
მიუხედავად იმისა, რომ გარეთ 2026 წლის თებერვალია, არის ამბები, რომელიც სპორტის მოყვარულებამდე ხშირად გვიან აღწევს. ასეთი ამბების კატეგორიას მთიდან მოსული ამბებიც განეკუთვნება. ამის მიზეზი, თუნდაც, ის შეიძლება იყოს, რომ ჩვენ, სპორტული მედიაც, უფრო მასებში პოპულარ თემებზე ვართ „დაგეშილები" და ხშირად, ბევრად საინტერესო, მიმზიდველი და ხიფათის შემცველი სპორტის სიახლეები, ისე ჩაგვივლის ხოლმე გვერდით, ხანი უნდა გავიდეს, რომ მივხვდეთ, „უი, ამის შესახებ, არ დაგვიწერია".
დღეს, სოციალურ ქსელში სქროლვისას სვანეთის მთამსვლელთა და მეკლდეურთა კლუბის (SMCC) მიერ გამოქვეყნებულ ერთ სტატიაზე გვინდა გიამბოთ, რომელიც ჩვენი ვებ-პორტალის დიდ მეგობარს და მთაში დაღუპულ მეგობარს, არჩილ ბადრიაშვილსაც ეხება.
აღნიშნულმა წყარომ, 2025 წლის რამდენიმე გამორჩეულ ქართულ ექსპედიცია და ასვლა გამოჰყო, რომელთა შორის ერთ-ერთი ჭაუხის სრული ტრავერსია. აქვე განვმარტავთ, ეს არის ჭაუხის 11 მწვერვალის სრული ტრავერსი - მწვერვალ ჯავახიშვილიდან, მწვერვალ თიკანაძემდე. ვინც ერთხელ მაინც არის ჭაუხის მასივში ნამყოფი, მინიმუმ თიკანაძის მწვერვალზეც იქნება ნამყოფი. შესაბამისად, ჯავახიშვილი, საბანაკე ადგილიდან მაინც დანახული.
ეს მარშრუტი, მხოლოდ, თიკანაძიდან ჯავახიშვილის მიმართულებით, 2015 წელს არჩილ ბადრიაშვილმა, სოლოში (მარტომ) იარა. ამის შემდეგ, გზას, არავინ დაბრუნებია. ათი წლის შემდეგ კი, საპირისპირო მიმართულებით წყვილში სოფო ჭელიძემ და თემო სამსონაძემ იარეს. სხვათა შორის, სოფო გახდა პირველი ქართველი ქალი, ვინც ეს მარშრუტი (ლაპარაკია სრულ ტრავერსზე) გაიარა. ისე, როდესაც საუკეთესო ქალი სპორტსმენის გამოვლენას შევეცდებით, აქ ჩემს კოლეგებს, სპორტულ ჟურნალისტებს მივმართავ, ხანდახან, მთამსვლელებისკენაც რომ გამოვიხედოთ, არ იქნება ურიგო. მათ შორის, ჩემი ჩათვლით.
მოკლედ ვიდრე უშუალოდ ექსპედიციის „დღიურებს" ჩავხედავთ, იმასაც აგიხსნით, რომ SMCC-მ, 2025 წლის გამორჩეულ ასვლებში საუკეთესოები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით (ტექნიკური სირთულე, ტექნიკური სირთულე + სიმაღლე, ალპური სტილი და სიახლე (ახალი გზა) + ტექნიკური სირთულე) განსაზღვრა.
ტექნიკური სირთულის მიხედვით, მარშრუტი 5B (კავკასიური შეფასება)/TD+ კატეგორიას განეკუთვნება და წყვილმა მისი გავლა 3 დღეში, ორი ღამისთევით მოახერხა. 9 ნაცნობი და 2 უცნობი მწვერვალი, რომელზეც სხვათა შორის, არჩილსაც ჰქონდა აღწერილი 2015 წელს, ტრავერსის შესახებ მომზადებულ აღწერილობაში, რომელსაც ბადრიაშვილმა 31 საათი მოანდომა.
