9 წამში მოგებული ლა ნუსიას ევროპის თასი
9 წამში მოგებული ლა ნუსიას ევროპის თასი
18.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე, ჯუდოს სამყაროს უმეტესი ნაწილი მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადება, იმავე ტურნირზე ასპარეზობას გეგმავს ლაშა ბექაურიც, რომელიც ალბათ, უპირველესად განწყობას იქმნის და გვიქმნის ჩვენც.


ესპანეთში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ის იგებს ლა ნუსიას თასს, რომ ვერც თვითონ მიხვდა ამას, ვერც დარბაზში შეკრებილი მისი გულშემატკივარი, ვერც ჩვენ ტელეეკრანებთან მოკალათებულნი და ის, მეტოქეები, ვისი დამარცხებაც დღეს ქართველს მოუხდა, ხომ ვერ მიხვდნენ და ვერა.


ოლიმპიური თამაშების შემდეგ პირველი ტიტულის მოსაპოვებლად, „არაგველების" შთამომავალმა ჯუდოკამ, თუ არ ჩავთვლი 1/4 ფინალში ნიდერლანდელ ტიაგო რენესთან დაპირისპირებას რომელი იუკოთი მოიგო, ყველა შეხვედრაში იპონით გაიმარჯვა. ამ მომენტისთვის მსოფლიო რეიტინგის ნომერმა მეორე ჯუდოკამ -90 კგ წონით კატეგორიაში ფინალში ტურნირის მასპინძელ დანიელ ნიეტო-ტრინიდადს „გამარჯობის" თქმაც არ აცალა, ისე დააგდო 9 წამში იპონზე და ტურნირის გამარჯვებული გახდა.




ლა ნუსიას ღია პირველობაზე, ცნობილი ჯოდოკების მოზღვავება არ იყო. ზოგადად, ტურნირზე 41 ქვეყნის 432 ჯუდოკა მონაწილეობდა, რომელთა შორის საქართველოს მხოლოდ ბექაური წარმოადგენდა. თუმცა, ტურნირზე საკმაოდ იყვნენ „მამლუქები" მაგალითად, ავსტრიის სახელით მოასპარეზე ძმები ბორჩაშვილები, რომელთაგან ერთმა, მოვლიმ, +100 კგ წონითი კატეგორიის ფინალშიც იასპარეზა, თუმცა, დამატებით დროში იპონით დამარცხდა.


იპონით მოიგო -100 კგ წონითი კატეგორია ნიკო შერაზადიშვილმა. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა, ბექაურის მსგავსად მხოლოდ ერთი შეხვედრა დაასრულა იუკოთი, სულ პირველი. შემდეგ კი, იპონი იპონზე მიაყოლა. ფინალში კი, პოლონელი პიოტრ კუჩერა დაამარცხა. სხვათა შორის ამავე წონაში, საფრანგეთის სახელით, ლუკა ლომიძე ასპარეზობდა.



-81 კგ წონით კატეგორიაში, აშშ-ს სახელით ასპარეზობდა 22 წლის დიმიტრი გამყრელიძე, რომელმაც ორი ეტაპი გავლო და შემდეგ, ისრაელის წარმომადგენელ იდო ლევინთან დამარცხდა.


კიდევ ერთ წონით კატეგორიაში, -73 კგ-ში, პორტუგალიის სახელით იასპარეზა ოთარი კვანტიძემ, რომელმაც მეორე წრიდან დაიწყო და ერთი შეხვედრა მოიგო კიდეც.


და ბოლოს შეგახსენებთ, რომ ჯუდოში, მსოფლიოს 2025 წლის ჩემპიონატი 13-20 ივნისს უნგრეთში გაიმართება.




ფოტო: © EJU /  Gabi Juan