ბომბარდირის დუბლი, კიტემ კი, ლიგაზე პირველი მატჩი მოიგო
ბომბარდირის დუბლი, კიტემ კი, ლიგაზე პირველი მატჩი მოიგო
29.11.2024
ავტორი: მარიამ მესხი

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ოთარ კიტეიშვილის „შტურმი" „ჟირონას" დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.  59-ე წუთზე ანგარიში მიკა ბირეთმა გახსნა და საბოლოო ანგარიშიც, 1-0 დააფიქსირა. „შტურმის" ქართველმა კაპიტანმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მომდევნო ტურში კიტეიშვილის გუნდის მეტოქე ლილი იქნება, რომელსაც სტუმრად, 11 დეკემბერს დაუპირისპირდება.


უხვგოლიანი გამოდგა დაპირისპირება „სლოვანსა" და „მილანს" შორის, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. ანგარიში 21-ე წუთზე პულისიჩმა გახსნა, თუმცა, ბარსეგიანმა მალევე, 24-ე წუთზე გაათანაბრა და პირველი ტაიმიც ფრედ 1-1 დასრულდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ორი გოლი მოკლე დროში გაუშვეს და ლეაუსა და აბრაჰამის გოლებით მილანი წინ გავიდა, 1-3. თუმცა, ანგარიშის შემცირება სლოვაკურმა გუნდმა 88-ე წუთზე შეძლო და მატჩი 2-3 დასრულდა. მომდევნო ტურში კაშიას სლოვანი 11 დეკემბერს, სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.


ირაკლი აზაროვის „შახტარი" კი, პსვ-ს სტუმრად დაუპირისპირდა. უკრაინული კლუბი პირველი ტაიმის შემდეგ დამაჯერებლად 2-0 იგებდა, თუმცა, 69-ე წუთზე მსაჯმა პედრინიო გააძევა და „შახტარი" 10 კაცით დარჩა. პსვ-მ მატჩის შემობრუნება 87-ე წუთიდან დაიწყო. ჯერ, ტილმანის გოლით ანგარიში შემცირდა, 90-ე წუთზე შესრულებული დუბლით კი, ანგარიში გათანაბრდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე, პეპის გოლით ნიდერლანდელებმა მატჩის მოგება მოახერხეს. ირაკლი აზაროვი სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა და მატში არ ჩართულა.


ბაქოში „ყარაბაღმა" ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონს" უმასპინძლა და ანგარიშით 1-4 დამარცხდა. ქართველმა ბომბარდირმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ჟორჟმა „ყარაბაღთან" მატჩში ევროტურნირებზე პირველი დუბლიც გაიფორმა. მე-15 წუთზე მიქაუტაძემ ანგარიში გახსნა და ლიონი დააწინაურა. მე-80 წუთზე კი, ბომბარდირმა რამდენიმე მოწინააღმდეგე მოატყუა, შესანიშნავი გოლი გაიტანა და დუბლიც გაიფორმა. მომდევნო შეხვედრას ლიონი 13 დეკემბერს, შინ, „ფრანქფურტის" წინააღმდეგ გამართავს.


უეფა-ს კონფერენს ლიგაზე, კიდევ ორი ქართველი მცველის გუნდმა, გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა" და ლაშა დვალის „აპოელმა" მორიგი მატჩები გამართეს. გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი" სტუმრად „დინამო მინსკს" დაუპირისპირდა და 2-1 მოიგო. ქართველმა მცველმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 50 წუთი გაატარა. ლაშა დვალის „აპოელმა" კი, „მოლდეს" მინიმალური სხვაობით, 1-0 მოუგო. დვალი სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა და თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.