
მოკლე პროგრამის შემდეგ, ქართველი ფიგურული მოციგურავე ინგა გურგენიძე მესამე ადგილზე იყო 58.84 ქულით. თუმცა, 15 წლის ქართველმა მშვენივრად იცოდა, რომ მას მეტოქეებთან შედარებით, რესურსიც უფრო მეტი ჰქონდა და მოტივაციაც, საკუთარ კედლებში, ქართველი გულშემატკივრის წინაშე. შესაძლოა, ეს ჩვენი სპორტსმენისთვის, რომელიც თავისუფალ პროგრამაში ბოლო ჯგუფში, ბოლოდან მესამე ასპარეზობდა პასუხისმგებლობასთან ერთად, ცოტა რთულად გასაკეთებელიც კი იყო და ეს, ინგას, გამოსვლის პირველი ილეთის შესრულებისას გამოჩნდა კიდეც, თუმცა, გურგენიძემ მოახერხა კონცენტრაცია და დარჩენილი პროგრამა უნაკლოდ შეასრულა. ამასთან ინგას პროგრამამ ყველაზე მაღალი ტექნიკური შეფასება დაიმსახურა. საბოლოოდ კი, 128, 97 ქულა მიიღო თავისუფალ პროგრამაში, რითაც, პირადი მაჩვენებელიც გააუმჯობესა და ბოლო ორ გამომსვლელს, რომლებიც ინგას უსწრებდნენ საფიქრალიც მოუმატა.
მღელვარება ემჩნეოდათ ბოლო მონაწილეებსაც, რომლებსაც ინგას შედეგზე (ორი პროგრამის ჯამში 187.81 ქულა) მოუწიათ ორიენტირება, თუმცა, მისი გაუმჯობესება ვერ მოახერხეს. შესაბამისად, ქართველი სპორტსმენი, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე ინგას მედალი რიგით მეოთხეა. გურგენიძემდე, ტურნირის მოგებას, 1997 წელს ვახტანგ მურვანიძემ (ვერცხლის მედალი), 2017 წელს ნიკა ეგაძემ (ბრინჯაოს), 2023 წელს კი კონსტანტინე სუპატაშვილმა მოახერხეს. სხვათა შორის, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე საქართველოს მიერ მოპოვებული მედები ფიგურული მოციგურავეებს აქვთ მოგებული.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით საქართველოს სამი ქალაქი, ბაკურიანი, ბათუმი და თბილისი მასპინძლობენ. ევროპის ზამთრის, რიგით მე-17 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში 40-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. მედლები კი, 8 დისციპლინაში გათამაშდება. ამ მედლებიდან ერთი და ისიც ოქროში, დღეს ქართველმა ინგა გურგენიძემ მოიგო და დარბაზში მყოფი გულშემატკივარი საქართველოს ჰიმნზე აამღერა.