ქართული ლეგიონის ცხელ-ცხელი ამბები - ის, რაც შესაძლოა გამოგრჩათ
ქართული ლეგიონის ცხელ-ცხელი ამბები - ის, რაც შესაძლოა გამოგრჩათ
14.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ცხელი ზაფხულიდან გამომდინარე, რომელიც რაღა დაგიმალოთ და მე დიდად არ მიყვარს და სიცხეების გამო, რეალურად მოწყვეტილი ვარ ბევრ ამბავს, ვიღაც კი, ჩემგან განსხვავებით, შესაძლოა, მზეს და რუჯს არის დაწაფებული, შესაძლოა, გამორჩათ საინტერესო ამბები, ქართული საფეხბურთო ლეგიონის შესახებ. ამიტომ, კვირის დასაწყისში, ტრადიციულად, შევეცდები, ის სიახლეები შევკრიბო და ასე, აკინძული სახით მოგაწოდოთ, რომელიც შესაძლოა ჩასქროლეთ კიდეც, მაგრამ გადაგავიწყდათ.


დავიწყოთ გიორგი მამარდაშვილით, რომელმაც „ლივერპულის" ქართველი ქომაგები კიდევ უფრო გამოაცოცხლა... საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, კვირას „ლივერპულში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ამხანაგურ შეხვედრაში, „პრესტონის" წინააღმდეგ, რომელიც საბოლოოდ, 1-3 დასრულდა, ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და პირველი ტაიმი, სრულად ითამაშა. „მამარდას" ბევრი საქმე, ამ შეხვედრაში არც ჰქონია, ერთხელ ითამაშა ბურთზე და ერთხელაც, კინაღამ კიეზას გაატანინა, თუმცა, ამ უკანასკნელმა შანსი ვერ გამოიყენა. ტაიმი კი, „ლივერპულმა" 0-1 მოიგო. მატჩის შემდეგ, ქართველმა მეკარემ სოციალურ ქსელში სადებიუტო მატჩთან დაკავშირებით, პირველი კომენტარიც გამოაქვეყნა: „განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით „ლივერპულში". ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა ამ ლეგენდარულ კლუბში. ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის. მადლობთ მხარდაჭერისთვის.  ეს მხოლოდ დასაწყისია", - წერს მამარდაშვილის სოციალური გვერდი. აქვე გეტყვით, რომ „ლივერპული" მომდევნო სპარონგს,  26 ივლისს, „ენფილდზე", „მილანის" წინააღმდეგ გამართავს.


მოსამზადებელი ეტაპის რანგში „ქართული დუელი" შედგა Sportplatz Irdning-ზე, სადაც ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი", გიორგი მაისურაძის „პოლისია ჟიტომირს" დაუპირისპირდა. შეხვედრა მშრალი ანგარიშით, 0-0 დასრულდა. „კიტემ" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 60 წუთი ითამაშა. „შტურმი" საწვრთნელი პროცესის ბოლო სპარინგებს 19 ივლისს გამართავს და დღის პირველ ნახევარში „ვოლფბურგს", საღამოს კი, „ჰამბურგს" დაუპირისპირდება.


ორ-ორ შეხვედრას მართავს უკრაინული გუნდიც, სწორედ ამ მიზეზით, მაისურაძეს, კიტეიშვილის წინააღმდეგ თამაში არ მოუწია. „შტურმთან" შეხვედრამდე, „პოლისია ჟიტომირი", ჩეხურ გუნდთან, „მლადა ბოლესლავისთან" 2-2 დაზავდა. გორგი, უკრაინული კლუბის სამწვრთნელო შტაბმა, სწორედ, იმ თამაშზე მიავლინა: „მე დილით ვითამაშე და საღამოს, სხვა შემადგენლობამ ითამაშა. დღეში ორი თამაში გვაქვს და ერთი შემადგენლობა დილით თამაშობს, მეორე საღამოობით. ძლიან მინდოდა, მეორე თამაშშიც, „კიტეს" გუნდის წინააღმდეგ მეთამაშა, მაგრამ ასე გადაანაწილეს", - ამბობს TSFF.Ge-სთან ლაპარაკში მაისურაძე.


გიორგი ჩაკვეტაძისა და კიდევ, რამდენიმე ლიდერის გარეშე ითამაშა „უოტფორდმა", მოსამზადებელი ეტაპის მორიგი ამხანაგური შეხვედრა „უიმბლდონის" წინააღმდეგ, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა. 2025 წლის აპრილში მიღებული ტრავმის შემდეგ, „ჩაკვემ" სარეაბილიტაციო პერიოდი გაიარა და ის, კლუბს საწვრთნელი პროცესის დაწყებიდან შეუერთდა, თუმცა, ქართველს აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. „უოტფორდი" შემდეგ სპარინგს 26 ივლისს „ლეიტონ ორიენტის" წინააღმდეგ გამართავს.


