ტატა მატვეევა - ეროვნული ნაკრების რიგითი ჯარისკაცი
ტატა მატვეევა - ეროვნული ნაკრების რიგითი ჯარისკაცი
28.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ჩრდ. მაკედონიაში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის B2 ჯგუფში ასპარეზობს. ამ ეტაპზე, გუნდთან ერთად ვერ იმყოფება აღნიშნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ქართული ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი ვეტერანი და არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი ლეგენდა ტატა მატვეევა, რომელიც ეროვნულ ნაკრებს დასჭირდა და ისიც, ირის ანტმანის გაწვრთნილ ეროვნულ ნაკრებში რიგითი „ჯარისკაცის" მოვალეობას ასრულებს და ჩვენთან ლაპარაკში ამ გადაწყვეტილებას ასე ხსნის:


„რა თქმა უნდა გუნდთან ერთად ჩემი არყოფნა ძლიან ცუდია და ჩემი გული და სული მათთან იყო. ეროვნულ ნაკრებს დავჭირდი (სარედაქციო - ეროვნულ ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის 4 ფეხბურთელი აკლია) და გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ეროვნული ნაკრებისთვის ვარ თავგადადებული. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ ამ სეზონის ბოლოს დავასრულო ჩემი სანაკრებო კარიერა, ამიტომ ძალიან მინდოდა, ამ შესარჩევი ციკლის თამაშები, ბერძნებისა და ფარერების წინააღმდეგ მეთამაშა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ეროვნულისა და უ17-ის თამაშები დაემთხვა. დაემთხვა ეს ერთი შეკრება, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი ბოლო სანაკრებო ნაბიჯები გადამედგა და ეროვნული ნაკრების თამაშებში მიმეღო მონაწილეობა. მეთამაშა ეროვნული ნაკრებში, ჩემი ქვეყნის დროშის ქვეშ, კიდევ ერთხელ გავსულიყავი და მეთამაშა.


ამ სიტუაციაში გვერდით დამიდგნენ ფედერაციაშიც. ფეხბურთს, როგორც მოთამაშე, ყოველთვის ვერ ითამაშებ. ამიტომ, რადგან ეს ჩემი ბოლო ნაბიჯებია, გადავწყვიტე ეს ციკლი ბოლომდე ეროვნულ ნაკრებში ვყოფილიყავი.


თუმცა, მომავალში რა თქმა უნდა ვიქნები უ17-თან ერთად, შემართებით, პოზიტივით და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ჩემი გამოცდილება ამ გუნდს გადავცე. ასე, რომ უ17, მწვრთნელის გარეშე არ წასულა. გუნდთან ერთად არიან საკმაოდ გამოცდილი ადამიანები, პროფესიონალი მწვრთნელები, რომლებმაც ჩაიბარეს ამ ეტაპზე გუნდი და დაკისრებულ მისიას, კარგადაც ართმევენ თავს", - ამბობს TSFF.Ge-სთან ლაპარაკში ტატა მატვეევა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 3 მარტს, კრეტაზე, ქალთა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ ციკლს, საბერძნეთის ქალთა ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებს.