
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გაირთულა. ამჯერად, ვასილ მაისურაძის ნაკრებმა სერბეთთან წააგო, 3-1 (მატჩის მსვლელობა), მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში 36-ე წუთზე, საბა ნიორაძის გოლით დაწინაურდა, პირველი ტაიმი 0-1 მოიგო და მეტოქის კარის მიმართულებითაც მეტი დარტყმა ჰქონდა, ამ ტაიმშიც და მეორეშიც. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე მაისურაძის გუნდის უიღბლობა გაგრძელდა. უიღბლობა, ალბათ, რომელსაც უფრო ძირეული შესწავლა და ანალიზი სჭირდება. 59-ე წუთზე, კოსტოვმა ანგარიში გაათანაბრა. 76-ე წუთზე დიორევიჩმა სერბები დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ცვეტკოვიჩმა საბოლოო ვერდიქტი გამოგვიტანა, როდესაც მესამე გოლი გაგვიტანა.
აღსანიშნავია, რომ სებეთთან მატჩში მაისურაძის გუნდმა გარკვეული ცვლილებებით ითამაშა და მსვლელობისას რეკორდული რაოდენობის, 7 ყვითელი ბარათი მიიღო. ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები, გიბრალტართან ერთდ 0 ქულით, მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. ჯგუფიდან კი, ელიტ რაუნდში, ფაქტიურად მინი ტურნირის მასპინძელი ხორვატიისა და სერბეთის ნაკრებები გავიდნენ.
ბოლო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები გიბრალტარის წინააღმდეგ, 18 ნოემბერს, კვლავ ლუჩკოში ჩაატარებს. ჯგუფიდან კი, გათამაშების მომდევნო ეტაპზე, ელიტ რაუნდში, საუკეთესო ორი ნაკრები და 13 ჯგუფში საუკეთესო ერთი მესამე ადგილოსანი გუნდი გავა.
აქვე გეტყვით, რომ 19-წლამდეთა გათამაშება ამ ფორმატით წელს ბოლოჯერ იმართება და ამის შემდეგ, ეს ასაკობრივი გუნდი, 17-წლამდეთა დივიზიონებზე იქნება დამოკიდებული.
ხორვატიაში მიმდინარე ტურნირში ვასილ მაისურაძის განკარგულებაში 22 ფეხბურთელია:
მეკარეები: გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ ჟილი", ბელგია), დაჩი ჩოჩოშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი ღონღაძე („დინამო თბილისი"); მცველები: ნიკოლოზ ბოჭორიშვილი („იბერია 1999"), მათე შათირიშვილი („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999"), დაჩი გოგოლი („ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი ლომიძე („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ გვაზავა („დინამო თბილისი"), საბა მურვანიძე („იბერია 1999"), შოთიკო დიაკონიძე („დინამო თბილისი"), ლუკა კუპრავა („ტორპედო" ქუთაისი); ნახევარმცველები: ლაშა ხუციშვილი („დინამო თბილისი"), ანრი ძნელაძე („დინამო თბილისი"), საბა ნიორაძე („დინამო თბილისი"), სანდრო რატიანი („იბერია 1999"), რეზი დანელია („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ჩიქოვანი („შარლერუა", ბელგია); თავდამსხმელები: დავით გოგილაშვილი („იბერია 1999"), ჰალიდ დოლტმურზიევი („დინამო თბილისი"), დავით კუტალია („თელავი"), ანდრია ბართიშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი).
ფოტო: სფფ





ჩვენ







