ცვლილება საქართველოს ეროვნულის შემადგენლობაში - ტრადიცია არ დაირღვა
ცვლილება საქართველოს ეროვნულის შემადგენლობაში - ტრადიცია არ დაირღვა
01.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე დღის წინ, სასტუმრო პარაგრაფში, ქართულ მედიასთან შეხვედრისას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ენამ უყივლა, როდესაც გიორგი კვერნაძის ირგვლივ ილაპარაკა: „არიან სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც ახლოს არიან ეროვნულ ნაკრებთან. მაგალითად, გიორგი კვერნაძე. თუმცა, ამჯერად ამ ორ ფეხბურთელზე შევჩერდით. შესაძლოა, მომდევნო შეკრებაზე კვერნაძეც შემოგვიერთდეს. მთავარია, ახალგაზრდებმა მთავარ ნაკრებში თამაში დაიმსახურონ", - თქვა 29 აგვისტოს სანიოლიმ, თუმცა, ეს ალბათ, უფრო შორეული პერსპექტივა იყო, ვიდრე დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მან ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.


დიახ, ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და საქართველოს ეროვნული ნაკრები, ამჯერად, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას ცვლილებით იწყებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გუნდს გამოაკლდა ოთარ კიტეიშვილი, ჩვენი აზრით, ნაკრების ხერხემალი და „შავი მუშა", ურომლისობაც ბევრ თამაშზე გვახსენდება.


კიტემ, ავსტრიული ბუნდესლიგის ბოლო შეხვედრაში „გრაცერის" წინააღმდეგ, რომელშიც მისმა გუნდმა 0-3 გაიმარჯვა, ტრავმა მიიღო. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, მეორე ტაიმში ტრავმის გამო შეცვალეს. ჩვენ გვეიმედებოდა, რომ ოთოს ტრავმა არ იქნებოდა სერიოზული, თუმცა, ის რაც კულუარულად გავიგეთ, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ სფფ-ის სანაკრებო გვერდმა ოფიციალურად გამოაცხადა.


„ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში, გრაცერთან მიღებული ტრავმის გამო, შტურმის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ნაკრებს თურქეთთან და ბულგარეთთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება. 29 წლის ფეხბურთელს დამატებითი კვლევები თბილისში, ნაკრების სამედიცინო შტაბის ჩართულობით ჩაუტარდა," - ნათქვამია ფედერაციის ცნობაში.




კიტეიშვილის ნაცვლად კი, ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში კიდევ ერთი დებიუტანტს, „სვანას ბიჭებიდან" მოუხმო. შესაბამისად, იტალიური „ფროზინონეს" შემტევი გიორგი კვერნაძე, რომელმაც იტალიის სერია B-ში, 30 აგვისტოს გასვლაზე, „პარერმოს" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, მოედანზე 60 წუთი გაატარა, მისმა გუნდმა კი, ფრედ, 0-0 ითამაშა, ეროვნულ ნაკრებში გამოემართა.


შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები შეკრებას დღეიდან, 1 სექტემბრიდან იწყებს. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას კი, სანიოლის გუნდი 4 სექტემბერს, თურქეთის წინააღდეგ გამართავს, რომელმაც ასევე დღეს, სტაბმოლოს გარეუბანში დაიწყო შეკრება. 


ვილი სანიოლის გუნდი კი, 7 სექტემბერს, ბულგარეთი დაუპირისპირდება. ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება.



მადლობას ვუხდით გუგა ლეჟავას აეროპორტიდან მოწოდებული ფოტოს გამო