ხვალ, „დინამოს აკადემიაში“ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი იწყება
ხვალ, „დინამოს აკადემიაში“ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი იწყება
15.04.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისის აკადემიაში" ხვალიდან, 16 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას ტურნირი გაიმართება. საქართველოში და არა მხოლოდ აქ, არამედ მის ფარგლებს გარეთ, უკვე, პოპულარული ასაკობრივი საფეხბურთო ტურნირის რიგით მე-4 გათამაშებაში მონაწილეობას 7 ქვეყნის 8 გუნდი მიიღებს. აქედან ორი საქართველოს წარმოადგენენ - „დინამო თბილისი" და სფფ-ს აკადემია.  ტრადიციულად, დარასელიას მემორიალში მონაწილეობას მიიღებს „დინამო კიევი". წელს პირველად თბილისურ ტურნირზე წარმოდგენილი იქნებიან „ფეიენოორდი" (ჰოლანდია), „ბრაგა" (პორტუგალია), „ციურიხი" (შვეიცარია), „ვულვერჰემფთონი" (ინგლისი), „ემპოლი" (იტალია). ტურნირი 15-წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და თავდაპირველად გუნდები 2 ქვეჯგუფში გადანაწილებულნი, ჯგუფში საუკეთესოს გამოვლენას შეეცდებიან.




„მეოთხე წელია ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს ვატარებთ. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ასეთი სახელოვანი, ტრადიციული და წარმატებული ევროპული კლუბების მასპინძლობა. როდესაც გათამაშება პირველად ჩავატარეთ მაშინვე აღინიშნა, რომ ის ტრადიციული და კიდევ უფრო წარმომადგენლობითი გახდებოდა, რასაც ძალისხმევას არ ვაკლებთ. ჩემი პირადი მიზანი, მოტივაცია და სურვილია, რო საუკეთესო პირობები შევუქმნათ ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ამ ასაკში ძლიერ და წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე მიღებული გამოცდილება ფეხბურთელებს, დინამოს და დარწმუნებული ვარ ეროვნულ ნაკრებს მომავალ მნიშვნელოვან ბატალიებში გამოადგებათ.

ყოველწლიურად ვცდილობთ სტუმართა გეოგრაფიის გაშლას. წელს პირველად გვესტუმრებიან ინგლისიდან, პორტუგალიიდან და შვეიცარიიდან. ნიდერლანდებიდან უკვე მესამე კლუბი გვეწვევა, იტალიიდან კი მეორე, რაც ასევე აღსანიშნავია. მიჯრით მესამე ტურნირია ჩვენთანაა კიევის დინამო და მეორედ იასპარეზებს ჩვენი პარტნიორი სფფ- ს აკადემის გუნდიც.

დარწმუნებული ვარ ამ დღეების მანძილზე ჩვენი აკადემიის მოედანზე არაერთ მომავალ ვარსკვლავს ვიხილავთ და ვიმედოვნებ ჩვენი სტუმრები ისიამოვნებენ თბილისში გატარებული დღეებით. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს", - ნათქვამია დინამო თბილისის პრეზიდენტის რომან ფიფიას განცხადებაში.




ვიტალი დარასელიას ტურნირის გახსნა, 16 აპრილს, 18:00 საათზე, „დინამო თბილისის აკადემიაში" გაიმართება. თუმცა მანამდე ტურნირის პირველი შეხვედრებიც ჩატარდება. ტურნირის კენჭისყრის შედეგად, გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

ა ჯგუფი: „დინამო თბილისი",  „ციურიხი",   „ემპოლი" და „ვულვერჰემფთონი". შესაბამისად, მეორე, ბ ჯგუფში მოხვდნენ: „ფეიენოორდი", „დინამო კიევი", „ბრაგა" და სფფ-ს აკადემია.

ქართული კლუბებიდან, ტურნირში პირველად სფფ-ს აკადემიის გუნდი ჩაერთვება. გიორგი ადამიას გუნდი, პირველ შეხვედრას „ბრაგას" წინააღმდეგ გამართავს.

„საქართველოში, ასეთი ტურნირების ჩატარება არის მნიშვნელოვანი, საპატიო და სასიხარულო. ეს არის ინდიკატორი, სადაც შეგვიძლია შევაფასოდ, სად ვარ დღეს, რა ადგილი გვაქვს საერთაშორისო საფეხბურთო სამყაროში. ვნახოთ, რა ნაკლი გვაქვს და მის გამოსწორებაზე ვიმუშავოდ, თუ გვინდა ქართველმა ფეხბურთელებმა რამეს მივაღწიოთ. მადლობა „დინამო თბილისს", რადგან საკმაოდ ძლიერი ტურნირი ტარდება, ძლიერი კლუბების მონაწილეობით. ფეხბურთის ფედერაცია ვეცდებით, ამ ტურნირის გვერდში ვიყოთ", - ამბობს ირაკლი ლილუაშვილი.




