
ისტორიაში პირველად, საქართველოს 15-ქალა ნაკრები ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ ტესტ-მატჩებისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი 18 და 24 აპრილს სპარინგებს ქუთაისში, „აია არენაზე" გამართავს. ბევრისთვის, არაფრის მთქმელია, თუმცა, სპორტში სიმბოლოები, ხშირად ბევრ რამეს წყვეტს - საქმე ისაა, რომ კაცთა ნაკრების მსგავსად, რომელმაც პირველი ოფიციალური და დამოუკიდებელი ნაბიჯები ქუთაისში გადადგა, გოგონებიც ქუთაისიდან იწყებენ. ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ, თამაშები 15:00 საათზე გაიმართება.
„ეს სასიხარულო სიახლეა! დიდი ხნის ოცნება და სურვილი ახდა. სანაკრებო დონეზე ჩვენი 15-ქალა პირველ თამაშს გამართავს და თანაც საქართველოში. სიმბოლური დამთხვევაა, რომ ქალთა ნაკრები კაცების მსგავსად თავის პირველ შეხვედრას ქართული რაგბის მექაში, ქუთაისში გამართავს. ვეთამაშებით ყაზახეთს, საკმაოდ გამოცდილ გუნდს, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს ქალთა მსოფლიო თასზე და წლის განმავლობაში რამდენიმე თამაშს ატარებს. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ ბევრ კომპონენტში უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება, მთავარი კი ისაა, რომ ჩემი, გოგონების და ქართული რაგბის გულშემატკივრების სურვილი ახდება და 15-ქალა ნაკრები პირველ ისტორიულ თამაშებს გამართავს," - ჯაბა მალაღურაძე, ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ყაზახეთის 15-ქალა ნაკრები ისტრიას 1993 წლიდან ითვლის, როდესაც სადებიუტო შეხვედრაში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა. მას შემდეგ კი, 80-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ყაზახებმა, 1994 წელს პირველად ითამაშეს ქალთა მსოფლიო თასზე, 1998 წელს კი, საუკეთესო შედეგი აჩვენეს, როდესაც მე-9 ადგილი დაიკავეს. ჯამში ყაზახმა გოგონებმა მსოფლიო თასზე 6-ჯერ ითამაშეს და ტურნირზე ჩატარებული 27 მატჩიდან 11 მოიგეს.
„გოგონებს დიდი სურვილი და მზაობა ქონდათ 15-ქალას სათამაშოდ. ჩვენი მდგომარეობა შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ - თამაშისთვის მზაობა და მატჩისთვის მზაობა. ვფიქრობ, ფიზიკურად და მენტალურად თამაშისთვის მზად ვართ, მატჩისთვის მზაობის კუთხით კი ცოტა მოვიკოჭლებთ, რადგან 15-ქალას თამაშის გამოცდილება არ გვაქვს, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის. როდესღაც პირველი ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. ვიცით, რომ ბევრი გამოწვევა გვექნება და ამისათვის ვემზადებით," - ამბობს ჯაბა მალაღურაძე.
ყაზახეთთან ისტორიული მატჩისთვის 27 გოგონა ემზადება, რომლის ბირთვს ჩვენი 7-ქალა ნაკრების წევრები წარმოადგენენ. მათ, ქუთაისისა და თბილისის ქალთა გუნდების გოგონები დაემატნენ. ყაზახეთთან ორმატჩიანი სერიისთვის ემზადებიან: სალომე საღარაძე, ანანო ხაბულიანი, ანა რურუა, მარიამ სიხარულიძე, მარიამ ბერაძე, ანია პოღოსიანი, კირა დანელია, ნინო გუგუჩია, სალომე მაკასარაშვილი, ტატა ბუზალაძე, ლიკა ხუფენია, ნინო გოგოლაძე, გურანდა ხიჯაკაძე, მარიამ გოგოუაძე, ნინო დოლენჯიშვილი, ნინო წიკლაური, თინათინ გორდეზიანი, ვერა კუნდუხაშვილი, ინგა კაზაროვა, მირანდა სააკიანი, თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), ანა დათიაშვილი, ანასტასია ახვლედიანი, მანონი საღარაძე, ნათა გავაშელი, ანა კაპანაძე, ანი ჩინჩალაძე.
და ბოლოს, აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს 7-ქალა ნაკრებს ივნისში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი ეტაპი ელის, რომლის საგზური ჯაბა მალაღურაძის შეგირდებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს.