2008
თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების ფესტივალი ”ნიამორი”- 2008
“Crossing the Lines” თუ “Coast to Coast” - თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების საერთაშორის ფესტივალის “ნიამორის” ცხრაკაციანი ჟიურიდან, ფესტივალის პარტნიორი საინფორმაციო სააგენტო “ნოვოსტი გრუზიას” ოფისში, მართალია მხოლოდ 5 წევრი მსჯელობდა ამ ფილმებიდან რომელი გამხდარიყო საიუბილეო “ნიამორის” გამარჯვებული, თუმცა საბოლოო არჩევანში მოულოდნელად საზღვარგარეთ გამგზავრებული 4 “მსაჯულის” და საქართველოს ტურისტულ-ექტრემალურ პოტენციალში ყველაზე კარგად გარკვეული საბა კიკნაძის არგუმენტებმა გადაწონა.
“Crossing the LInes” ეს ის ფილმი არაა, სადაც ახალგაზრდების ჯგუფი ხან კლდეზე ცოცავს, ხან მდინარეზე ნავებით ეშვება, ხან მწვერვალებს ლაშქრავს, ყინულზე ცოცავს?... და მთელს ევროპაში მოგზაურობს? ფესტივალის იდეა შემახსენეთ ერთი? ჩვენთან სპორტის და ტურიზმის ამ სახეობების განვითარება ხომ? ჰოდა, მაშინ რაზე ვფიქრობთ, ეს ფილმი უნდა გახდეს იმის მაგალითი, რომ ჩვენთან ამის გაკეთეთება 2-3 დღეშიც შესაძლებელია.. ერთი რასაც საქართველოში განვითარება არ უწერია სერფინგია,”- დაასკვნა საბამ და მას ყველა დაეთანხმა. თუმცა, ეს იყო ბოლოს.
მანამდე კი, ადრეული სამზადისის მიუხედავად (ფესტივალი თადარიგის დაჭერას 2007 წლის ოქტომბრიდან შეუდგა), რიგით მეხუთე ფესტივალის ორგანიზება განსაკუთრებულად მძიმედ დაიწყო... იდეა ყველას მოსწონდა (ეს ბიზნეს-სექტორში), თანაც ფესტივალის თემატიკა სახელმწიფო პრიორიტეტშიც შედიოსო (ამასაც აყოლებდნენ), მაგრამ ზოგი იძახდა ბიუჯეტში არ გვაქვს გათვლილი და ზოგიც - ჩვენ ჩვენსას ვატარებთო (ეს ძირითადად სათხილამურო ტურნირს ეხებოდა). ისე, “ნიამორის” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თუ მედია ტურნირამდე ჩვენთან მხოლოდ საქართველოს პირველობა, ტრადიციული “ფიფიას”, “აბუს”, “სუხიას” , “ხაბეიშვილის” და “არქიტექტორების” ტურნირები ტარდებოდა, მედია სათხილამურო სტარტის შემდეგ ე.წ. კორპორატიული ტურნირების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ გუდაურში შაბათ-კვირას ნამდვილი თრეფიკი იყო...
ალბათ, აქვე ერთს ვიტყვი კიდევ გულისტკივილით და ამ თემას მეტჯერ აღარ დავუბრუნდები. სწორედ, ამ კორპორატიული ტურნირების გასაშუქებლად, ქართული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები თითქმის სამი თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას “ჩაყრიდნენ” ხოლმე მედიის წარმომადგენლებს ტრანსპორტში და შემდეგ, უცხოეთში განთავსებულ ჰედ-ოფისებში თავის მოსაწონებლად ჩემს კოლეგებს სტატიებს “აწერინებდნენ”, და ზურგს უკან მათ ლანძღვა-გინებას უნდებოდნენ... საბოლოოდ, ამ ჟურნალისტებისთვის სიმბოლური თანხაც კი ვერ მოიძიეს ბიუჯეტში (ერთადერთი გამონაკლისი "ყაზბეგი ჯგუფია"), რომ პატარა, საკუთარი ზეიმი მედიასაც ჰქონოდა. ჰოდა, გინდა პოზიციად ჩამითვალეთ, გინდა უ-პოზიციად, მაგრამ ჟურნალისტების ზეიმი სამი წელია მხოლოდ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ძალისხმევით და წელს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელშეწყობითაც მაინც მოეწყო.
