ფუტსალში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქეები ხვალ გაირკვევა
ფუტსალში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქეები ხვალ გაირკვევა
23.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ კაუნასში, „ჟალგირის არენაზე", ფუტსალში, უეფა-ს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება. ფინალური ეტაპზე რომელიც, 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ათვლით ლატვიაში, ლიეტუვასა და სლოვენიაში გაიმართება, ზედიზედ მეორედ, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებიც იასპარეზებს.


„რაც წინა ევროპის ჩემპიონატის წილისყრისას ვთქვი, იმავეს ვიტყვი. მოლოდინი იმის, რომ წილისყრის დასრულების შემდეგ, ვიტყვი რა იოლი ჯგუფი შეგხვდა არ მაქვს. ყველა ვარიანტში იქნება ძალიან რთული ჯგუფი. კარგია ის, რომ მესამე კალათა ვართ და უკვე, ევროპის ჩემპიონატზე ერთი საფეხურით მაღლა ვართ აწეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბოლო 10 წლეულს გადავახვევთ, ჩანს რომ ქართული ფუტსალი სწორ გზაზეა და დანარჩენი უკვე იქ, თუ ვინ ამოვა ჯგუფში, როგორ ამოვა, ვფიქრობ, 15-ივე ნაკრები, უფრო ზუსტად 16 ჩვენის ჩათვლით, საკმაოდ კარგი ნაკრებებია და ტურნირზე თამაშიც სასიამოვნო იქნება. როდესაც, ასეთ ტურნირზე შენს ქვეყანას წარმოადგენ, მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს", - ამბობს TSFF.Ge-სთან ლაპარაკში ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის, ოქტომბრის სპარინგების დასრულების შემდეგ.


წილისყრამდე კი, 2025 წლის 26 სექტემბრისთვის არსებული რეიტინგის მიხედვით, უეფა-მ გუნდები ოთხ კალათში გადაანაწილა. საქართველო მე-3 კალათში მოხვდა, პოლონეთის, სომხეთისა და ბელარუსის ნაკრებებთან ერთად, შესაბამისად ეს სამი ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ჯგუფში აღარ მოხვდება. რაც შეეხება ზოგადად კალათებში ქვეყნების გადანაწილებას, ასეთი სურათი გვაქვს:


კალათა 1:  პორტუგალია (მოქმედი ჩემპიონი), ესპანეთი, უკრაინა, საფრანგეთი

კალათა 2: ხორვატია, იტალია, სლოვენია (თანამასპინძელი), ჩეხეთი

კალათა 3: პოლონეთი, სომხეთი, საქართველო, ბელარუსი

კალათა 4: ბელგია, უნგრეთი, ლატვია (თანამასპინძელი), ლიეტუვა (თანამასპინძელი)


სწორედ ამ კალათებიდან 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 12:00 საათზე გაირკვევა საქართველოს ფუტსალის ნაკრების ჯგუფი და ქალაქი, სადაც ჩვენი ნაკრები იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, ევროპის ჩემპიონატისთვის ორ ქვეყანას, ლატვიასა და ლიეტუვას უნდა ემასპინძლა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ბელარუსმა მოპოვა, ლიეტუვასა და ლატვიაში კი, უკრაინაში, რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე, რუსეთის მოქალაქეების გარდა ბელარუსების შეშვებაზეც უარს აცხადებენ, უეფა-მ მასპინძელ ქვეყნებს სლოვენია დაუმატა. მით უმეტეს, რომ ამ ქვეყანას, არც თუ შორეულ წარსულში აქვს ფუტსალში საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობის გამოცდილება და ინფრასტრუქტურაც. შესაბამისად, ჩვენი კალათიდან ერთი, ბელარუსი ცნობილია, რომ სლოვენიაში იასპარეზებს.


ასევე, ცნობილი ხდება, რომ სლოვენია, ერთბაშად ორ ჯგუფს უმასპინძლებს. თამაშები კი, რიგაში „არენა რიგაზე", კაუნასში „ ჟალგირის არენაზე", ლიუბლიანაში „არენა სტოჟიცესა" და „ტივოლი არენაზე" ჩატარდება.