„აპოლოს“ მომდევნო ეტაპზე გასვლა სხვა გუნდებზეა დამოკიდებული
„აპოლოს“ მომდევნო ეტაპზე გასვლა სხვა გუნდებზეა დამოკიდებული
22.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალბურთში, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „აპოლომ" კონფერენს ქაფის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა და ახლა, ხვალინდელი დღის დასრულებას ელოდება, რათა გაარკვიოს, აგრძელებს თუ არა ასპარეზობას გათამაშების მომდევნო ეტაპზე. საქმე ისაა, რომ ქართული გუნდის კალენდარი იმდენად უცნაურად იყო შედგენილი, რომ ჩვენებს, C ჯგუფში ასპარეზობის დასრულება ყველაზე ადრე მოუხდათ.


ჩვენი გვერდის მკითხველმა იცის, რომ დღეს, „აპოლომ" ორი შეხვედრა ჩაატარა (იხილეთ სტატია), შესაბამისად, ჯგუფური ეტაპის მასპინძელ „მონპელიესთან" ჩატარებული ეს მატჩი იყო მეორე და ჩვენი გუნდიც უმძიმესი სამი შეხვედრის შემდეგ, მართალია, ჯგუფის აუტსაიდერთან, თუმცა, მაინც მობილიზებული თამაშობდა. „აპოლომ" პირველ ორ პერიოდში (3-5, 3-6) მარტივად მოახერხა ის კომფორტული სხვაობის მოპოვება, 6-11 იყო ანგარიში პირველი ტაიმის შემდეგ, რამაც მომდევნო ტაიმში ზედმეტი დაძაბვის გარეშე თამაშის საშუალება მისცა. თუმცა, ფრანგებმა მესამე პერიოდში სცადეს თამაშში დაბრუნება და ერთადერთი მეოთხედიც სწორედ, მესამე იყო, სადაც მათ ოთხი ბურთი გაგვიტანეს და მონაკვეთი ფრედ, 4-4 დაასრულეს. თუმცა, ბოლო მონაკვეთში „აპოლომ" მოახერხა კვლავ ანგარიშის გაზრდა და საბოლოო, მონაკვეთი 3-5, თამაში კი, 7 ბურთის სხვაობით, 13-20 (იხილეთ მატჩის ტექნიკური ჩანაწერი).


ამ შეხვედრაში „აპოლოს" რიგებიდან გოლები გაიტანეს: დმიტრი ალქესეები (5), ხვიჩა ჯახაია (3), დენეშ ვარგა (3), სრდან ვუკსანოვიჩი (2), ნინო მუდრაჟია (2), ანდრია ბითაძე (1), დრაგოლიუბ როგაჩი (1), მაქსიმ მალიშაუ (1), საბა მაჭავარიანი (1), მილოშ ვუკუჩევიჩი (1).


ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, „აპოლოს" 7 ქულა აქვს და ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.


ორი თამაში ჰქონდა დღეს „დინამო თბილისსაც". პირველი შეხვედრა „ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ, ქართული გუნდისთვის საკმაოდ მძიმე გამოვიდა და საბოლოოდ სერბების გამარჯვებით, 11-9 დასრულდა. როგორც ჩანს დინამოელებმა ვერ მოახერხეს ძალების სათანადოდ აღდგენა და დღის ბოლოს, მეორე შეხვედრაც წააგეს 9-17 (იხილეთ მატჩის ტექნიკური ჩანაწერი), ამჯერად, ესპანურ „მატაროსთან". ამ თამაშში გადამწყვეტი მეორე მეოთხედი გამოდგა, რომელიც მძიმე პირველი პერიოდის, შემდეგ (ესპანელებმა 1-2 მოიგეს), „მატაროსმა" 5 ბურთით, 1-6 მოიგო. რეალურად, პირველი ტაიმის შემდეგ, 6 ბურთიანი სხვაობა (2-8) კი, ქართულ გუნდს დიდ იმედს აღარ აძლევდა. თუმცა, მესამე პერიოდში, დინამოელებმა იბრძოლეს და 5-4 მოიგეს. შეხვედრის ამ მონაკვეთში ანგარიშიც თბილისელებმა გახსნეს და ძირითადად ლიდერობდნენ კიდეც, თუმცა, მოწინააღმდეგე, მათ „კუდზე" აჯდა და ქართულ კლუბს მეტი მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. ბოლო პერიოდის წინ, ანგარიში 7-12 იყო. ბოლო მონაკვეთი 2-5 დასრულდა.


ამ შეხვედრაში, „დინამო თბილისის" რიგებიდან გოლები გაიტანეს: ნიკოლა ბუჩანი (4), რევაზ იმნაიშვილი (2), დემეტრე თოდუა (2) და დრაგან დრასკოვიჩი (1).


მიუხედავად იმისა, რომ „დინამო თბილისს" D ჯგუფში დარჩა კიდევ ერთი შეხვედრა გასამართი, რომელსაც ხვალ, ფრანგულ „სეტეს" წინააღმდეგ გამართავს, ქართულ კლუბს, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი რეალურად დაკარგული აქვს.


ფოტო: "აპოლო" / თამუნა ყულუმბეგაშვილი