თაობათა გადაძახილი
2008 წელს “ნიამორი” განსხვავებული უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ, ორგანიზატორებს ბევრი არ გვიფიქრია და საზოგადოებითვის უცნობი იტალიელი ფოტოგრაფისა და მოგზაურის ვიტორიო რონკეტის ფოტოექსპოზიციის პროექტით ქარვასლაში ლიკა მამაცაშვილს მივაკითხეთ. თავის მხრივ ფოტოები 4 წლის წილ ჩემმა მეგობარმა, მაკა კვარაცხელიამ მომაწოდა. ...ლიკამ ცოტა ხანს ჩუმად უყურა მონიტორს და შემდეგ ისე, ზრდილობის გულისთვის იკითხა: - ნამდვილად არ არის ხომ, სელას უცნობი ფოტოები? – შემდეგ, ერთ-ერთ ფოტოზე წარწერა შენიშნა და მაიკო ქუთათელაძეს (მუზეუმის თანამშრომელს) სთხოვა გაედიდებინა.
ფოტოზე გაურკვეველი იტალიური წარწერის გვერდით, გარკვევით ეწერა თარიღი “1908 წელი”, – ეს უკვე მომწონს, - ჩაილაპარაკა ლიკამ და თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა დასახა. გეგმა, ერთის შეხედვით “რწყილი და ჭიანჭველას” ამბავს წააგავდა – ფესტივალს დახმარებისთვის თხოვნით კულტურის სამინისტროსთვის უნდა მიემართა. შემდეგ, სამინისტრო თხოვნით ხელი შეეწყოთ ფესტივალის ორგანიზატორთათვის, ოფიციალურად მიმართავდა ეროვნულ მუზეუმს და მხოლოდ, ამის შემდეგ “ამოისუნთქავდნენ” თბილისის ისტორიის მუზეუმშიც (ქარვასლა), რომელიც წელს ფესტივალის ფოტო-ნაწილის თანაორგანიზატორი გახდა, ფოტოსამყაროსთან, იტალიის საელჩოსთან და მილანის ალპურ კლუბთან ერთად...
გადაწყდა, რომ 18-25 მარტის ჩათვლით “ქარვასლას” საიუბილეო “ნიამორისთვის” ერთდროულად სამი საგამოფენო სივრცე დაეთმო. საერთო ჯამში კი საბოლოოდ 300 ფოტო გამოიფინა. ქარვასლაში გამოფენა “თაობათა გადაძახილი” 18 მარტს 18 საათზე “იტალიურ დარბაზში” გაიხსნა. იტალიის საელჩოს კონსულმა პიერლუიჯი სკეტინომ დამსწრე საზოგადოებას ვიტორიო რონკეტის მიერ, კავკასიაში ორგანიზებულ ხუთ ექსპედიციაზე უამბო.
ოგანიზატორებმა კი, თავის მხრივ დავამატეთ, რომ ამ ეტაპზე ქარვასლაში რონკეტის მხოლოდ ის 100 ფოტო გამოიფინა, რომლებიც იტალიელმა ყაზბეგის, დარიალის, ყაბარდოს, თრუსოსა და სვანეთის რეგიონებში გადაიღო. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები იტალიის ალპური კლუბის მილანის, ისტორიულ-ფოტოგრაფიული განყოფილების არქივის საკუთრებაა და მისი “გამომზურების” უფლება იტალიელებმა სწორედ ფესტივალს “ნიამორი” მიანდეს. ფესტივალის სახელით კი დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ჩემს კოლეგას სოფო ზულიაშვილს, იტალიელების “მიმართულებით” გაწეული სამუშაოსთვის.
ინფორმაციისთვის აღნიშნული არქივის ციფრული ვერსიის შექმნა, იტალიაში ცოტა ხნის წინ სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით მოხერხდა. არქივის შექმნაში მონაწილოებდნენ: ლომბარდიის რეგიონის მთის ეროვნული ინსტიტუტი, Associazione Versante Sud, UNASCI –იტალიის ასწლიანი სპორტული ასოციაციების ეროვნული გაერთიანება "ცოცხალი არქივების" პროექტის ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ დააფინანსა CONI-მ იტალიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა.
იმედია, იტალიის ოლიმპიური კომიტეტის მსგავსად, მალე აქაცდაინტერესდებიან სპორტის არაოლიმპიური სახეობით, რომელიც ერთ დროს ჩვენში ყველაზე პოპულარული და ფეხბურთისა და ჭიდაობის შემდეგ, ალბათ, ყველაზე მასობრივიც იყო. სხვათა შორის, ეს რომ ასე ყოფილა “ნიამორის” მეორე არასაკონკურსო დარბაზის დამთვალიერებელთა რიცხვა და ინტერესმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა. დარბაზში 1923 წლიდან მოყოლებული 1970 წლებით დათარიღებული ქართვული ალპინიზმის ისტორიის ამსახველი უნიკალური ფოტოები იყო გამოფენილი. ნიამორელებს ამაში ჯაფარიძეების, ჩართოლანების, ხერგიანების, თიკანაძის შთამომავლები დაეხმარენ. ამას გარდა “ქართულ დარბაზში”, რუსთაველზე იმ ხანად გაშლილი კარვების ქალაქისგან ალტერნატიული კარვების ქალაქი გაიშალა...
ქალაქი, ცნობილი ქართველი მთამსვლელის, 1984 წელს, უშბაზე დაღუპული ირაკლი გელდიაშვილის კარვებით აშენდა, ხოლო მის ნახმარ ნივთებს – წერაყინს, პალოებს, “რეპშნურს”, ახალგაზრდა ალპინისტების მიერ საკუთარი მამებისთვის “ჩამორთმეული” გასული საუკუნის ალპინისტური აღჭურვილობა დაემატა...
- ეს დარბაზი მომეწონა ყველაზე მეტად. თიკანაძე კი ჩემი სათაყვანებელი ფოტოგრაფია,- აღტაცება ვერ დამალა “მზის” ჟურნალისტმა თამუნა ჩიხლაძემ, რომელიც ისე გაერთო ექსპოზიციის თვალიერებით, რომ კინაღამ სიუჟეტის მომზადება დაავიწყდა. ისე, გურამ თიკანაძეს “ნიამორისთვისაც” უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს. საქმე ისაა, რომ ხუთი წლის მანძილზე, “ნიამორის” არც ერთი ფოტოგამოფენა ამ ხელოვანის ნამუშევრების გარეშე არ გამართულა.
- ლამაზია, მაგრამ კომპოზიციურად არ არის გამართული, - ეკამათება ფოტო-ჟიურის სხვა წევრებს იური მეჩითოვი. გურამ წიბახაშვილი, ბესო გულაშვილი და ნონო ანთაძე მას თითქოს არ ეთანხმებიან. ვცდილობ ჟიურის მუშაობაში ოდანვ ჩავერიო (რასაც, როგორც წესი არასდროს ვაკეთებ) და ვუხსნი, ცისფერი კარავი კომპოზიციურად რომ გაეშალათ, მთამსვლელებს რა შეიძლებდა დამართვნოდათ. ამის შესახებ მეჩითოვი მოკლედ მპასუხობს – “თამუნაჩკა, შენ ფოტოგრაფიაში ვერ ერკვევიო”. ბუნებრივია, გამეღიმა, მაგრამ არაფერი ვუპასუხე... ჟიური იმისაა რომ გამარჯვებული გამოავლინოს. ერთი კი ვუთხარი: “კეთილი, წელს წამობრძანდით ჩვენთან ერთად “ზესხოში”, გავშალოთ კარავი ერთი ღამით, შედარებოთ უფრო იოლ ადგილას, ვიდრე ეს ცისფერი კარავია გაშლილი და კომპოზიციურად გამართული კადრები იქნებ, თქვენ გადაიღოთქო”. ჟიურის, იდეა მოეწონა, ასე რომ, კომპოზიციურადგამართული ფოტო-კადრების თემას “ნიამორი” მომავალშიც დაუბრუნდება. აი, იმ ფოტოს ავტორი, იგორ სმიჩკოვი კი ფესტივალზე ახალ ნამუშევრებს ვეღარასოდეს წარმოადგენს. ის, ფესტივალის მსვლელობის დროს, ტრაგიკულად დაიღუპა.
