
ქართული სპორტის კიდევ ერთი ისტორიის გვერდი დაიწერა. მილანში, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ვერცხლის მედლები მოიგეს. ეს არის პირველი ქართული ოლიმპიური მედალი, რომელიც ჩვენ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ზამთრის სახეობებში მოვიგეთ.
ბუნებრივია, ის გარემოება, რომ ნასტიამ და ლუკამ რამდენიმე კვირის წინ, ევროპის ჩემპიონატი მოიგეს და სენიორებს შორის, ასევე პირველად საქართველოს, კონტინენტის მთავარი ტიტული მოუტანეს, გვაძლევდა იმის ფიქრის საბაბს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მედალი გვექნებოდა. ამაში, წყვილის სტაბილურობაც გვიმყარებდა ფიქრის საფუძველს, თუმცა, ოლიმპიური თამაშების ფსიქოლოგიურ ფაქტორს, ბევრი რამის შეცვლა შეეძლო. ამიტომ ლუკასა და ნასტია გულშემატკივრები, ხეზე სამჯერ ვაკაკუნებდით და ჩვენებს წარმატებას ვუსურვებდით.
ოლიმპიური თამაშების წნეხზე, თუნდაც, ის გარემოებაც მეტყველებს, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები, იაპონელები, რიკუ მიურო და რიუიჩი კიჰარა, მხოლოდ მე-5 პოზიციაზე აღმოჩნდნენ. ჩვენებმა კი, ერთი შეცდომის გამო, მოკლე პროგრამის შემდეგ 4.9 ქულით წინ, გერმანელები მინერვა ფაბიან ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინის წყვილი გაუშვეს.
თუმცა, თავისუფალ პროგრამაში, სადაც გერმანელები ყველაზე ბოლოს გამოდიოდნენ ყინულზე და რეალურად, 15-ვე მონაწილის შედეგი იცოდნენ, შეეძლოთ ოქროსთვისაც ებრძოლათ. ეს კი, ჩვენი წყვილის უშუალო კონკურენტებზე წნეხს ზრდიდა. ამას გარდა, გერმანელების პროგრამა, ქართული წყვილის პროგრამასთან შედარებით სუსტი იყო და შესაბამისად, ჩვენმა მეტოქეებმა, მშვენივრად იცოდნენ, რომ იდეალურად შესრულების გარეშე, ლუკასა და ნასტიასთვის, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გარანტირებული მედალი, გადასწრებას ვერ მოახერხებდნენ. ჩვენთვის საბედნიეროდ, გერმანელებმა უფრო მეტი შეცდომა დაუშვეს (მოკლე პროგრამიდან განსხვავებით სადაც უშეცდომოთ გამოვიდნენ ერთი დღით ადრე), ვიდრე ჩვენ და თავისუფალ პროგრამაში 7.21 ქულით ჩამორჩნენ ნასტიას და ლუკას, რომლებმაც, ორი პროგრამის ჯამში მხოლოდ, 2.66 ქულით გადაასწრეს გერმანელებს.
ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით იმ გარემოებას, რომ ორივე პროგრამაში, ჩვენებს შეცდომები ჰქონდათ, რომლებიც უფრო დაძაბულობას და ნერვებს უკავშირდება, ვიდრე მათ კვალიფიკაციას და ვინ იცის, რომ არ ისინი, შესაძლოა ოქროზეც გაგვეწია. თუკი, რა თქმა უნდა იაპონელები მოკლე პროგრამის მსგავსად, თავისუფალშიც შეცდებოდნენ. თუმცა, იაპონელები მხოლოდ ოქროზე იყვნენ შემართული. აი, ნასტიამ და ლუკამ კი, იმოქმედეს ადეკვატურად და მაქსიმალურად შეეცადნენ კონკრეტულ მოცემულობაში რეალური შედეგისთვის ებრძოლათ - ეს მათ გამოუვიდათ. სხვათა შორის, თავისუფალ პროგრამაში 146.29 (76.28/70.01) ქულა დაიმსახურეს, რაც ქართული წყვილის სეზონის საუკეთესო შედეგთან, რომელიც 2025 წელს თბილისში, თრიალეთის თასზე დააფიქსირეს (148.07) საკმაოდ ახლოს იყო. ანალოგიურად, მეტელკინასა და ბერულავას ოლიმპიური ჯამური ქულაც - 221.75, ქართული წყვილის საუკეთესო ჯამურ ქულასთან 225.20 ახლოს იყო. ეს კი, წყვილის სტაბილურობაზე მეტყველებს.
ოლიმპირი ჩემპიონები რიკუ მიურო და რიუიჩი კიჰარა გახდნენ. ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონები არიან. ბრინჯაოს მედლები კი, მინერვა ფაბიან ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინის ერგოთ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ ყინულზე ქალი მოციგურავეები მედლების ბოლო კომპლექტისთვის დაიწყებენ ბრძოლას.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი / სსეო





ჩვენ