ვიდრე ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში იყო ჩართული და რეალურად, მთელი დასასვენებელი პერიოდი აშშ-ში გაატარა და სულ ჩვენს თვალწინ იყო, საფრანგეთის ქართულ ლეგიონში საინტერესოდ განვითარდა მოვლენები.


მას შემდეგ რაც გიორგი წიტაიშვილი ფრანგულ „მეცში" გადავიდა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის შეტყობინება გავრცელდა: „აქ ჩამოსვლამდე გიორგი მიქაუტაძეს ვესაუბრე. მან „მეცი" დადებითად დაახასიათა. სწორედ ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია და სწრაფად გადავწყვიტე კონტრაქტის გაფორმება", - ასეთი შინაარსის სტატუსი გავრცელდა სოციალურ ქსელში. „წიტამ", „მეცთან" კონტრაქტი ერთი წლით, 2026 წლის ივნისამდე გააფორმა და ისტორიაში მეორე ქართველი გახდა, გიორგი მიქაუტაძის შემდეგ, რომელიც ამ გუნდში ითამაშებს. აქვე გეტყვით, რომ არაა გამორიცხული, „მეცში" კიდევ ერთი ქართველი გიორგი აბუაშვილი ვიხილოთ. ჩვენ შევეცადეთ, „აბუსთან" დაკავშირებას, თუმცა ჯერ-ჯერობით, კონკრეტულად ჩვენთან, ფეხბურთელი კავშირზე არ გამოდის(!).  შეგახსენებთ, რომ „აბუმ", ერთი თვის წინ, ჟილინაში, სწორედ საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს გაიტანა და საგოლე გადაცემა ჩაიწერა, მას შემდეგ, რაც ის შეცვლაზე შემოვიდა.


ამასობაში, თავად ჟორჟი, გაურკვევლობაშია. მიუხედავად იმისა, რომ „ლიონმა" მოახერხა ლიგა 1-ში დარჩენა და შესაბამისად, ფრანგული კლუბი, ევროტურნირებსაც შეუტევს, ეს, შესაძლოა გიორგი მიქაუტაძის გარეშე მოხდეს. ქართველ ფეხბურთელს, რომელმაც გასულ სეზონში, ფრანგულ ლიგა 1-ში 47 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა, რამდენიმე კლუბი აკვირდება. სულ ბოლო ვერსიით, ჟორჟი შესაძლოა, სერია A-ში მაინც გადავიდეს, მხოლოდ, ამჯერად, ლაპარაკი „ატალანტაზე" მიდის.


ფეხბურთის ქართველი ქომაგები, მოახლოებული სანაკრებო თამაშების წინ, ცოტა არ იყოს, დაგვაფიქრა ზურიკო დავითაშვილის ტრავმის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ. ჩვენ შევეცადეთ ამბის გადამოწმება, თუმცა, საქართველოსა და „სენტ-ეტიენის" მოთამაშის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და შევიტყეთ, რომ ზურიკო, ჩვეულებრივად ვარჯიშობს. ალბათ,  ამ „ამბავში" გაუგებრობა, ფრანგული კლუბის მწვრთნელის კომენტარი იყო, სადაც მან დავითაშვილის მცირე ტრავმა ახსენა. აქვე გეტყვით, რომ ქართველით, „ბეშიქთაში" იყო დაინტერესებული და თურქულ მედიაზე დაყრდნობით, გადასვლაზე ზურიკოც თანახმა იყო, თუმცა, საბოლოოდ, ფრანგებმა ქართველის სანაცვლოდ, დიდი თანხა მოითხოვეს და ეს ტრანსფერიც ჩაიშალა.


ვასილიოს გორდეზიანის შემდეგ, „სარაევო", შესაძლოა გიორგი გულიაშვილმაც დატოვოს და გორდეზიანისგან განსხვავებით, რომელიც „დინამო თბილისში" და შესაბამისად, ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა, 3.7 მილიონ დოლარის სატრანსფერო თანხის სანაცვლოდ, აშშ-ის ჩემპიონატის (MLS) ერთ-ერთ კლუბში გადავიდეს სათამაშოდო. თუმცა, ბოსნიური გამოცემები ამბობენ, რომ უეფა-ს ევროტურნირებზე, ქართველი ითამაშებს. პირველი შეხვედრა კი, გულიაშვილს, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, 24 ივლისს, რუმინული „კრაიოვას" წინააღმდეგ უწევს.


ახალ კლუბთან ერთად დაიწყებს ახლა სეზონს ლუკა ლოჩოშვილი. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ნიურნბერგში" იტალიური „კრემონეზედან" გადავიდა. „მიხარია, რომ ისეთი ტრადიციული კლუბის ნაწილი გავხდი, როგორიც „ნიურნბერგია". მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას. მზად ვარ, გუნდში ლიდერის როლი მოვირგო", - ასეთი თამამი განცხადება „ლოჩომ" კლუბისთვის გაკეთებულ პირველ პუბლიკაციაში გააკეთა. მოგეხსენებათ, რომ „ნიურნბერგს" სათავეში, პოლონური წარმოშობის, გერმანიის ნაკრების ლეგენდა, მიროსლავ კლოზე წვრთნის.