ასპარეზობის პირველ დღეს, ბოლო მატჩი „დინამო თბილისსა" და „ციურიხს" შორის გაიმართება. ტურნირის არსებობის მანძილზე „დინამო თბილისის" აკადემიის გუნდმა, სამი მცდელობიდან, ვიტალი დარასელიას თასის ფინალში ორჯერ ითამაშა - 2016 წელს, როდესაც „ალკმაარის" წინააღმდეგ დამარცხდა და 2018 წელს, როდესაც დასანანი მარცხი განიცადა „ესპანიოლის" წინაშე. დინამოელები თვლიან, რომ დროა, დარასელიას თასი საქართველოში დარჩეს და ამისთვის ძალებს არ დაიშურებენ.

„მომავალ ტურნირზე აქცენტებს ვაკეთებ მლიანად გუნდზე და არა, პერსონალურად კონკრეტულ სახელებზე. ფეხბურთი, გუნდური თამაშია, მაგრამ რა თქმა უნდა, გუნდიც ლიდერების გარეშე, არ არსებობს. იგივე 2003-წლიანებიდან ვისაც დავიმატებთ, მათ დარასელიას ტურნირში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვილი" - ამბობს ვახტან იაგორაშვილი, „დინამო თბილისის" 15-წლამდე გუნდის მწვრთნელი.




დარასელიას ტურნირის პირველი საასპარეზო დღის განრიგი ასე გამოიყურება:

12:00 საათი „ფეიენოორდი"- „დინამო კიევი"

14:00 საათი „ემპოლი" - „ვულვერჰემფთონი"

16:00 საათი სფფ - „ბრაგა"

20:00 საათი „დინამო თბილისი" - „ციურიხი"

„დინამოს აკადემიაში" ჯგუფური თამაშები მომდევნო დღეებში, 17 და 18 აპრილსაც 12:00 საათიდან დაიწყება. ტურნირი დებულების თანახმად, ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები, ჯვარედინი სისტემით, 20 აპრილს, ½ ფინალს ითამაშებენ.

მატჩები 16:00 და 18:00 გაიმართება.

შესაბამისად, ჯგუფებში მესამე და მეოთხე ადგილოსნები, მცირე ½ ფინალებში იასპარეზებენ. ეს შეხვედრები 11:00 და 13:00 საათებზეა ჩანიშნული.  

21 აპრილს კი, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის დასკვნითი დღეა. ტრადიციულად, ტურნირზე ყველა ადგილი გათამაშდება.

10:00 საათი 7-8 ადგილები

12:00 საათი 5-6 ადგილები

14:00 საათი 3-4 ადგილები

ასევე ტრადიციულად, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ფინალს „დინამო არენა" უმასპინძლებს. საქართველოს მთავარ საფეხბურთო არენაზე ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის რიგით მეოთხე გათამაშების ფინალი 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კი დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის დებულების თანახმად, ყველა შეხვედრა, ფინალური მატჩის გარდა 2X35 წუთიანი ტაიმი, 10 წუთიანი შესვენებით იქნება. ფინალური შეხვედრისას კი, გუნდები ორ 40-წუთიან ტაიმს ითამაშებენ.




ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 15 აპრილს, დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მეოთხე საერთაშორისო ტურნირისწინა პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების წინაშე აკადემიის დირექტორი - ლევან გვანცელაძე, ტურნირის მენეჯერი - არჩილ კეკელია, ტურნირის პარტნიორები: თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - ირაკლი გვილავა, სფფ- ს აკადემიის ხელმძღვანელი - ირაკლი ლილუაშვილი, VTB ბანკის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი - შოთა მაჭავარიანი და ავერსი ფარმას გენერალური დირექტორი - ირაკლი ფურცელაძე წარდგნენ.

„მოხარული ვარ, რომ კიდევ შევხდით ერთმანეთს. მახსოვს, ამ ტურნირის დაწყება. თბილისის მერია, დარასელიას ტურნირის პარტნიორი არის პირველივე წლიდან. სწორედ, ამ თანამშრომლობისა და ტურნირის ორგანიზატორთა შრომის შედეგია ის, რომ წელს, ცოტა კიდევ უფრო გაზრდილი მასშტაბით ვართ ამ ტურნირის პარტნიორები. პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო თავად კლუბს, მის ხელმძღვანელობას, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სამაგალითო პროექტი, სადაც კერძო და სახელმწიფო სექტორები თანამშრომლობენ და ეს, მომავალში სპორტსმენებს მისცემს საშუალებას კიდევ უფრო გაიზარდონ, გახდნენ პროფესიონალები და ასახელონ ჩვენი ქვეყანა. თბილისის მერია, არის ამ პროექტის ერთ-ერთი საიმედო მხარდამჭერი და თბილისის მერიის სახელით, ჩვენს ფეხბურთელებს ვუსურვებ წარმატებას",  - ამბობს, ირაკლი გვილავა.

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის მხარდამჭერები არიან: ფეხბურთის განვითარების ფონდი, კომპანია „კიმბო" და მინერალური წყლების კომპანია „საირმე" და ჩაფიძის ცენტრი.