
მთამსვლელობა უმაყურებლო სპორტია. ალბათ, ამიტომაც მთიდან ამბები გვიან ჩამოდის. მაშინ, როცა სპორტსმენები სამშვიდობოზე არიან. ჩვენამდე, პირველ ქართულ ექსპედიციაზეც, რომელმაც უშბიდან თხილამურებით დაშვება გადაწყვიტა და რაც მთავარია, საქმე სისრულეში მოიყვანა მხოლოდ დღეს გავიგეთ.
„ვიყავით უშბაზე, კოკინის კულუარით ავედით და ამავე კულუარში დავეშვით, სამხრეთ ექსპოზიციაზე", - ამბობს TSFF.Ge-სთან საუბარში შაკო მარგიანი, რომელიც ყველა მთამსვლელურ თავგადასავალს ბაბუას, ცნობილ ქართველ მთამსვლელს, შალიკო მარგიანს უძღვნის. „ჩემი ყველა ასვლა მწვერვალზე ეძღვნება ბაბუას, რომელიც უძლიერესი მთამსვლელი იყო. ექსპედიციის მსვლელობისას, სულ ვახსენებდით „სიმბას" (სარედაქციო შენიშვნა, არჩილ ბადრიაშვილის, ქართველი მთამსვლელი, რომელი 2024 წლის აგვისტოში შხელდიდან დაშვებისას დაიღუპა) და გვჯეროდა, რომ ჩვენთან ერთად იყო", ამბობს მარგიანი, რომელსაც ექსპედიციის შემადგენლობიდან გამომდინარე ვკითხეთ, ეს ასვლა არჩილს ხომ არ ეძღვნებოდა.
ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს უფრო ემახსოვრებათ, თუმცა, სუნთქვა რომ გეკვრის, ის კადრები, როდესაც უშბიდან თხილამურებით ეშვებიან, არა ექსტრემალებსაც ბევრს ჰქონდათ გადაზიარებული. ჰოდა, გუშინ, ჩვენმა, ქართველმა ბიჭებმა ეს „სიგიჟე" დამოუკიდებლად გააკეთეს.
„ვიყავით 5 ადამიანი - გიორგი ხერგიანი, ლაშა ფირცხელანი, ბუთა ელოშვილი, ბექარ ფაჯიშვილი და მე. ეს არის პირველი ქართული ექსპედიცია, რომელიც უშბიდან თხილამურით დაეშვა. ორი დღე ვაკვირდებოდით კონდიციას და მესამე დღეს ავედით", - ამბობს შაკო მარგიანი.
პირველი ქართული ექსპედიცია უშბიდან თხილამურებით დაშვების გუშინ დასრულდა. ასე, რომ სტატისტიკის მოყვარულებმა ჩაინიშნეთ თარიღი - 2025 წლის 17 მაისი, პირველი ქართული ექსპედიციის წევრები უშბიდან წარმატებულად დაეშვნენ.
ფოტო მასალა ექსპედიციიდან