თემო სამსონაძემ თურქეთში მორიგი 8-ანი სირთულის მარშრუტი იარა
თემო სამსონაძემ თურქეთში მორიგი 8-ანი სირთულის მარშრუტი იარა
22.04.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე, მსოფლიო კორონა ვირუსის პანდემიას ებრძვის, ქართველი სპორტსმენების უმეტესობა კი, სახლის პირობებში ცდილობს სპორტული ფორმის შენარჩუნებას, ქართველი მეკლდეურების მცირე ნაწილი თურქეთში, გეიქბაირის დასახლებასთან მდებარე კლდეებზე ახალი სირთულის მარშრუტების გავლას ახერხებს. გუშინ, ქართველმა მეკლდეურმა თემო სამსონაძე, 8ბ სირთულის მარშრუტი იარა და საკუთარ მიღწევებს კიდევ ერთი მიუმატა.


„გეიქბაირი, არის ევროპაში ერთერთი დიდი საცოცი რეგიონი, სადაც 1500-ზე მეტი მარშრუტია კლდეზე გაკეთებული. კლდეების მიმდებარე ტერიტორიაზე არის 6-7 ბანაკი, სადაც საცოცად ჩამოსულ მეკლდეურებს შეუძლიათ დარჩენა. ჩვენც ერთერთ მათგანში გავჩერდით, ბანაკში სახელად Jo.Si.To. პირველი ჩემი პროექტი დაიწყო 10 მარტს. სამიზნე იყო  მაარა  (Mağara)-ს სექტორი. ტრასა - PLASTIK FANTASTIK; სირთულე - 8A; სიმაღლე - 25მ; ტრას ტობიაშ ჰაუგის (Tobias Haug) მიერ არის გაკეთებული. აღნიშნული ტრასის საკვანძო მონაკვეთი მიწიდან 15-25 მეტრის სიმაღლეზე იყო. საბოლოოდ ტრასის გასავლელად 8 დღე (რომელთაგან 2 დასვენების დრე იყო) და 16 მცდელობა დამჭირდა" - ამბობს თემო სამსონაძე TSFF.GE- სთან საუბარში.


20 წლის თემო სამსონაძე, სპორტის ამ სახეობაში 14 წლის ასაკიდან ვარჯიშობს. მეკლდეურობის გარდა, ალპინიზმითაც არის დაკავებული და საქართველოშიც, ქვეყნის მასშტაბით გამართულ, მეკლდეურთა არაერთ შეჯიბრში აქვს მონაწილეობა მიღებული. საპრიზო ადგილებზეც არაერთხელ გასულა.


„იმის გამო რომ, საქართველოში სპორტის ეს სახეობა არ არის განვითარებული სათანადო დონეზე, სპორტსმენებს თავად უწევს შეიქმნან ის პირობები, რომელსაც რიგ შემთხვევებში სახელმწიფო და კონკრეტული სპორტის ფედერაცია ვერ უქმნიან. მეკლდეურები, მუდამ ცდილობენ გააკეთონ ახალი მარშრუტები ბუნებრივ კლდეებზე, მაგრამ ეს, დიდი ფინანსებთანაა დაკავშირებული. დარბაზის აშენებაზე კი, ლაპარაკიც არაა. ფინანსების მოძიება საკმაოდ რთულია და ჩვენ, გვიწევს ჩვენი ხარჯებით ამ ყველაფრის კეთება. არსებობს სერვისი climbing.ge სადაც, არის მოცემულია ინფორმაცია, საქართველოში არსებული ყველა საცოც რაიონზე და დარბაზზე", - ამბობს თემო.


გამომდინარე იქიდან, რომ პირადად მეც, ამ სტატიის ავტორო, თავისუფალ დროს მეკლდეურობას „ვაფარებ" ხოლმე თავს, რთულია არ დავეთანხმო თემოს, სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული თუ ფინანსური სიმწირის თაობაზე. შესაბამისად, ისიც მშვენივრად ვიცი, რომ წლებია, ქართველი მეკლდეურები სწორედ საკუთარი ხარჯით, ახერხებენ თანამედროვე მეკლდეურობის გამოწვევებთან სიახლოვეს ყოფნას. არა და 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მეკლდეურობა, ოფიციალურად თამაშების ნუსხაშია შეტანილი.


