
დღეს სპორტის სასახლეში, ქართულმა სპორტულმა საზოგადოებამ 2025 წელი შეაჯამა. ალბათ, შედეგებიდან გამომდინარე, წინასწარ პროგნოზირებადი იყო, რომ ყველაზე მეტი ჯილდო საქართველოს ჯუდოს ფედერაციაში წავიდოდა და მართლაც, 8 ნომინაციიდან, რომელთა გამარჯვებულებიც დღეს დასახელდნენ, ორი ნომინაციაში ჯუდოს წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღიარების შემდეგ, 2025 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად, სპორტის სამინისტროს ვერსიით ეთერ ლიპარტელიანი დასახელდა. ქართველმა ჯუდოკა ქალმა, 2025 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო, იმავე შეჯიბრზე კი, რომელსაც ბუდაპეშტი მასპინძლობდა, ლიპარტელიანმა შერეულ გუნდურ შეჯიბრშიც მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
რაც შეეხება 2025 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენს, სამინისტროს ვერსია აქაც დაემთხვა სეოკ-ისას და აქაც, ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე გამოარჩიეს, რომელმაც ჯერ კიდევ მიმდინარე წელს მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
„2025 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა 1935 მედალი მოიპოვეს. ეს არის ისტორიული, რეკორდული შედეგი, 752 ოქროს მედალი ნიშნავს 752 გამარჯვებას საქართველოსთვის, 752-ჯერ აჟღერებულ ჰიმნს, 752-ჯერ ყველაზე მაღლა აფრიალებულ დროშას. დღეს საქართველოს ჰყავს 752 ჩემპიონი, 610 ვიცე-ჩემპიონი, 753 ბრინჯაოს პრიზიორი. ეს ციფრები სახელმწიფოს სწორი პოლიტიკისა და სპორტსმენების თავდადების შედეგია. ხშირად ვამბობთ სიტყვას, ისტორიაში პირველად, 2025 წელს ეს ფრაზა 42-ჯერ წარმოვთქვით. ეს ნიშნავს, რომ ქართული სპორტი არ დგას ერთ ადგილზე, ის მიდის წინ, წერს ახალ ისტორიას", - ეს არის ამონარიდი შალვა გოგოლაძის, საქართველოს სპორტის მინისტრის გრძელი სიტყვიდან, რომლშიც რეალურად მინისტრი ციფრებში ეცადა გადმოეცა მთელი ის ემოცია და მუხტი, რომელიც 2025 წელს სპორტული გადმოსახედიდან ახლდა.
როგორც უკვე გითხარით, სპორტის სამინისტროს ვერსიით, წლის საუკეთესოები რვა ნომინაციაში დასახელდნენ. უკვე აღნიშნული ორის გარდა სამინისტრომ გამოავლინა კიდევ 6 გამარჯვებული.
წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი ანა ჯაფარიძე (პარატაეკვონდო), ხოლო საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი გიორგი ქალდანი (ტაეკვონდო) გახდნენ.
ალბათ, ისევე, როგორც ეთერ ლიპარტელიანის შემთხვევაში, პროგნოზირებადი იყო წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ვინაობაც, რომელიც ვახტანგ ლოლუა (ბერძნულ/რომაული ჭიდაობა) გახდა. ქართველმა 18 წლის ასაკში, უფროსებს შორის ხორვატიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 55 კგ წონით კატეგორიის მოგება მოახერხა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
წლის საუკეთესო სპორტსმენად არაოლიმპიურ სახეობაში თემურ სამხარაძე (ძალისმიერი სამჭიდი) დასახელდა. წლის საუკეთესო გუნდად კი, როგორც ვფიქრობდით, საქართველოს ძიუდოს ნაკრები დასახელდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო.
რაც შეეხება გუნდურ სახეობას, აქ შესაძლოა ჩვენ, როგორც სპორტულ მედიას სხვა მოსაზრება გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მეექვსე ევრობასკეტი ითამაშა. ჩვენი აზრით, უფრო რთული გზა მეშვიდედ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, რომელიც 2026 წლის იანვარში გაიმართება, ქართველმა წყალბურთელებმა, თუმცა, ზედიზედ მეორედ ევროზე მოსახვედრად, არც ხელბურთელებმა და ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებებმა დააკლეს. თუმცა, ეს სამინისტროს არჩევანია, ამიტომ ჩვენ მას ვერ შევცვლით.
და ბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ სპორტის სამინისტრომ განვლილი წლის საუკეთესო სპორტსმენები ბოლოს, 6 წლის წინ გამოავლინა.

|
|
|





ჩვენ








