
იმისდა მიუხედავად, რომ მოკლე პროგრამის პირველი მოძრაობისას ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ ნიკა ეგაძემ გაიღიმა, სპორტსმენს აშკარად ემჩნეოდა, რომ ის ღელვა, რომელმაც ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას, ლაპარაკია გუნდურ შეჯიბრზე, მის გამოსვლებს დაღი დაასვა, ჯერ კიდევ არ არის განელებული. ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე, დღეს ქართველმა მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა ასპარეზობა ინდივიდუალურ შეჯიბრში დაიწყო. რეიტინგის მიხედვით, 23 წლის ნიკა, ბოლო ჯგუფში, ბოლოდან მეოთხე ასპარეზობდა, თუმცა, მისი გამოსვლის დაწყებამდე, ფრანგმა ადამ სიაო ჰიმ ფამ შეფასებად 102 ქულა მიიღო. სხვათა შორის, ფრანგმა, ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა და ამით, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ, ზედმეტი სტრესი მოიხსნა.
დღეს კი, სიაო ჰიმ ფას გამოსვლის შემდეგ, დარბაზის რეაქციას, რომ ოდნავ მაინც არ ემოქმედა მომდევნო გამომსვლელზე, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, უბრალოდ, რკინის ნერვები და ზურგს უკან, დიდი გამოცდილება უნდა ჰქონდა.
ქართველმა მოკლე პროგრამა მიმდინარე სეზონში ჩვეულად, „მგზავრების" „ვალსზე" შეასრულა. ოთხმაგი სალჰოვისა და სამმაგი ტულუპის კომბინაცია ქართველმა კარგად შეასრულა, თუმცა, მომდევნო ელემენტზე ოთხმაგი ტულუპის შესრულებისას ნახტომზე ცუდად შევიდა და შესაბამისად, ელემენტი საბაზო ღირებულებაზე ნაკლებად შეფასდა. ამას გარდა, იყო კიდევ ერთი მცირე ხარვეზი, რაც საბოლოოდ, ქართველს პირად სეზონის საუკეთესო მაჩვენებელთან (95.67) შედარებით ათი ქულით ნაკლები დაუჯდა - 85.11 (45.85/39.26). მიუხედავად ამისა, პროგრამულ კომპონენტებში, ნიკამ მოკლე პროგრამის შემდეგ, სატურნირო ცხრილში, მის ზემოთ მყოფ მონაწილეებზე მაღალი შეფასება მიიღო, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ თუკი, ეგაძე მოახერხებს უბრალოდ მშვიდად სრიალს და თავისი გამოსვლით, უპირველესად თავად ისიამოვნებს, ქართველს შანსი ექნება საპრიზო ადგილისთვის იბრძოლოს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი პროგრამის წინ, ქართველი მხოლოდ მე-15 პოზიციაზეა. მოკლე პროგრამის შემდეგ კი, ლიდერი აშშ-ს სახელით მოასპარეზე ილია მალინინია, რომელმაც მოკლე პროგრამის შემდეგ, 108.16 ქულა მიიღო.
ალბათ, ნიკას, ამის შესაძლებლობა, რომ არ ჰქონდეს არც, ჩვენ გავაკეთებდით წინასწარ შესაბამის პროგნოზს. თუმცა, ქართველ ფიგურულ მოციგურავეს, ამის უნარი აქვს. მთავარია, სპორტსმენმა თავისუფალ პროგრამამდე მოახერხოს, სხვა თემატიკაზე გადართვა და მომავალ ასპარეზობაზე ფიქრის გარდა, უბრალოდ, სხვა ნეიტრალური და მისთვის სასიამოვნო ამბებით დაკავდეს. ზედმეტი ოფიციოზის გარეშე... თუნდაც რამდენიმე საათი. განტვირთვა, ახლა შეიძლება ქართველისთვის ყველაზე დიდი სტიმული და მოტივატორი იყოს.
თავისუფალ პროგრამაში მამაკაცები 13 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყებენ ასპარეზობას. მანამდე კი, ხვალ, 11 თებერვალს თავისუფალი პროგრამით, მილანის აუდიტორიის წინაშე დიანა დევისი და გლებ სმოლკინი წარსდგებიან.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი / სეოკ





ჩვენ