შესაბამისად, ვიდრე, საქართველოში მეკლდეურობის განვითარების მიზნით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, ჩვენი ქვეყნის სპორტსმენები, პერიოდულად დონის შესანარჩუნებლად, ისეთ ქვეყნებს სტუმრობენ, სადაც სპორტის ეს სახეობა მეტადაა განვითარებული. სწორედ, ასე მოხვდნენ, 2020 წლის 3 მარტს, ქართველები ანტალიასთან მდებარე ამ დასახლებაში. თემომ პირველი მარშუტის გავლის (18 მარტი), მორიგი წარმატება 25 მარტს ჩაიწერა და მეორე პროექტის (სექტორი - TREBENA WEST EXTENSION 2; ტრასა - FLAME OF FAME; სირთულე - 8A სიმაღლე - 18მ; ტრასის შემქმნელი (ბოლტერი) - T. H.) შესასრულებლად 2 დრე და 6 მცდელობა დასჭირდა.




„ამ ორი პროექტის შემდეგ ჩვენი საქართველოში დაბრუნების დროც მოვიდა მაგრამ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო საქართველო-თურქეთის საზღვარი ჩაიკეტა და ჩვებ აქ დარჩენა მოგვიწია. აიკრძალა ცოცვა გარკვეულ სექტორებში და პოლიცია აკონტროლებდა ამ აკრძალვას. დარჩა სულ 5-6 სექტორი სადაც ცოცვა იყო ნებადართული. აღსანიშნავია, რომ ამ რაიონში არსებული საცოცი სექტორების რაოდენობა, საქართველოში არსებული ყველა სექტორში არსებული ტრასების რაოდენობაზე მეტია" - ამბობს თემო.


აღსანიშნავია, რომ თურქეთში თემო, მეგობარ გოგონასთან ემილისთან და კიდევ ერთ ქართველ მეკლდეურთან ანნა დულარიძესთან ერთად იმყოფება. ცნობისთვის, ანნა ქართველი მეკლდეურია, რომელმაც, თურქეთში, რამდენიმე კვირის წინ, ასევე მოახერხა 8-ანი სირთულის მარშრუტების გავლა და 2016 წელს დაწყებული გავლილი მარშრუტების სიას კიდევ რამდენიმე დაუმატა. ჩვენთან საუბარშიც, თემო სწორედ ამ ადამიანებს უხდის განსაკუთრებულ მადლობას და ყველა გულშემატკივარს, რომელიც ამ ძნელბედობის ჟამს, თურქეთში მყოფ ქართველ სპორტსმენებს ქომაგობს და ამხნევებს.


ბოლო და ყველაზე რთული მარშრუტი ( სექტორი - TREBENA WEST 6; ტრასა - PROFESSUR; სირთულე - 8B; სიმაღლე - 33; ტრასის შემქმნელი (ბოლტერი) - T. H.) 20 აპრილს გავიარე. ტრასის გასავლელად 17 დღე დამჭირდა. ამდენი ხანი, იმიტომ მოვანდომე რომ, ერთი კვირა წვიმდა და კლდის ის ნაწილი, სადაც ეს მარშრუტი იყო, ძალიან სველდებოდა. მცდელობების რაოდენობა არ ვიცი, არ დამითვლია, მაგრამ ვვარაუდობ 20-22 იყო. ტრასის ურთულესი მონაკვეთი 26-33 სიმაღლეზე იყო. სადაც ძალიან პატარა საჭიდები იყო. ურთულესი მოძრაობაა პატარა საჭიდიდან ცალთითიან ნახვრეტზე შესვლა იქ დაცვის გაკეთება (ატწიაშკაში" ჩაგდება) და იქიდან 2 თითის ნახვრეტზე შესვლა. მთელი ამ მონაკვეთის სირთულე იმაში მდგომარეობდა რომ, ძალიან პატარა ფეხის დასადგამები იყო და მთელი დატვირთვა ხელებზე, ცალ თითზე მოდიოდა, რაც საკმაოდ სტრესულია მყესებისა და სახსრებისთვის. პირველი რამდენიმე მცდელობის დროს, მეშინოდა, რომ რამე არ დამზიანებოდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, როგორ უნდა გამეკეთებინა ეს მოძრაობა ისე, რომ არაფერი დამზიანებოდა" - ამბობს თემო.  


შეგახსენებთ, რომ პატარა თურქული დასახლება გეიქბაირი, ანთალიიდან ავტომობილით 40 წუთის სავალშია. ქართველმა სპორტსმენებმა, კორონა ვირუსის გამო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ იციან როდის მოახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. თუმცა, ამ ეტაპზე ჯანმრთელად არიან, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და წვრთნას განაგრძობენ. 

 

 


ფოტოები: იაროსლავ მუდრიკის Yaroslav Mudrik