
დღეს მილანში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულმა მოციგურავეებმა ასპარეზობა ინდივიდუალურ პირველობაში დაიწყეს. ოთხი დისციპლინიდან პირველად ყინულზე სპორტული ცეკვების წარმომადგენლები გამოვიდნენ. ასეთი კი, 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სულ 23 იყო, რომელთა შორის ქართული წყვილიც, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი არიან. ამ წყვილებიდან მომდევნო ეტაპზე, თავისუფალ პროგრამაში, 20 საუკეთესო წყვილი გადადიოდა. თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ჩვენებმა ამის გაკეთება მოახერხეს.
დიანა და გლები ყინულზე მე-11 ნომრით გამოვიდნენ და ქართველი გულშემატკივრისთვის 2025-2026 წლების სეზონში, კარგად ნაცნობი პროგრამა შემოგვთავაზეს, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების რიტმებზეა აგებული. თუმცა, ისევე როგორც ყველა სხვა წყვილის, რადგან სწორედ, 90-იანები იყო ამ სეზონში დავალება, რომელიც სპორტულ ცეკვებში მოასპარეზე წყვილებს შესთავაზა საერთაშორისო ფედერაციამ.
დიანამ და გლებმა 77.15 (43.23/33.92) ქულა დაიმსახურეს და რიტმული ცეკვების შემდეგ და შესაბამისად, თავისუფალი პროგრამის წინ მე-13 ადგილზე არიან. ალბათ აღსანიშნავია, რომ წყვილებს შორის საკმაოდ სიმჭიდროვეა, როგორც კონკრეტულად მედლების მაძიებელთა შორის, ასევე პირველ ათეულში მოსახვედრად. ალბათ, უფრო რეალისტები თუ ვიქნებით, საქართველოს წარმომადგენლებისთვის, რომელთათვისაც 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სადებიუტოა, ათეულში შესვლა, საკმაოდ პრესტიჟული იქნება. ასე, რომ თუ სპორტის შესაბამისი სახეობის წარმომადგენლები არ გვიწყენენ, ჩვენებს ათეულში შესვლას ვუსურვებთ.
რაც შეეხება თავისუფალ პროგრამას, ქართული წყვილი 11 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 საათიდან ჩაერთვება ასპარეზობაში. თუმცა, მანამდე ხვალ, თბილისის დროით 21:30 საათიდან ასპარეზობას ერთეული კაცები დაიწყებენ. მოკლე პროგრამით, 29 სპორტსმენს შორის ბოლო ჯგუფში, ბოლოდან მეოთხე, ჩვენი ნიკა ეგაძე იასპარეზებს, რომელსაც ალბათ, ქართველი მოციგურავეებიდან დღეს, ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი გამხნევება და ენერგია, რომელსაც იმედია არ დავიშურებთ თბილისელი მოციგურავისთვის.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი / სეოკ





ჩვენ








