
ვიდრე ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება, მილანსა და კორტინაში სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებმა მედლებისთვის ბრძოლა დაიწყეს. მილანში, დღეს ყინულის დარბაზში ფიგურული მოციგურავეები ასპარეზობდნენ. 6-8 თებერვლის ჩათვლით 10 გუნდი, რომელთა შორის უკვე მეორე თამაშებია ქართული გუნდიც ასპარეზობს, მედლების პირველ კომპლექტს გაითამაშებს. წესები მარტივია - დისციპლინების მიხედვით, თითო დისციპლინაში (სპორტული ცეკვები, სპორტული წყვილები, ერთეული ქალები, ერთეული კაცები) პირველი ადგილი 10 ქულას იმსახურებს, ბოლო ერთს. ასე, ოთხ დისციპლინაში. შემდეგ ქულები ჯამდება და მომდევნო ეტაპზე გადადის ის 5 გუნდი, რომლებსაც საუკეთესო ქულებს დააგროვებენ.
ქართული გუნდიდან ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობის გამოცდილება მხოლოდ ერთეულთა თანრიგში ანასტასია გუბანოვას, სპორტული წყვილებიდან კი, ლუკა ბერულავას ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, 2022 წლის ოლიმპიური თამაშებიდან განსხვავებით, მილანში, ჩვენი გუნდი ბევრდა დაღვინებული წარსდგა. უფრო ზუსტად, ბოლო მეოთხე დისციპლინაში დარჩა ქულები ასაღები, რომელსაც ხვალ ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ნიკა ეგაძე შეეცდება.
დღევანდელი დღე კი, სპორტული ცეკვების წარმომადგენელთა ასპარეზობით დაიწყო. სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე პირველი, ქართული გუნდიდან დიანა დევისი და გლებს სმოლკინი წარსდგენენ. ჩვენებმა, რომელთაგან დღეს, ოდნავ მოგვიანებით, თამაშების გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს დროშას, დიანა გაიტანს, 10 წყვილს შორის მე-6 ნომრით იასპარეზეს და მე-6 (78.97 (44.81/34.16) ადგილი, შესაბამისად ქართული გუნდისთვის 5 ქულა მოიგეს.
საკმაოდ დიდ კონკურენციაში, სპორტულ წყვილებში, ყინულზე ევროპის მოქმედი ჩემპიონები ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გამოვიდნენ. ყინულზე მათ შემდეგ, მხოლოდ იაპონელები, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები მიურა რიკუ და კიჰარა რიუიჩი გამოდიოდნენ. ქართულმა წყვილმა 77.54(42.74/34.80) ქულა დააგროვა მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგიც აჩვენა, თუმცა, საბოლოოდ მეორე ადგილი, გუნდისთვის კი, 9 ქულა მოიპოვა. შესაბამისად, ორი დისციპლინის შემდეგ, ქართულ გუნდს 14 ქულა ჰქონდა, ისევე, როგორც მასპინძელ იტალიელებს და კანადელებს. ლიდერი კი, აშშ-ს ნაკრები იყო 16 ქულით. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ოლიმპიური გუნდის ბიჭი მედროშე ლუკა ბერულავა იქნება.
დღევანდელი დღის დასკვნით დისციპლინაში, ქალთა ერთეულთა თანრიგში ანასტასია მეტელკინამ იასპარეზა. აქ, ჩვენს სუბიექტურ მოსაზრებას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ სპორტსმენს, მსაჯები აშკარად არ წყალობენ და გამონაკლისი არც ოლიმპიური თამაშები ყოფილა. საბოლოოდ, ნასტიამ 67.79 (35.24/32.55) ქულით, მე-5 პოზიცია დაიკავა, თუმცა, ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, ჩვენი მოციგურავე, აშკარად, უფრო სტაბილური იყო. ანასტასიამ გუნდურ სათვალავში 6 ქულა ჩადო. შესაბამისად ბოლო დისციპლინის წინ ჩვენს გუნდს 20 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.
პირველი დღის შემდეგ, საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
1 ადგილი - აშშ, 25 ქულა
2 ადგილი - იაპონია, 23 ქულა
3 ადგილი - იტალია, 22 ქულა
4 ადგილი - საქართველო, 20 ქულა
5 ადგილი - კანადა, 19 ქულა





ჩვენ








