ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეულის ჩელენჯერი მოიგო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეულის ჩელენჯერი მოიგო
03.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ნომერი პირველი ჩოგანი „საქმეში" ბრუნდება. ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს, სამხრეთ კორეაში, სეულის 100-ქულიანი ჩელენჯერის ტურნირი მოიგო. გამომდინარე იქიდან, რომ იმ სამ წელიწადში, რაც ნიკოლოზს გაუცდა აქტიური სპორტში, ქულათა მინიჭების სისტემაც საკმაოდ შეცვლილი დახვდა - „1/2 ფინალის მოგებისთვის 15 და ფინალის მოგებისთვის 100 ქულა, ცოტა უცნაური გათვლაა, არ ვიცი ვინ გააკეთა, საკმაოდ რთულია ქულების დაგროვება, ამიტომ სულ მობილიზებული უნდა იყო", ამბობს ბასილაშვილი. შესაბამისად, საბოლოოდ „დასაბრუნებლად" ქართველს, ენით აუწერელი შრომა ელის. თუმცა, „ბასილა" ამ გამოწვევისთვის მზადაა.

ქართველმა სეულში დასრულებული ტურნირის ფინალში, აღნიშნულ ჩელენჯერზე პირველ ნომრად განთესილი იაპონელი ტარო დანიელი ორ სეტში, 7-5, 6-4 დაამარცხა. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ „ბასილამ", რომელიც დიდი „შესვენების" შემდეგ კვლავ გამოჩნდა კორტზე, პირველის სეტის შემოტრიალება 2-5-დან მოახერხა და საბოლოოდ მატჩიც მოიგო.


„ამ ტურნირის მოგება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მე მჭირდება „დაბრუნება" და მჭირდება ქულები. მთელი წელი კონცენტრირებული ვიყავი მომეგო ტიტული. ეს ჩელენჯერი საკმაოდ ძლიერი ტურნირია, ამიტომ ბედნიერი ვარ. არ ვფიქრობ, რომ დღეს ჩემი საუკეთესო თამაში იყო. დავიწყე ძალიან მარტივი შეცდომებით. თუმცა, შემდეგ მოვახერხე კონცენტრირება და საკუთარი თამაშის ჩვენება. საერთო ჯამში, მე გამოვიყენე რამდენიმე შესაძლებლობა, როდესაც ბრეიკ-პოინტები მქონდა და ამით მოვიგე, მაგრამ მაღალი ხარისხის ჩოგბურთი, მე დღეს არ მითამაშია", - ამბობს შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბასილა"


ფინალამდე ბასილაშვილს საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდა: 1/16 ფინალში ფრანგი ატმანეს 6-3, 3-6, 6-4 მოუგო. ამის შემდეგ, 1/8 ფინალში ტაივანელი ვუ 6-2, 6(3)-7, 6-4 დაამარცხა, 1/4 ფინალში იაპონელ მორიას 6-3, 6-4 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგ ესკოფიერის უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, ნიკოლოზის მოწინააღმდეგე, კორტზე ტრავმის გამო ვერ გამოცხადდა და ქართველიც ფინალში ავტომატურად გავიდა.


ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების 20-ულში შედიოდა და ATP-ის კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზე იყო, ცნობილი მოვლენების და ჯანმრთელობის პრობლემების გამო მისთვის უჩვეულო ადგილზე აღმოჩნდა რეიტინგში. „ბასილა", რომელსაც აქტივში ხუთი უმაღლესი კატეგორიის მოგებული ტურნირი აქვს, ამ მომენტში რეიტინგში 311-ე ადგილზეა, თუმცა, სეულის ჩელენჯერის მოგების შემდეგ, ის ერთეულ მამაკაცთა რეიტინგში, დიდი ალბათობით, თითქმის ერთი ასეული ადგილით წინ აიწევს.


„ტრავმის შემდეგ, მიჭირდა მარჯვენა ხელის ბოლომდე დატვირთვა და ამ მხრივაც ბევრი დრო გამიცდა, თუმცა, ახლა თავს კარგად ვგრძნობ, კარგი რეაბილიტაცია გავიარე და მიუხედავად იმისა, რომ ხელზე საერთო ჯამში ოთხი ოპერაცია გადავიტანე, ვახერხებ აღვიდგინო ფორმა და დავბრუნდე ტოპ მოთამაშეებში. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მჭირდება ტურნირები, ისეთი, როგორიც ეს იყო, რომ დავაგროვო ქულები", - ამბობს ბასილაშვილი.


ერთი ტურნირი სეულში, ოთხი იაპონიაში და ეს გზა და ამ გზაზე დაგროვებული ქულები, ნიკოლოზ ბასილაშვილს ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად სჭირდება. ქართველი ჩოგბურთელი სეულის ჩელენჯერის დასრულების შემდეგ, „ტენის აზია ტვ"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზს უსვამს, რომ ამ მომენტისთვის ის, მისი შესაძლებლობების მხოლოდ 30%-ით თამაშობს.