ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინა გრან პრის სერიის ჩინეთის ეტაპი მოიგეს
ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინა გრან პრის სერიის ჩინეთის ეტაპი მოიგეს
25.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გრან პრის სერიის ჩინეთის ეტაპის გამარჯვებულები არიან, თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით. 


ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ფიგურულ ციგურაობაში, ქართული ოლიმპიური გუნდის წევრები კი, საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობას განაგრძობენ. ჩინეთში, ქალაქ  ჩონგქინგიში, 2025-2026 წლების სეზონის გრან-პრის სერიის მორიგი ეტაპი მიმდინარეობს, რომელშიც ქართული გუნდიდან ერთეულ ქალებს შორის ანასტასია გუბანოვა, სპორტულ წყვილებს შორის კი, ანასტასია მეტელკონასა და ლუკა ბერულავას წვყვილი ასპარეზობენ.


ქალთა შორის, მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია გუბანოვა 66.28 ქულით მეხუთე ადგილზე იყო, თუმცა, ჩვენმა წარმომადგენელმა თავისუფალ პროგრამაში უკეთ იასპარეზა და 131.60 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. ორი პროგრამის ჯამში კი, 197.88 ქულით, მხოლოდ მეოთხე ადგილით დაასრულა ასპარეზობა. გუბანოვას, გრან პრის ჩინურ ეტაპზე საპრიზო ადგილზე გასასვლელად სულ რაღაც 0.75 ქულა დააკლდა. მესამე ადგილზე იაპონიის წარმომადგენელი, რინკა ვატანაბე გავიდა. მეორე აგილი, ამერიკელ ალისა ლუის ერგო, ეტაპი კი, ასევე აშშ-ს წარმომადგენელმა ამბერ გლენმა მოიგო.


„როგორ ყოველთვის არა, მაგრამ დღეს არ მინერვიულია. ყველაფერი ისე იყო, როგორც ყოველთვის. ბუნებრივია, ცოტას მაინც ვღელავდი, მაგრამ ეს დასაშვებ ლიმიტში იყო. მართლა მინდოდა ყველა ნახტომის შესრულება. როდესაც სეზონი წარმატებულად მიდის, ყოველთვის ვცდილობ ტექნიკური ნაწილის კარგად შესრულებას. ამავდროულად, არ მინდა რომ ეს თამასა, ამ შეჯიბრზეც დამეწია. ასე რომ, ტექნიკური თვალსაზრისით, ყველაფრის გაკეთება მინდოდა. პრინციპში, ეს მოვახერხე და ბოლოში, ვეცადე, გამოსვლა ემოციურად დამეტვირთა. პრინციპში, ოლიმპიურ თამაშებისთვის წინ, სეზონებს შორის ფორმაში შევედი და ვცდილობ შევინარჩუნო. რა თქმა უნდა, შეჯიბრების შემდეგ, ეს ფორმა ოდნავ დუნდება, თუმცა, ვარჯიშების ხარჯზე, მალევე ვახერხებ აღდგენას", - ამბობს ანასტასია გუბანოვა, Golden Skate-თან გაკეთებული კომენტარში.


მოკლე პროგრამის შემდეგ 77,77 ქულით სპორტულ წყვილებში ჩვენები, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ლიდერობენ. ქართულმა წყვილმა, რომელმაც პირადი მაჩვენებელი გააუმჯობესა მოკლე პროგრამაში, უნაკლოდ შეასრულა „ბოლეროზე" შექმნილი ნომერი (triple Salchow, triple twist, throw triple flip, level four for twist, step sequence, spin, death spiral) და მასში შემავალი ელემენტები. თუმცა, პროგრამის დასაწყისმა, სადაც ანასტასია თავდაყირა დგას, შეჯიბრზე მომუშავე მედია აღაფრთოვანა და აალაპარაკა, როგორც პროგრამის არასტანდარტულ სტარტზე. სხვათა შორის, იმისთვის, რომ ყინულზე შეხებისას ხელები არ დაზიანებოდა, ანასტასიას სპეციალურად ადგილები „ტეიპით" ჰქონდა დაფარული.  


„საქართველოში გამართული შეჯიბრის შემდეგ, მე ფსიქოლოგს შევხდი და ყველა პრობლემა გადავჭერი რაც მქონდა. რა თქმა უნდა, გინდა თუ არა, თავში ათასი ფიქრი გიტრიალებს - კიდევ შევძლებ ისევე ვიასპარეზო, როგორც ადრე? არის თუ არა ფიგურული ციგურაობა ჩემო ცხოვრება? რატომ ჩამჩიჩინებს ყველა ამას? ხვდებით ალბათ, გოგონების ტიპიური ფიქრებია. ამიტომ, სასწრაფოდ ფსიქოლოგს მივმართე, ვიმუშავე და საბოლოოდ, მოვემზადე შეჯიბრისთვის. ჩვენ, ბედნიერები ვართ, რომ სეზონში უკვე მესამედ, მოვახერხეთ მოკლე პროგრამის სუფთად შესრულება. გავაგრძელებთ მუშაობას და მზად ვიქნებით ხვალისთვის", - ამბობს ანასტასია მეტელკინა Golden Skate-თან გაკეთებული კომენტარში.


მოკლე პროგრამა ეცეკვათ „ბოლეროზე" ლუკას იდეა ყოფილა, რასაც პარტნიორი დაყაბულდა და ახლა, ორივე ერთად, ცდილობენ როლში შესვლას, არიან ხაზებზე ორიენტირებული და ჩაკირკიტებენ ქორეოგრაფიას.


„კარგ ფორმაში ვართ და ამისთვის მოვემზადეთ. შარშანაც არ ვიყავით ცუდ ფორმაში, თუმცა, თუკი რაიმე შეცდომას ვუშვებთ, ის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეცდომებია. ეს რომ არ მოხდეს, ჩვენი მწვრთნელთა გუნდი, საგანგებოდ გვამზადებს. ყოველ სტარტზე თავს უკეთესად ვგრძნობთ. ერთადერთი რაც გვჭირდება ყინულზე გამოსვლის წინ აზრების მოკრებაა, რადგან ფიზიკურად, ყოველთვის მზად ვართ. მიუხედავად იმისა, თუ რა შეჯიბრზე ვასპარეზობთ. წინა სეზონშიც, იმის წინაზეც და ახლაც. თუმცა, ახლა უფრო გაძლიერებულები ვართ, რადგან ერთად მეტს ვსრიალებთ და როგორც წყვილმა ერთმანეთი გავიცანით. როგორ ამობენ, ახლა, ყველაფერი ჩვენზეა დამიკიდებული", - ამბობს ლუკა ბერულავა.


ჩინეთის გრან პრის მოსაგებად, ანასტასიას და ლუკას საკმაოდ სერიოზული მოწინააღმდეგეები ჰყავდა - ჩინეთის გრან პრის მოქმედი ჩემპიონები იტალიელები სარა კონტი და ნიკოლო მაჩი, ასევე პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები ვენინგ სუი და კონგ ჰანი. თუმცა, ქართულმა წყვილმა, თავისუფალ პროგრამაშიც აჯობა მეტოქეებს და 139.47 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ორი პროგრამის ჯამში, ჩვენმა წყვილმა 217.24 ქულა დააგროვა და ჩინეთის ეტაპი მოიგო.


დეტალურად ტურნირის შედეგები იხილეთ ბმულზე.