„სამეგრელომ“ და „ვერემ“ 2025 წლის სეზონზე ქალთა ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს
„სამეგრელომ“ და „ვერემ“ 2025 წლის სეზონზე ქალთა ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს
20.10.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დასასრულს უახლოვდება ქალთა ლიგა 2-ის 2024 წლის გათამაშება. 19 და 20 ოქტომბერს 25-ე ტურის თამაშები გაიმართა.

სატურნირო ცხრილის ლიდერმა „სამეგრელომ" მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში, მათ გასვლაზე მცხეთაში, „ახალგორი" ორბურთიანი სხვაობით, 4-6 დაამარცხეს და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 75 ქულით გაინაღდეს პირველი ადგილი და 2025 წლის სეზონზე, ქალთა ლიგაში ასპარეზობის უფლება.


შეგახსენებთ, რომ მომავალი წლიდან, ქალთა ლიგის გათამაშებაში 10 გუნდი იასპარეზებს. შესაბამისად, ქალთა ლიგა 2-ის პირველ ორ ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად ემატებოდა ქალთა ლიგის 2025 წლის გათამაშებას. „სამეგრელოსთან" ერთად, ეს უფლება, ერთი ტურით ადრე „ვერემაც" გაინაღდა. თბილისელებმა, 25-ე ტურში ახალციხეში „ზარზმა" დიდი ანგარიშით 0-16 დაამარცხეს, 67 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი გაინაღდეს.


ქალთა ლიგაში დაწინაურების შანსი აქვს „რაჭა 2020"-საც. ჩემპიონატის 2024 წლის დებულების თანახმად, ქალთა ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გასული გუნდი, ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფის ბოლო ადგილოსანთან ფლეი-ოფში გაარკვევს თუ, რომელ ლიგაში იასპარეზებს. ქალთა ლიგა 2-ის დასრულებამდე, ერთი ტურით ადრე, ამბროლაურის გუნდმა „აგრანო ვაჩაძის" სახელობის სტადიონზე 4-1 დაამარცხა „თეთრიწყარო", დააგროვა 59 ქულა და მესამე ადგილით დაასრულებს მიმდინარე გათამაშებას.


ბოლოს წინა, 25-ე ტურის სხვა შეხვედრები შემდეგნაირად დასრულდა:


„ლანჩხუთი 2" - „გორი იუნაიტედი" 4-0

„ნორჩები" - „ივერია"  1-2

„დინამო სოხუმი" - „რუსთავი" 0-9

„დინამო გაგრა" - „ეძანი" 7-0


ქალთა ლიგა ორის გათამაშების ბოლო 26-ე ტური 23 და 24 ოქტომბერს არის დანიშნული.


იხილეთ ქალთა ლიგა 2-ის გათამაშების სატურნირო ცხრილი ბმულზე.


ქალთა საფეხბურთო კლუბების "სამეგრელოს", "ვერესა" და "რაჭა 2020"-ის ფოტოები