
საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრები ნინო წიკლაურის, ნოდარ კოზანაშვილის, ლევან ნაზღაიძისა და ლუკა ბუჩუკურის შემადგენლობით ავსტრიაში, სამთო-სათხილამურო კურორტ ზაალბახში იმყოფებიან, სადაც 4-16 თებერვლის ჩათვლით, მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ნინომ დღეს, გიგანტურ სლალომში სცადა ბედი, თუმცა, პირველი დაშვებისას, ტრასის დასრულება ვერ მოახერხა. შემდეგი სტარტი ქართველ მოთხილამურეს 15 თებერვალს აქვს და ამჯერად წიკლაურს სლალომში მოუწევს დამტკიცება, რომ დღევანდელი გამოსვლიდან დასკვნები გამოტანილი აქვს.
ნინოსაგან განსხვავებით, ჩენი გუნდის მამრობითი სქესის წარმომადგენლებს კვალიფიკაციის გავლა უწევდათ. დღეს, ბიჭებიც გიგანტურ სლალომში ასპარეზობდნენ. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ლუკა ბუჩუკურმა აჩვენა (1 ცდა-58.05, 2 ცდა-56.13, 1:54.18 +11.67-ით ჩამორჩა გამარჯვებულს), 47-ე ადგილი. 56-ე ადგილით დაასრულა ასპარეზობა ლევან ნაზღაიძემ (1 ცდა 58.41, 2 ცდა 58.82, 1:57.23, +14.72). რაც შეეხება ნოდარ კოზანაშვილს, მან ვერ დაასრულა ტრასა პირველი მცდელობისას. შესაბამისად, უშუალოდ მედლების გათამაშებისას, გიგანტურ სლალომში მხოლოდ, ორი ქართველი ბუჩუკური და ნაზღაიძე იასპარეზებენ.
15 თებერვალს საკვალიფიკაციო შეჯიბრია სლალომში, სადაც სამივე ქართველი იასპარეზებს. წარმატების შემთხვევაში კი, ისინი 16 თებერვალს, სლალომში, მედლებისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან.