ოლიმპიური საგზურებისთვის ბრძოლა ბოლო ფაზაში შევიდა
ოლიმპიური საგზურებისთვის ბრძოლა ბოლო ფაზაში შევიდა
08.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალიდან, 9 მაისიდან, სტამბოლში, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირში ჩაერთვება.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ოლიმპიურ ლიცენზიას  თითოეულ წონაში 3 საუკეთესო მოჭიდავე მიიღებს. ჩვენები, ლიცენზიების მოპოვებას ხუთ წონაში შეეცდებიან:


60 კგ - ფრიდონ აბულაძე

67 კგ - რამაზ ზოიძე

77 კგ - იური ლომაძე

87 კგ - ლაშა გობაძე

130 კგ - იაკობ ქაჯაია.


აღსანიშნავია, რომ ფინალისტები 9 მაისსავე გამოვლინდებიან  და შესაბამისად, გაინაღდებენ ლიცენზიებს.


10 მაისს კი, ბრინჯაოს მედლებისთვის გაგრძელდება ბრძოლა და ბოლოს, თითოეულ წონით კატეგორიაში ეგრეთ წოდებული „ბრინჯაოს ფინალები" შედგება. მესამე ადგილზე გასული მოჭიდავეები ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ამ მეტად მნიშვნელოვანი და პრინციპული ტურნირის წინ, ჩვენმა გუნდმა დღეს ბოლო მოსამზადებელი ვარჯიში ჩაატარა.