
საქართველოში საფეხბურთო სეზონი 2026 წლის თებერვლის ბოლო დღეს განახლდება. სფფ-ის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, სწორედ ამ დღეს სტარტს აიღებს ეროვნული ლიგის საფეხბურთო სეზონი, რომელშიც შეგახსენებთ, რომ 10 გუნდი მონაწილეობს - „დინამო თბილისი", „ტორპედო" „დილა", „იბერია 1999", „დინამო ბათუმი", „გაგრა", „სამგურალი" - გუნდები რომლებიც გასულ სეზონშიც ასპარეზობდნენ ძლიერთა შორის. მათ კი, 6-წლიანი შესვენების შემდეგ, „რუსთავიც" დაუბრუნდა. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „რუსთავი" ეროვნული ლიგის თამაშებს თბილისში ჩაატარებს, თუმცა, რომელ სტადიონს შეარჩევს კლუბი საშინაო მოედნად, ამ მომენტში უცნობია.
პირველად, მომავალი სეზონიდან ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ ტყიბულის „მეშახტე" და თბილისის „სპაერი". გასულ სეზონში, ტყიბულელები, საშინაო თამაშებს ამბროლაურში აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე ატარებდნენ, თუმცა, სავარაუდოდ მათაც, მომავალი სეზონისთვის სხვა სტადიონის „ძებნა" მოუწევთ საშინაო თამაშებისთვის. დიდი ალბათობით, იმავე პრობლემის წინაშე დადგება „სპაერიც", რომელსაც მართალია რეაბილიტირებული, თუმცა, მაინც ხელოვნურსაფარიანი მინდორი აქვს.
აქვე გეტყვით, რომ 2026-2027 წლების სეზონში უეფა-ს ევროტურნირებზე ქართული კლუბებიდან „იბერია 1999" (ჩემპიონთა ლიგა, საკვალიფიკაციო), „დილა", „ტორპედო" და „დინამო თბილისი" (კონფენერს ლიგა) იასპარეზებენ.
თებერვლის ბოლოს დაიწყება ეროვნული ლიგა 2-ის ახალი სეზონიც, რომელშიც ლიგა 3-დან დაწინაურებული ოთხი კლუბი - სართიჭალას „შტურმი", „გორი", ზუგდიდის „ოდიში 1919" და დუშეთის „არაგვი" იასპარეზებენ. ამ გუნდების გარდა, მეორე ქართულ ლიგაში ითამაშებენ „თელავი", „გარეჯი" და „კოლხეთი 1913" - გუნდები რომლებიც აუცილებლად შეეცდებიან ძლიერთა შორის დაბრუნებას. ასევე ამ ლიგაში არიან „სამტრედია" და „სიონი", რომელთათვისაც ეროვნული ლიგა, მაგალითად „გარეჯზე" უფრო მშობლიურია და მარტვილის „მერანი", რომელსაც გასულ სეზონში გადათამაშების ზონამდე, მხოლოდ 2 ქულა დააკლდა.
ახალი სეზონის დაწყებამდე, ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლებს ტრადიციულად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში სფფ-ის ხელმძღვანელობა შეხვდა. ახალი ფორმატით, რიგით მე-10, საიუბილეო ჩემპიონატი, საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს. ალბათ, ერთადერთი, რასაც წინასაახალწლოდ ვისურვებდით, ქართულ სტადიონებზე, ეროვნული ჩემპიონატების მატჩებზე გულშემატკივრის სიმრავლეა, რადგან თუკი, გვინდა რომ საქართველოში, საკლუბო ფეხბურთის დონე ამაღლდეს, მაშინ გულშემატკივარმა ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზეც უფრო აქტიურად უნდა დაიწყოს სიარული.
სფფ-ის ფოტო

|
|
|





ჩვენ









