"თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალი", ამ სახელითა და ფორმატით ტრადიციული თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიამორი" პირველად 2017 წელს ჩატარდა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ფესტივალმა შეიცვალა ფორმატი და პერიოდულობა. ამიერიდან ყოველწლიური ჩვენებების მაგივრად, სპორტული ფილმების ჩვენება 2 წელიწადში ერთხელ გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილება უპირველესად, საქართველოში სპორტული შინაარსის თემატიკის ქართული ფილმების ნაკლებობის გამო გადავწყვიტეთ.


სამწუხაროდ, საქართველოში სპორტული თემატიკის კინოინდუსტრია ჯერ-ჯერობით შორეული ოცნებაა და ერთეული სპორტზე შეყვარებული ადამიანების შრომას თუ არ ჩავთვლით, მესამე ათწლეულია, სპორტსმენები და სპორტული შედეგები ისე მიდიან ასპარეზიდან, რომ მათი ასპარეზობების კადრები „ლაივ-ეთერის" ხანაში, ზოგჯერ, არც კი რჩება ისტორიას.


ახალი ფორმატით, სპორტული ფილმების ფესტივალი 2017 წლის 22-25 ივნისს თბილისში,  „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში" პირველად ჩატარდა.  TSFF-ში 21 ფილმი, მათ შორის 5 უცხოური მონაწილეობდა. ფესტივალის ფარგლებში ერთი დღე მთლიანად საზოგადოებრივ მაუწყებელს დაეთმო. საზმაუწყებელს, TSFF-ზე სპორტულ თემაზე მომზადებული 11 ნამუშევარი ჰქონდა წარმოდგენილი. ფესტივალზე ნაჩვენები იყო რამდენიმე „შორთ ფილმი", ქართველი სტუდენტების, საჯარო სკოლის მოსწავლეების, იტალიელი და ამერიკელი დოკუმენტალისტების მიერ მომზადებული. სპორტული დოკუმენტური კინოს სხვადასხვა ფესტივალის მონაწილე ერთი იტალიური (19'72) და ერთიც ქართული (მდგმურები) ფილმი.


ფესტივალში, რომელმაც ახალი ათვლა დაიწყო, კიდევ ერთ თბილისური ფესტივალის CineDoc-ის მონაწილე 2 ფილმიც იყო ნაჩვენები. ამ სახით, ორმა თბილისურმა ფესტივალმა პირველად ითანამშრომლა. ფესტივალის ერთი დღე კი, სპორტის თემატიკაზე შექმნილი ქართული კინოს 3 ლეგენდარულ ნამუშევარს დაეთმო. ამ დღეს, ძველი ქართული მხატვრული ფილმები: „ფეოლა", „ბურთი და მოედანი", „პირველი მერცხალი" დადგა ფესტივალზე.


თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალი (TSFF), ამ სახით პირველად გაიმართა. TSFF-ის წინამორბედი ფესტივალი, რომელიც „ნიამორის" სახელით იყო ცნობილი საქართველოში 2004 წლიდან ტარდებოდა და მასში მონაწილეობა, წლების მანძილზე 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო (იხილეთ: ნიამორი ).



TSFF-ის ჩატარება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით მოხერხდა. საფესტივალო კატალოგი კი თბილისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დახმარებით გამოიცა.