ლუკა ბუჩუკურმა გიგანტურ სლალომში ასპარეზობა 56-ე ადგილზე დაასრულა
ლუკა ბუჩუკურმა გიგანტურ სლალომში ასპარეზობა 56-ე ადგილზე დაასრულა
14.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ზამთრის 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ქართველმა სამთო მოთხილამურეებმა დაიწყეს. ჩვენი ორი წარმომადგენლიდან სტარტზე პირველი ლუკა ბუჩუკური გამოვიდა.  გიგანტურ სლალომში, 81 მონაწილეს შორის, სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სტარტი 69-ე ნომრით აიღო და 61-ე ადგილით დაასრულა დაშვება. ლუკამ დისტანცია 1:28.21 წუთში დაფარა, რაც დაშვების ლიდერის, ნორვეგიაში დაბადებული ბრაზილიელი ლუკას პინეირო ბრაატენის დროს +14.29-ით ჩამორჩა.


მცირე შესვენების შემდეგ, მეორე ცდის დაწყებამდე, მთაში ნისლი შევიდა, განსაკუთრებით ტრასის სასტარტო მონაკვეთში და გათოვდა. ბუნებრივია, ეს გარემოება განსაკუთრებით, ბოლო მოასპარეზეებს გაურთულებდა მდგომარეობას. მით უმეტეს, რომ ვიდრე ქართველი აიღებდა სტარტს, კორტინაში კაცთა შორის გიგანტური სლალომის გამარჯვებული ვინაობა უკვე ცნობილი იყო. ოლიმპიური ჩემპიონი, სწორედ, ჩვენს მიერ ნახსენები ბრაზილიელი გახდა 2:25.00 დრით (იხილეთ სრული შედეგები).


უამინდობაში მედლებისთვის მებრძოლი, საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილის შემდეგ, რომელთაგან სამმა ვერ დაასრულა ტრასა, ჯერი დარჩენილ 43 სპორტსმენზე მიდგა, რომელთა შორის იყო ლუკა ბუჩუკურიც. ჩვენი გუნდის წარმომადგენელმა გიგანტურ სლალომში, ორი პროგრამის ჯამში 2:48.78 (+23.78) ნაჩვენები დროით, 56-ე ადგილი დაიკავა.


ლუკას მომდევნო სტარტი სლალომში აქვს, შეჯიბრი 16 თებერვალს გაიმართება. მანამდე ხვალ, გიგანტურ სლალომში ძალებს ნინო წიკლაური სცდის, რომლისთვისაც მიმდინარე ოლიმპიური თამაშები, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რიგით მეხუთე და ცალსახად, რეკორდულია.


ბუნებრივია, ზამთრის სახეობებს და კონკრეტულად სამთო თხილამურებს ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით, თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მილანი-კორტინას თამაშები დასრულდება.