რაც შეეხება ფოტო-კონკურსს, სადაც მსგავსი კამათი ჟურის წევრებს შორის ჩვეულებრივი მოვლენაა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ: საუკეთესო ფოტოს ავტორი სერგო ბელოუსოვი გახდა, საუკეთესო პეიზაჟის რომა ლომიძე. სხვათა შორის, რომამ სამი “ნიამორი” მოიგო ზედიზედ, ამიტომ ჩვენი წესების თანახმად მას მომავალში, ფსევდონიმითაც კი ეკრძალება ფესტივალში მონაწილოება. სამაგიროდ, მას ორგანიზატორთა რიგებში ველოდებით. წლევანდელი გამარჯვებისთვის კი მას 10 დღიანი საგზური ერგო “ზესხოს” ალპინისტურ ბანაკში. ისევე, როგორც სერგო ბელოუსოვს და ფოტო-კონკურსის კიდევ ორ გამარჯვებულს – მამუკა მაისურაძეს, საუკეთესო აპლინისტური ფოტოსთვის (მას ასევე “ელიტელის” მიერ დაწესებული ციფრული ფოტოაპარატი გადაეცა) და მიშა თვარაძეს, სერიისთვის ზვიგენები (რომელსაც “ყაზბეგი” ჯგუფის დაწესებული ციფრული ფოტოაპარატი ხვდა წილად).
სულ ფოტო-კონკურსზე 40-ზე მეტი ავტორის 500-მდე ნამუშევარი შემოვიდა, თუმცა ჟიურიმ სასელექციო სამუშაოს შემდეგ მხოლოდ 17 მათგანის 100-მდე ფოტოს აუნთო მწვანე შუქი. სწორედ, ეს ფოტოები გამოიფინა ქარვასლი საკონკურსო დარბაზში.
ასე იწერება ისტორია...
“. . .კარავი გაშლილ ადგილას დგას, საბაზო ბანაკის ადმინისტრაციული შენობისგან ოციოდე მეტრის მოშორებით..." – ეს შორენა ლებანიძის “8848”-დან არის ნაწყვეტი. დოკუმენტური მოთხრობა, რომლის კონკურსიც ფესტივალი “ნიამორი”-ს ფარგლებში უკვე მეორე წელია იმართება, ავტორმა ცნობილი ქართველი მთამსვლელის მერაბ ხაბაზის დღიურის მიხედვით დაწერა.
საფესტივალო ლიტერატურული კონკურსის ჟიურიმ, შორენა შავერდაშვილის (“ცხელი შოკოლადის” რედაქტორი), ანა კორძაია-სამადაშვილისა და ნინო ქადაგიძე-ჟვანიას შემადგენლობით დიდხანს არ იფიქრა, ისე მისცა ჟურნალი “ცხელი შოკოლადის” მთავარი ჯილდო და ფულადი პრემია “8848”-ს.
-ჩვენ არ ვიცოდით ვინ იყო ავტორი თითოეული ნაწარმოების მიღმა. თამუნა მათ ვინაობის დამალვას კარგად ახერხებს. თუმცა ფავორიტი ავტორი, ყველამ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთი და იგივე შეარჩია. მე მიხარია, რომ შორენა ლებანიძეს დღეს “ნაიმორის” გამარჯვებულის ამპლუაში ვხედავ. რაც შეეხება მეორე გამარჯვებულს... და, ჩვენ პრემია მასაც გავუყავით - გახდა ერთდროულად 4 ნაწარმოების ავტორი... თუ ვინ არის, გვარს ორგანიზატორები გაგვიმხელენ, მაგრამ ის რომ ოთხოვე ერთი ადამიანის დაწერილია, ამაში ხელწერამ “გაყიდა”,-აღნიშნა დაჯილდოების საღამოზე შორენა შავერდაშვილა. მეორე პრემია ვეტერან ჟურნალისტსა და პუბლიცისტს, ცნობილი ქართველი მთამსვლელების ჯაფარიძეების შთამომავალს ივანე ჯაფარიძეს ერგო.
ნაწარმოებების შეფასებისას ჟიურის ალაბათ, არც კი შეუნიშნავს, რომ თავიანთი არჩევანით მათ, ქართული ალპინიზმის გასული საუკუნის მიწევებს გაუსვეს ხაზი – 1923 წლის 3 სექტემბრით ქართული მთამსვლელობის ისტორია, მყინვარწვერის ექსპედიციით იწყება... რომელიც 1999 წლის მაისში, ქართული ალპინიზმის ევერესტული “დუბლით” (იმ წელს მსოფლისო სახურავზე, 8848 მეტრზე, სხვადასხვა მხრიდან ორი ქართული ექსპედიაცია რამდენიმე დღიანი შუალედით ავიდა) დაგვირგვინდა. ალბათ, ქართული ალპინიზმის ისტორია ასეც უნდა დაიწეროს.
