა. იგლზთან" საშინაო შეხვედრაში 0-1 დამარცხდა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და გუნდშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საერთო ჯამში ირაკლი, კარის მიმართულებით სამჯერაც დაარყა, თუმცა, ვერც მან და ვერც მისმა გუნდმა გოლი ვერ გაიტანა. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების წევრი 90 წუთზე შეცვალეს. 15 ტურის შემდეგ, „ექსელსიორი" 26 ქულით ბოლოდან მე-4, მე-15 ადგილზეა.
დღეს ეს იყოს, დანარჩენი მივყვეთ მოვლენებს.





ჩვენ








