საქართველოს ნაკრები ხვალ ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს გამართავს - მეტოქე ხორვატიაა
საქართველოს ნაკრები ხვალ ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩს გამართავს - მეტოქე ხორვატიაა
24.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, ხორვატიასთან თამაშის შემდეგ გაირკვევა, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები კაუნასში ბოლო შეხვედრის გასამართად გადავა კიდევ, თუ, მინიმუმ კიდევ ერთი მატჩით გაიხანგრძლივებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას. განსხვავებით, პირველი ევროპული ფორუმიდან, რომელზეც დებიუტანტი საქართველოს ნაკრებისგან ბევრს დიდი მოლოდინი არ ჰქონდა, ამჯერად, ავთანდილ ასათიანის გუნდისგან, ყველაზე ცოტა ბევრი, პირველ შეხვედრაში მინიმუმ ქულას ელოდა. თუმცა, ასე არ მოხდა, როგორც უკვე ვწერდით, თითქმის სრული სათამაშო უპირატესობისა და ბურთის ფლობის, ასევე კარის მიმართულებით (47) და კარის ჩარჩოში (19) დარტყმების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები 4-0 დამარცხდა.


„მერწმუნეთ, ჩენი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს ვაკეთებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ ჯგუფიდან გასვლის შანსი იარსებებს. ორი რთული მატჩი გველის, თუმცა ახლა მხოლოდ ხორვატიაზე ვფიქრობთ. ვიმუშავეთ და გავაანალიზეთ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ფიზიკურად ძლიერი, მაღალი დონის გუნდია. ვფიქრობ, წარმატების შანსი გვექნება, თუ მეტოქეს ჩვენს თამაშს მოვახვევთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი სფფ-ის სანაკრებო გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.


სამწუხაროდ, ჩვენი ვებ-გვერდის წარმომადგენლებმა ამ ჯერზე ვერ მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება და უშუალოდ, შეჯიბრის ადგილიდან საინტერესო ამბების მოწოდება. ამიტომ, ამ ჯერზე მხოლოდ, ფედერაციის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო ცნობებს დავეყრდნობით, რომლის მიხედვითაც, დღეს, 25 იანვარს, თამაშამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა პროტოკოლით გათვალისწინებული ვარჯიში, მასპინძელ, „რიგა არენაზე" და ტრადიციული შეხვედრა გამართა მედიასთან. ამავე წყარომ დღეს, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ფუტსალის მოთამაშის გიორგი ღავთაძის კომენტარიც გაავრცელა, რომელიც სხვათა შორის, ლატვიელებთან მატჩში, ქართული გუნდიდან, ყველაზე ახლოს იყო გოლთან.


„აუცილებლად გვჭირდება ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვება. მეტოქე ძალიან ძლიერია და რთული თამაში გველის. თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს, ვიბრძოლოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ", - ამბობს ღავთაძე.


სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატზე, ლატვიელებთან მატჩში, ერთ-ერთი დებიუტანტი საქართველოს ნაკრების მეკარე ალი ასლანი იყო, რომელიც საკმაოდ კარგად ჩაერთო თამაშში და მოგერიებული ბურთების გარდა, თავადაც შეეძლო გოლის გატანა.


„ძალიან მოხარული ვარ, საქართველოს ნაკრების ღირსებას, რომ ვიცავ. საქართველოს ნაკრებისთვის თამაში იყო ჩემთვის ოცნება. ვემზადებით მეორე თამაშისთვის. ხორვატია, ძალიან მაგარი გუნდია და ვცდილობთ, გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და მაქსიმალურად ვეცადოთ მოგებას. გვინდა, გავახაროთ ჩვენი ხალხი", - ამბობს ალი ასლანი.


ბუნებრივია, რიგის ძალიან ცივ ამინდებში, ცივი შხაპი, რომელიც ევროპის 2026 წლის ჩეპიონატის სასტარტო მატჩში, მასპინძელმა ლატვიელებმა გადაგვავლეს, უკვე წარსულის თემა და კარგი გაკვეთილია, რომლიდან დასკვნების გამოტანას და რეალიზაციას, უკვე ხვალ, 25 იანვარს, „ევრო 2026"-ის მეორე ჯგუფურ შეხვედრისას შეეცდებიან. თამაში, თბილისის დროით 16:00 (CET 13:00) საათზე დაიწყება.


სფფ-ის ფოტო