ლიტერატურულ კონკურსზე, კი რომლის მთავარი მიზანიც სწორედ ალპინისტური და სამოგზურო დღიურების მზის შუქზე გამოტანაა, წელს 17 მონაწილ იყო. მომავალში კი “ნიამორის” საორგანიზაციო კომიტეტი ე.წ. “ნიამორის ბიბლიოთეკის” დაფუძნებას აპირებს, მაგრამ ამაზე მომავალში.
ფორტუნა-ფართი და მედია-სტარტი
შაბათ დილით, სააკაძის ძეგლთან უჩვეულო ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. ფესტივალი “ნიამორის” ბოლო კონკურსი, არც მეტი, არც ნაკლები სათხილამურო შეჯიბრი იყო გიგანტურ სლალომში. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და სათხილამურო სპორტის ფედერაციის ხელშეწყობით ჟურნალისტები, უკვე მესამე წელია სპორტის ამ ლამაზი სახეობის და ექსტრემალური სრიალის მოყვარულ სპორტსმენთა პოპულარიზაციას უწყობენ ხელს. ისე, ხუმრობა იქით იყოს და ბევრმა ჟურნალისტმა სწორედ “ნიამორის” ტურნირებზე აიდგა ფეხი და ამაზე მეტი ექსტრემიც რაღა უნდა იყოს...
ასეა თუი ისე, ქართული მედიის ყველაზე აზარტული ნაწილი გუდაურში გასამგზავრებლად ორგანიზატორთათვის მოულოდნელად ზუსტად დათქმულ დროს შეიკრიბა. “მზე”, “რუსთავი 2”, “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, “იმედი”, “ალანია”, რადიო-“ფორტუნა” – ამ ტელეკომპანიების გუნდები დეპარტამენტის გარდამავალ თასზე აცხადებდნენ პრეტენზიას. თასი მეორე წელია თამაშდება და მისი პირველი მფლობელი “ნიამორის” გუნდი იყო. მედიის იმ წარმომადგენლებმა კი, ვინც გუნდის შეკრება ვერ მოახერხა ძალების მოსინჯვა პირად ჩათვლაში გადაწყვიტეს. მათ “ელიტელის”, მაღაზია “ექსტრემის”, “მოდა+სპორტისა” და GD-ალკოს პრიზები ელოდათ.
- ავდგები და მეც გამოვალ... ისეთი რა უნდა მომივიდეს? _ იკითხა დათო მინაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულმა კომენტატორმა და მიკროავტობუსის კარი მიიხურა.
- ისე, “ჩაინიკი” რომ ავიღო რა უნდა გავაკეთო? - უკვე დაძრული ავტომობილიდან მიაძახა ორგანიზატორებს ზურა უსუფაშვილმა, საზოგადეობრივის კიდევ ერთმა სპორტულმა ჟურნალისტმა.
მოკლედ, 54 ქართული მედიისა და ერთიც “რია-ნოვოსტის” დამწყები ჟურნალისტები გუდაურში გაემგზავრნენ და ისე, რომ სასტუმრო “გუდაური ჰათ”-ში დაბინავებაც კი ვერ მოასწრეს ტრასის დასაზვერად წავიდნენ... ისრიალეს, ვიდრე საბაგირო დაიკეტებოდა და საღამო ხანს კი, დაქანცულები სასტუმროში მოკალათდნენ...
მალე მონაწილეთა რიგითობის დასადგენი კენჭიყრაც გაიმართა. გოგონათა შორის ტრასაზე პირველი ნომერი ლიზი წიკლაურს (საზოგადოებრივიდან), ხოლო ვაჟთა შორის სერგი ბერძენიშვილს (მზიდან) ერგოთ.
ამასობაში, DJ-გიგამ “ფორტუნა+”-დან კარაოკე ჩართო და მედიის წარმომადგენლებს წინასაშეჯიბრო მოთელვა შესთავაზა. გასული წლის ჩემპიონმა “ნიამორის” ამ “სახეობაში”, დათო მინაშვილმა, ესაო და თოფი იქნებ კიდევ გამივარდესო, საღამო გახსნა. იმღერა კიდეც და ბევრიც იცეკვა, თუმცა “მზის” ახალგაზრა ჟურნალისტის სერგი ბერძენიშვილის ვოკალურ მონაცემებს ჩრდილი ვერ მიაყენა. სერგი კი რადიო “ფორტუნას” ტრადიციული ნიამორული გათამაშების გამარჯვებული გახდა. მას ერთი ყუთი “ლუდი”: გადაეცა პრიზად "ყაზბეგი ჯგუფისგან".
