
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, დეკემბერში დაგეგმილი ბოლო სპარინგი გამართა და რამდენიმე დღის, ახალი წლის არდადეგები გამოაცხადა. ტიტე კალანდაძის, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ინფორმაციით, გუნდი, 2 იანვარს კვლავ შეიკრიბება და ევროპის ჩემპიონატისთვის გააგრძელებს მზადებას.
დღეს კი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, მეორე სპარინგში დაუპირისპირდა საუდის არაბეთის გუნდს და ფრედ 28-28 ითამაშა. პირველი მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად ჩვენი გუნდი სათამაშოდ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებით გავიდა, თუმცა, არა ოპტიმალურით. თამაშიც უფრო დაძაბული გამოდგა და თანაბრად წავიდა. პირველი ტაიმი, ჩვენებმა ერთი ბურთის სხვაობით, 14-13 მოიგეს. მეორეში კი, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ორბურთიანი სხვაობითაც დაწინაურდნენ, თუმცა, საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 28-28 დასრულდა.
„სლოვენიაში გამგზავრებამდე, თბილისში გვექნება ინტენსიური ვარჯიშები. ზუსტად ის შეცდომები და პატარა ნაკლი, აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ამის შემდეგ, გავემგზავრებით სლოვენიაში, სადაც, მე ვიტყოდი, უფრო ძლიერ გუნდებთან გვექნება თამაში. რაც უფრო ძლიერ გუნდებს შევხდებით, მით უფრო კარგია. მეორე გუნდმა დღეს, ასე თუ ისე, უკეთესად ითამაშა, მაგრამ შეიძლებოდა სხვანაირადაც. ამიტომ, ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. კარგი იქნებოდა, ახალი წელი გამარჯვებით დაგვესრულებინა, მაგრამ მარცხითაც არ დავასრულეთ", - ამბობს ტიტე კალანდაძე, მატჩის დასრულების შემდეგ.
დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ გიორგი ცხოვრებაძესა და ერეკლე არსენაშვილს, თუმცა, ამის მიზეზი მხოლოდ გადატანილი ვირუსი იყო, შესაბამისად ხელბურთელები, უახლოეს ხანში გუნდთან ერთად სრულად დაიტვირთებიან. სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება უწევს თეიმურაზ ორჯონიკიძეს, შეგახსენებთ, რომ კაპიტანმა, ტრავმა საქართველოს-საბერძნეთის შეხვედრის დროს, თბილისი არენაზე მიიღო და გუნდის ექიმებისა და თანაგუნდელების დახმარებით მოუხდა მოედნის დატოვება. ის ამჟამად რეაბილიტაციას გადის.
საქართველოს ნაკრების განაცხადი დღევანდელ შეხვედრაში ასე გამოიყურებოდა: რუხაძე, ლაპიაშვილი (3), ხელისუფალი, რუსტამოვი, ხარებაშვილი, არეშიძე (3), კბილაშვილი (1), ზარნაძე, ცინცაძე, მამულაშვილი (1), ბიბლაია, გოგავა (1), იმნაძე, კალანდაძე, გრიშიკაშვილი (1), გავაშელიშვილი (3), დიხამინჯია (15), მელიავა.
„პირველი შემადგენლობისთვის ეს პირველი ტესტ მატჩი იყო. დღევანდელ შეხვედრას ვერ შევაფასებ კარგად, რამეთუ ვერ მოვახერხეთ მეტოქის დამარცხება. ძალიან ბევრი შეცდომა გვგქონდა. ვერ შევასრულეთ მწვრთნელის დავალებები. ალბათ, გავლენა იქონია იმ გარემოებამ, რომ პირველი გუდნის 80%-მა ერთად დღეს ითამაშა"- ამბობს გიორგი დიხამინჯია.
თუმცა, გუნდს, ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ აქვს დრო და ორი დაგეგმილი სპარინგი, რომლის დროსაც, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი, გუნდის სათამაშო „განრიგში" საბოლოო შტრიხების შეტანას შეეცდება. ახალი წლის შემდეგ მალევე, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად, სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ქუვეითისა და ალჟირის ნაკრებებთან.
ამის შემდეგ, ტიტე კალანდაძის გუნდი 2026 წლის 17 იანვრიდან ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას. შვედეთში, ქალაქ მამლოში ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ამის შემდეგ, 19 იანვარს შვედეთს დაუპირისპირდება, 21-ში კი, ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებს.
ხელბურთის ფედერაციის ფოტო

|
|
|





ჩვენ