უკვე დიდი ხანია აკვირდებიან საბა გოგლიჩიძე, რომელმაც ტრავმის გამო, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი გამოტოვა, თუმცა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც ახალგაზრდულ ევროზე, საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების სამწვრთნელო შტაბების საერთო გადაწყვეტილებით უნდა ეთამაშა, ნელ-ნელა საქმეს უბრუნდება. „უდინეზე", „პარმა", „სასუოლო", „პიზა", „ბეტისი" და შესაძლოა, „ინტერიც" - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებსაც „ემპოლის" ქართველი მცველის სახელს ბევრი გამოცემა აკავშირებს, თუმცა, ჯერ რეალური არაფერია. შეგახსენებთ, რომ საბამ 2024-25 წლების სეზონზე, „ემპოლის"  შემადგენლობაში სერია A-ს 33 და იტალიის თასის სამი შეხვედრა ჩაატარა. ქართველის სატრანსფერო ღირებულება კი, რვა მილიონ ევროს შეადგენს.


ამასობაში, „კაპიტან ამერიკა" ახალი თავგადასავალისთვის ემზადება. ამჯერად, გიორგი ქოჩორაშვილი, პორტუგალიელ ქომაგს ეცნობა, ამბობს, რომ არის საქართველოდან, ყველაზე დიდ ტურნირში სადაც უთამაშია, უეფა-ს ევრო 2024 იყო, ლაპარაკობს რამდენიმე ენაზე - ინგლისური, ესპანური, ქართული და პორტუგალიური - ეს ბოლო სულ ახალიაო, ცდილობს პორტუგალიელებს ქართულ სამზარეულოზეც შეუქმნას შთაბეჭდილება - ხაჭაპური, ხინკალი და მწვადი შეარჩია აქ, „ქოჩორამ" ფავორიტებად და არც საყვარელი სერიალი „მეგობრები" დავიწყებია. ამას გარდა, სიამოვნებით პოზირებს „სპორტინგის" ფოტო-სესიებზე და ემზადება ახალი მაისურით, მისეული აღნიშვნისთვის, რომელსაც იმედს ვიტოვებთ, რომ 10 აგვისტოს შეგვისრულებს „კასა პიასთან" გასვლით შეხვედრაში.


პორტუგალიაში გააგრძელებს კარიერას ნოდარ ლომინძემ, რომელიც ყველანაირად ეცადა, ერთი თვის წინ, სლოვაკურ ტრენჩინში, პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გოლის გატანას, თუმცა, არ გამოუვიდა. „ლომინა", ახალი სეზონიდან, „ეშტორილში" გააგრძელებს კარიერას. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა, პორტუგალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და დღეს, კონტრაქტსაც მოაწერს ხელს, რომელიც 2+1 წელს გულისხმობს. გააგრძელებს. ჯერ-ჯერობით, საფეხბურთო კლუბს „დინამო თბილისს" ლომინაძის ტრანსფერი არ დაუდასტურებია, თუმცა, კლუბმა გადინების შესახებ, ბოლო დღეეებში ორი ცნობა გამოქვეყნა.


სანდრო კალანდაძე, ახალი სეზონიდან პოლონურ ექსტრაკლასაში ითამაშებს - „დინამო თბილისსა" და პლოცკის „ვისლას" შორის შემდგარ სატრანსფერო შეთანხმებაზე ქართულმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა.


თურქულ სუპერლიგაში ვიხილავთ ნიკა უგრეხელიძეს, რომელიც „დინამო თბილისის" ოფიციალური ინფორმაციით, სტამბოლის „ქარაგიუმრუქში" 1 წლიანი იჯარით ითამაშებს. ამასთან, თურქულ გუნდს, ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს. არ არის გამორიცხული, რომ ქართველი ფეხბურთელი, „საქმეში" და თანაც ერთ-ერთი გრანდის „გალათასარაის" წინააღმდეგ, 17 აგვისტოს, სტამბოლშივე, თუმცა, გასვლით შეხვედრაში ვიხილოთ.


და ბოლოს, რადგან სიტყვამ თურქული სუპერ ლიგა მოიტანა, გეტყვით, რომ სუპერლიგისთვის მოსამზადებელ ორომტრიალშია შოთა არველაძე, რომელიც თურქულ „ქასიმფაშას", ივნისის ბოლოდან ჩაუდგა სათავეში. საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელი და პოპულარული ფეხბურთელი, მწვრთნელის რანგში კვლავ მეზობელი ქვეყნის კლუბში დაბრუნდა და ახალი ჩემპიონატისთვის ამზადებს გუნდს. პირველ შეხვედრას კი, „ქასიმფაშა"  გასვლაზე, „ანთალიასფორის" წინააღმდეგ გამართავს.



ფოტო: © Polissyafc / Metz / Liverpool / Sporting