ის ღამე “გუდაური ჰათ”-ში გვიანობამდე და საკმაოდ ხმაურიანად გაგრძელდა. ქართველებს, სასტუმროში მყოფი ბალტიისპირელები შეუერთდნენ და... შესაძლოა ამიტომაც, სასტუმროს ადმინისრტაციას, კომპენსაციის სახით და ჩვენი გაძლებისთვის, მეორე დღეს დიპლომი გადავეცით. მედია-ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოებაც სწორედ ამ სასტუმროში გაიმართა. სხვათა შორის, იმ ღამეს ყველაზე გვიან დუტა სხირტლაძემ დაიძინა, რადგან ჟურნალისტთა არმიას, ყველაზე ბოლოს, სწორედ “ჯეოსელის სახე” და “რუსთავი 2”-ის მთავარი მეზღაპრე შემოგვიერთდა.
მანამდე კი ორგანიოზატორთათვის საკმაოდ რთული და მონაწილეთათვის ხალისიანი დილა დაიწყო. რთული იმ თვალსაზრისთვით, რომ დილით გაირკვა, რომ ჩვენი ტურნირისთვის განკუთვნილი აბონიმენტებით, გუდაურში წინა დღეს გამართული შეჯიბრის მონაწილეებმა ისარგებლეს (ეს ის ხალხია, ვინც ფესტივალთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და 60 კაციანი ჟურნალისტური არმიის ხილვას, გუდაურში უბრალოდ არ მოელოდნენ)... ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ტრასის მასპინძელმა ასეთი განმართება მოგვცა.
ალბათ, ამიტომაც წინა დღეს პირადად ჩემს მობილზე დიდი ხნის დაკარგულმა “კეთილმოსურნეებმა”, რამდენჯერმე ზრდილობის გულისთვს ჩემი განწყობა მოიკითხეს და ისე, თითქოს მეგობრულად მისაყვედურეს კიდეც, რა იყო, რა პრეს-კონფერენციების გამართვა აგიტყდაო. დილით კი სახეშეცვლილები აცქერდებოდნენ ტურნირის მიმდინარეობას, სადაც ყველა ძირითადი ტელევიზია იყო წარმოდგენილი.
რაც შეეხება მეორე პრობლემას, 10 საათზე შეჯიბრისთვის გამზადებულ მედია-კორპუსს, კვლავ იმავე მასპინძელმა “გვთხოვა” ჯერ ტრასაზე ერთი კორპორატიული ტურნირის მონაწილეები უნდა გავუშვაო...
ჩვენც რა გზა გვქონდა, დავიცადეთ. მით უმეტეს, ვიცოდით, რომ კოლეგების ტურნირის გასაშუქებლად თბილისდან გადამღები ჯგუფები, მედია-პარტნიორები და გამარჯვებული გუნდისთვის გარდამავალი თასის გადასაცემად დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური მოიჩქაროდნენ. თანაც, 11 საათზე დაიწყებდი შეჯბრს, თუ 13 -ზე დიდი სხვაობა არ იყო. მზე ისე აცხუნებდა, რომ თოვლის საფარი ისეც და ასეც, გაფუჭებული იყო.
მიუხედავად ყველაფრისა, ჟურნალისტებმა შესაშურად მოინდომეს და ისეთი შედეგები აჩვენეს, რომ მომავალში შესაძლოა მედია-ტურნირი უკვე 2 ნაწილად – სპორტულ და მოყვარულთა შორისაც კი ჩატარდეს. წელს კი ვაჟთა შორის გიგა ოთხმეზურმა (იურიდიული ჟურნალი) გაიმარჯვა. მეორე და მესამე ადგილები “ნიამორის” I და II გუნდების წარმომადგენლებმა შოთა გოცირიძემ და დიმა მაღრაძემ გაინაწილეს. კიდევ ერთი ნიამორიელი, ანი გოცირიძე, გოგონათა შორის გამართული შეჯიბრის პრიზიორია. ის მესამე იყო და მეასედი წამებით ჩამორჩა მეორე ადგილზე გასულ თამუნა ჟორჟოლიანს “რია-ნოვოსტის” საქართველოს ბიუროდან. გოგონათა შორის გამარჯვებული კი "რუსთავი 2"-ელი ქეთი ებანოიძე გახდა.
