
დღეს, 18 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ბოლო, ორ-რაუნდიანი საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის პირველ მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სლოვაკეთის ნაკრებს უმასპინძლებს. თამაშზე რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სავსე ტრიბუნა და ჩვენი გუნდის მხარდაჭერა, რადგან საპასუხო გასვლითი თამაშის წინ, რომელიც შინაარსიდან გამომდინარე ურთულესი იქნება, საშინაო შეხვედრაში თავდაჯერებული მოგება, უაღრესად საჭიროა.
„ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თამაში ჩაატარა ნაკრებმა და ამ მხრივ ბიჭები უკვე მომზადებულები არიან. ტაქტიკურად და თეორიულად ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. ვფიქრობ, მზად ვართ თამაშისთვის, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მოედანზე გადაწყდება. სწორედ ამისთვის იყო შესარჩევი ეტაპი - აქამდე რომ მოვსულიყავით. კარგია, რომ ვისწავლეთ ფინალამდე მისვლა და ვფიქრობ, სლოვაკეთთან ორ მატჩში ბევრი რამ გამოჩნდება. დიდ იმედს ვამყარებ ჩვენს გულშემატკივრებზე, რადგან მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. მოვუწოდებ ყველას, რომ გვერდით დაგვიდგნენ და ერთად დავიმსახუროთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელსაც წარმატების შემთხვევაში, მეორე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა პირველისგან რადიკალურად განსხვავებული გუნდით მოუწევს. თუმცა, ისევე, როგორც მთელი ამ შესარჩევი ციკლის დროს ასპარეზობა.
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში 17 სექტემბერს, მატჩის მასპინძელ დარბაზში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში კი, 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
„აქამდე მოსვლა მარტივი არ ყოფილა - რთული გზა და დაძაბული მატჩები გამოვიარეთ. მაგალითად, კოსოვოსთან შეხვედრები, რომლებმაც მოგვცა აქ თამაშის უფლება. ვფიქრობ, ჩვენ და სლოვაკეთს თანაბარი შანსები გვაქვს. მაგრამ ამ ორ თამაშში იმ გუნდს ექნება უპირატესობა, ვინც უფრო მეტად იბრძოლებს, სწორად ითამაშებს და რაც მთავარია - ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. სწორედ ის გავა ევროპის ჩემპიონატზე. სულ სხვა შეგრძნებაა, როდესაც სავსე დარბაზში თამაშობ. გულშემატკივრების მხარდაჭერას ველოდებით, რადგან ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ", - ამბობს გიორგი ღავთაძე, რომელიც სანაკრებო შეკრებას, ყველაზე ბოლოს შეუერთდა.
რაც შეეხება ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრას, ის ბრატისლავაში, 23 სექტემბერს, გაიმართება.