
თვის ბოლოს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს თამაშს. ჩვენი ნაკრები, C დივიზიონის მე-4 ჯგუფში ასპარეზობს და ალბათ, ირის ანტმანის გოგოებისთვის მთავარი, ამ შესარჩევ ციკლში დივიზიონით დაწინაურება იქნება.
საკვალიფიკაციო ეტაპზე კი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები სამ გუნდიან ჯგუფში საბერძნეთთან და ფარერის კუნძულებთან ერთად მოხვდა. წარმატების შემთხვევაში, შანსი ექნებათ, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად გააგრძელონ გზა.
მოგეხსენებათ, ქალთა საკვალიფიკაციო ეტაპი ერთა ლიგის ფორმატის მსგავსად ტარდება, შესაბამისად, გუნდები სამ A, B და C დივიზიონებში არიან გადანაწილებულნი. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას A ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებული ავტომატურად მიიღებს. მომდევნო ეტაპზე კი, 32 გუნდს მიეცემა დარჩენილი 7 საგზურისთვის ბრძოლის საშუალება, სულ 32 ნაკრებს. მათ შორის 12-ს A დივიზიონიდან, კიდევ 12-ს B დივიზიონის პირველ სამ ადგილზე გასულ ნაკრებს და C დივიზიონის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულსა და ორ საუკეთესო შედეგის მქონე მეორე ადგილოსანს. საბოლოდ კი, ბრაზილიაში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპის კონფედერაციიდან, ამ წესით მიიღებს 11 ნაკრები. ოთხი, საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის A დივიზიონის გამარჯვებული და კიდევ 7 ევროპული 32-გუნდიანი ფლეი ოფიდან. თუმცა, კიდევ ერთ ევროპულ ნაკრებს რჩება შანსი მოხვდეს ბრაზილიაში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ამისთვის მათ, 2027 წლის თებერვალში Concacaf-ისა და CONMEBOL-ის ორ-ორ საუკეთესო გუნდთან, ვინც საკვალიფიკაციო გზით ვერ მოახერხეს საგზურის მოპოვება მოუწევთ, დამატებითი ფლეი-ოფის თამაში.
აი, ამ გრძელი გზისთვის ემზადება საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებიც სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" და 3 მარტს, პირველ შეხვედრას საბერძნეთის ქალთა ნაკრების წინააღმდეგ.
„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მოვამზადოთ ფეხბურთელები, რათა ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს კარგ ფორმაში შეხვდნენ. ვიმუშავეთ როგორც ფიზიკურ, ისე ტაქტიკურ კომპონენტებზე. ვიცით, რომ საბერძნეთთან შეხვედრაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ტაქტიკური დისციპლინის დაცვას. საბერძნეთის ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელიც საზღვარგარეთ მოთამაშე გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ეს დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, თუმცა წარმატებას ერთხელ უკვე მივაღწიეთ და ამის გაკეთება კიდევ ერთხელ შეგვიძლია.
მზადება იანვარში დავიწყეთ და ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა ამ შეკრების ორგანიზებისთვის. გუნდების უმრავლესობამ ვარჯიში თებერვალში განაახლა, ამიტომ, ნაკრების ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მზადების ადრე დაწყება", - ამბობს ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სფფ-ის სანაკრებო გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ქალთა ნაკრებს, გაფართოებული შემადგენლობით, პირველი შეკრება იანვარში ჰქონდა. ამ ჯერზე კი, პირველი თამაშისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის არიან - მეკარეები: თათია გაბუნია („ნიკე-ლუსო", თბილისი), სვეტლანა გაბელაია („ლანჩხუთი"), ეკა თაბაგარი („კოლხეთი", ხობი); მცველები: თამარ ტატუაშვილი („მაკაბი ხოლონი", ისრაელი), ნატა კვირკვაია („ვერე", თბილისი), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი"), გვანცა ქადაგიშვილი („ნიკე-ლუსო", თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი"), ნინო გუჯაბიძე („ლანჩხუთი"), მარიამ კალანდაძე („პანათინაიკოსი", საბერძნეთი), ნათია წოწერია („ბათუმი"); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი („ლანჩხუთი"), ნათია დანელია („ლანჩხუთი"), ტატა მატვეევა („ლანჩხუთი"), კესო მეტონიძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), თინათინ ამბალია („სპარტა პრაღა", ჩეხეთი), მაიკო ბებია („იუქსექოვასფორი", თურქეთი), ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო", თბილისი), ლიზი მწყერაშვილი („ლანჩხუთი"), ნათია ჯოჯუა („დინამო", სოხუმი), ნინი ბუხრიკიძე („ლანჩხუთი"), ეთერ სულაშვილი („ლანჩხუთი") და ანანო წიქარიძე.
სხვათა შორის, ამ დრომდე წიქარიძე ოფიციალურად არც ერთ გუნდში არ ირიცხება, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, რომელიც სოცმედიით გავრცელდა, დიდი ალბათობით, კარიერას იტალიურ „რომაში" გააგრძელებს - ყველაფერი მარტის შუა რიცხვებში გაირკვევა და თემას, ჩვენი გვერდიც, მაშინ დაუბრუნდება.
მანამდე კი, ირის ანტმანის საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებში ერთი იძულებითი ცვლილებაა, ტრავმირებულ ანა აკობიძეს, რომელიც მოქმედი ჩემპიონის „ნიკე ლუსოს" ღირსებას იცავს, სწორედ, ზემოთხსენებული ანანო წიქარიძე ჩაანაცვლებს. სხვათა შორის, ანანომ, თებერვლის დასაწყისში, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა შემადგენლობაში, აზერბაიჯანელ თანატოლებთან ორ ამხანაგურ სპარინგში 3-3 გოლი გაიტანა და „ასისტებიც" მიიწერა.
ეროვნული ნაკრების ბოლო ამხანაგური შეკრებიდან, ანტმანის გუნდში კიდევ ერთი იძულებითი ცვლილებაა, ქალთა ნაკრების კაპიტანი ანა ჩემინავა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ეროვნულს დაუბრუნდა, ამჯერად მხრის ტრავმის გამო გააცდენს ამ შეკრებას და შესაბამისად, თამაშსაც, თუმცა, მეორე ჯგუფური თამაშისთვის, რომელიც აპრილშია დაგეგმილი, ჩემინავა, იმედს იტოვებს, რომ ჩვეულ ფორმაში იქნება.
„საკმაოდ კარგი გუნდი ვართ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაგვემატა და ამ მოთამაშეებში, ძალიან დიდი პოტენციალი იგრძნობა. ჩვენ მაქსიმუმს ვეცდებით გავაკეთოთ, როგორც მომავალ შეხვედრაში ასევე ჯგუფის ყველა თამაშში დადებითი შედეგის მისაღწევად. ჩავატარეთ ამხანაგური შეხვედრებიც, რომელიც ძალიან ნაყოფიერი იყო. ვფიქრობ, ეს ორი შეკრებაც აუცილებელი იყო, რადგან უფრო მეტად შეთამაშდა გუნდი, რაც მხოლოდ და მხოლოდ, პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენზე. ასე, რომ ვცილობთ, მაქსიმალურად კარგი განწყობით გავიდეთ და საბერძნეთთან, შედეგიანად ვითამაშოთ", - ამბობს თამარ ტატუაშვილი, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C4 ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრას, ჩვენი ნაკრები ათენიდან საკმაოდ შორს, კუნძულ კრეტაზე, ჰერაკლიონში საბერძნეთის წინააღმდეგ 3 მარტს გაიმართავს.





ჩვენ