ისე, ერთი საინტერესო დეტალი – ჟურნალისტთა ტურნირების მანძილზე ქეთიმ პირველ წელს “იმედის”, მეორე წელს – “საზოგადოებრივის”, წელს კი “რუსთავი 2”-ის სახელით გაიარა რეგისტრაცია და წელს გაუმართლა, მასაც და გუნდურ ჩათვლაში “რუსთავი 2”-საც. ამ მაუწყებლის გუნდს , წელს გარდამავალი თასი ერგო. გუნდურ პაექრობაში კი მხოლოდ ერთი ქულით გადაუსწო “იმედის” გუნდს. გუნდური მესამე ადგილი “ნაიმორისა” და “საზოგადოებრივის” (2 “ჩაინიკის” წყალობით) გუნდებმა გაიყვეს. წელს “ჩაინიკები” ზურა უსუფაშვილი და ნატა შარაბიძე გახდნენ.
მედია-ტურნირის მიმოხილვის დასასრულს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს გიორგი ჭანიშვილს, რომელსაც აღნიშნული ტურნირის ჩატარებაში ისევე მიუძვის წვლილი, როგორც უკვე გამოცდილ დეპარტამენტელ-ნიამორელ ნათია ტუსიაშვილს. აღარაფერს ვამბობ შეჯიბრების უცვლელ მსაჯზე საქართველოს ჩემპონზე სამთოს-სათხილამურო სპორტში მალხაზ უდესიანზე, რომელიც დილით "ამოქანდა" გუდაურში, რომ შეჯიბრი ჩაეტარებინა.ასევე მადლობას ვუხდით სათხილამურო სპორტის ფედერაციას, რომელსაც კარგად ესმის, რომ სპორტის ამ სახეობის გადარჩენა და პროფესიულ რელსებზე ადგილის დამკვიდრებაში მედიაზეც დიდი წვლილი მოდის.
ფილმი, ფილმი, ფილმი...
“... - გეგე ბიძია, გეგე ბიძია, ეროსის უთხარი, გამოგვიგზავნოს კარგი “ლასპორტივოს” ბათინკი. გეგე ბიძია, გეგე ბიძია X-ას უთხარი, გამოგვიგზავნოს “ნორსფეისის” ტანსაცმელი... გვიჭირს, გვიჭირს... კარგად გავრითმავთ ძმებო. მესტიში რომ ჩავალთ ტექსტს დავწერთ... რა ჩვენ დროს უნდა დაემთხვას ყველაფერი ცუდი? მყინვარები აღარ არის, ტანსაცმელი ჩვენ არ გვაქვს... ტანსაცმელზე უნდა ვიტიროთ მაგრად...” – ქართული ალპინისტური რეალობიდან გამომდინარე, ვიდრე ახალგაზრდა ქართველი მთამსვლელები ყველაზე ელემენტარულზე, აღჭურვილობაზე სტრიქონებს გარითმავენ, ფილმი, რომელსაც “ბებერი, გულკეთილი კავკასიონი” ჰქვია, ფესტივალი “ნიამორი”-2008-ის ერთდოულად ორი ნომინაციის გამარჯვებული ხდება. ჟიურის გადაწყვეტილებით ის საუკეთესო ქართულ ფილმად (ფილმს პრიზი “ელიტელმა” გადასცა.) აღიარეს, ხოლო “ნიამორის” დაღუპული ლაურეატის ლევან ლაგაზიძის სახელობით პრემია, ოჯახის გადაწყვეტილებით ასევე “ბებერ, გულკეთილ კავკასიონს” ერგო. ფილმის ოპერატორს ნიკა ლებანიძეს კი, ფილმის მთავარი გმირის და დაღუპული თანაგუნდელის ლევან თათარაშვილის სახელით კიდევ ერთი პრიზი ერგო.