ასვლის ქრონოლოგია კი ასეთია:
25 ივლისს თემომ და სოფომ დატოვეს ჭაუხის საბანაკე და გაემართნენ მწვერვალ თიკანაძის მიმართულებით, მარშრუტისკენ, რომელიც მათთვის კარგად ნაცნობი იყო. მიდიოდნენ მოღრუბლულ, „ნამდვილი მთამსვლელურ ამინდში", ხალისითა და კარგი განწყობით.
ავიდნენ მწვერვალ „თიკანაძეზე" და იქიდან „თაყაიშვილზე", შემდეგ „რჩეულიშვილზე". პირველი ღამე კი, თსუ-ს ძირში გაატარეს. „უქარო და თბილი" ღამის, როგორც თავად ალპინისტები წერენ, შემდეგ დილის 6 საათზე კი კვლავ მარშრუტზე გავიდნენ და ტრავერსი გააგრძელეს.
26 ივლისს, თსუ-ს მწვერვალზე ასვლის შემდეგ, ისინი მომდევნო, რიგით მეხუთე მწვერვალზე „ფიროსმანზე" გადავიდნენ, რომელზეც თავად ალპინისტების თქმით, ამ ასვლამდე, არცერთი ნამყოფი არ იყო.
ოდნავ ზევით, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ტრავერსის დროს მთამსვლელებმა 11 მწვერვალი, მათ შორის ორი უცნობი იარეს. ამ „უცნობ" მწვერვალებზე, American Alpine Journal-ში, 2015 წლის ტრავერსის აღწერილობაში, არჩილი ბადრიაშვილიც იტყობინებოდა - არჩილის თქმით, სწორედ, მაშინ ნახა მან ორი მწვერვალი, რომლის შესახებაც, მანამდე ინფორმაცია არ ჰქონდა.
სწორედ ამ მონაკვეთში, თემო და სოფოც აღმოაჩენენ ორ მწვერვალს, რომლებსაც თავდაპირველად „ჟანდარმებს" უწოდებენ და გზას გააგრძელებენ. ამასობაში მარშრუტზე გაწვიმდა, თუმცა, სასმელ წყლად, მთამსვლელებმა „ასათიანის უნაგირზე", თემო სამსონაძის დის (ალპინიზმი ასეთი სპორტია, მთელი ოჯახია ხოლმე საქმეში) მიერ, წინასწარ დატოვებული წყალი აიღეს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე, 12 საათიანი „მუშაობის" შემდეგ, გაშალეს კარავი და ღამე გაათიეს.
27 ივლისი მზიანი დღე გათენდა. კვლავ დილის 6 საათი და მარშრუტის დარჩენილი ნაწილი - მწვერვალი „ასათიანი", შემდეგ „კამერუნი" (აქ სოფო პირველად მოხვდა). მთაში ამინდი ხშირად იცვლება, მწვერვალებზე მით უმეტეს. ალპინისტების კამერუნზე ყოფნისას, მწვერვალზე ნისლმა დაიწყო შესვლა, შესაბამისად მომდევნო მწვერვალზე, „ლეონიძეზე" წყვილი გადასვლას ჩქარობს, საღამოს 7-ის წუთებზე კი, მარშრუტის ბოლოში, „ჯავახიშვილზე" არიან.
„ავედით, აჩოს პირობა შევასრულე", ამბობს სოფო, მწვერვალზე ასვლისას, რომელიც ალპინისტების მიერ გადაღებულ ვიდე-კადრებშიც ისმის.
მთამსვლელებმა ასვლა არჩილ ბადრიაშვილის ხსოვნას მიუძღვნეს. „ქართულ მთამსვლელობას ოდითგანვე ჰქონდა ტრავერსის კულტურა, რომელიც მოგვიანებით ნელ-ნელა გაქრობისკენ წავიდა", - ასეთი ჩანაწერი ჰქონდა არჩილს გაკეთებული და მისი ერთ-ერთი მიზანიც ამ „კულტურის" გაგრძელება და გაცოცხლება იყო.
ბუნებრივია, მთის ამბებსა და საინტერესო, ამავდროულად მნიშვნელოვან ასვლებს ჩვენ ისევ დავუბრუნდებით. მანამდე კი, დღეს მთიდან, ეს ვიკმაროთ.
ფოტო: ექსპედიციიდან / SMCC





ჩვენ