“ბებერი, გულკეთილი კავკასიონი”-ეს არის ფილმი ორ ექსპედიციაზე, რომელიც ოთხმა ახალგაზრდა მთამსვლელმა ლევან თათარაშვილმა, გურამ სალიმ, ლერი ნიგურიანმა და ნიკა ლებანიძემ გამოცდილ, გელა ოთარაშვილთან ერთად იარეს. ჯერ წარმატებით ავიდნენ მწვერვალ დავით აღმაშენებელზე. სადაც მათ, ახალი, 5-იანი კატეგორიის მარშრუტი გაიარეს და შემდეგ, გაფუჭებული ამინდის გამო უშბის ცნობილი “მიშლიაევის” მარშრუტიდან გამობრუნდნენ.“მთიდან მთავარია მშვიდობით ჩამოხვიდე. ამჯერად, უშბამ ბიჭები მშვიდობით გამოუშვა და სამომავლოდ კარიც ღია დაუტოვა. ისინი, აუცილებლად დაბრუნდებიან. დაბრუნდება გეგე, რომელმაც “მიშლიაევზე” ორი წლის წინ, ორი მეგობარი დაკარგა. დაბრუნდებიან გურამი, ნიკა და ლერი, რათა ბოლომდე გაიარონ ის მარშრუტი, რომელშიც ლევანმა კარგი ალპინისტური ტანსაცმლის მისაღებად “ზაჩოტი” გააკეთა. 2007 წელს ლევანი საქართველოში ყველა ალპინისტურ დისციპლინაში პირველი იყო...”- ამ განწყობით მთავრდება ფილმი, რომელიც ლევან თათარაშვილის ხსოვნას ეძღვნება. ბუნებრივია, ბიჭები მთაზე დაბრუნდებიან და მარშრუტსაც ბოლომდე გაივლიან, მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავი და ფილმი იქნება. მანამდე კი, უშბაზე გადაღებული კიდევ ერთი ისტორია “ნიამორის” ლაურეატი გახდა. ახალგაზრდა რეჟისორის გიორგი მასხარაშვილის “უშბას” ფესტივალზე დაწესებული ახალი, თემო კუხიანიძის პრემია ერგო. პრიზი სტუდია "სანგუკომ” დააწესა და იგი ტრადიციული გახდება.
და რადგან, ნომინირებული ქართული ფილმები ალპინისტური თემატიკისაა, აქვე გეტყვით, რომ საუკეთესო ალპინისტურ ფილმად შვეიცარული Harvest Moon დაასახელეს. ამ ფილმში, შვეიცარელ ალპინისტთა გუნდი ცდილობს, ინდოეთის მხრიდან ჰიმალაის ერთ-ერთი საინტერესო მწვერვალი თალაი საგარი (4600 მეტრი სიმაღლის) დალაშქროს. ფილმი აღსავსეა ტექნიკური დეტალებით, რომლებმაც ალპინისტები კი მოიყვანა აღტაცებაში, მაგრამ ჟიურის წევრები შეფასების კრიტერიუმებზე დააფიქრა. კინო კონკურსებზე ნამუშევარი ჟიური – ქეთი ჯაფარიძე, არჩილ შუბაშვილი და ირაკლი ღლონტი ყველა ფილმს კინემატოგრაფისტული კრიტერიუმებით უდგებოდნენ და საკმაოდ მკაცრებიც იყვნენ თავიანთ შეფასებებში. საბოლოოდ კი, მთაში ნავალი ჟიურის წევრების აზრს ენდნენ და Harvest Moon-ს საუკეთესოს ტიტული მიანიჭეს ალპინისტურ ნომინაციაში.
საუკეტესო სათავგადასავლო ფილმის “ლობისტები” ცნობილი “ადამიანი დელფინი” ჰენრი კუპრაშვილი და იტალიელი ელვირა სანდალ გახდნენ. მათ არჩევანი Coast to Coast-ზე გააკეთეს, თუმცა ამ არჩევანს ჟიურის სხვა წევრებიც დაეთანხმნენ. რაც შეეხება საუკეთესო ექსტრემალურ პროექტს, აქ, ამერიკელებს ჰეტ-თრიკი (წინა ფესტივალებზე აშშ ფილმები იმარჯვებდნენ) ავსტრიულმა Crossing the Lines-მა ჩაუშალა. მოგვიანებით ამ ფილმმა გრან-პრიც მოიგო. რაც შეეხება საუკეთესო უცხოუ ფილმს - წელს ეს არჩევანი სლოვაკურ 10 წუთიან ფილმზე Karanhkerrous შეჩერდა.