საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე
13.02.2019
ავტორი:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე, სფფ-ს პრეზიდენტმა და ახალი ვადით არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა ერთადერთმა კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა დღეს, ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ტელევიზიის, რადიოს, ბეჭვდითი და ელექტრონული მედიის ნაწილთან საუბარმა სასტუმრო „რუმსში" 2 საათს გასტანა. ისევე, როგორც 4 წლის წინ და შემდეგ, სხვადასხვა შეხვედრების დროს, ლევან კობიაშვილი მედიის წინაშე, ამჯერადაც, თავისი გუნდით წარსდგა, ვინაიდან თვლის, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და შედეგსაც გუნდურობა მოიტანს.

მომდევნო 4 წლის მანძილზე ლევან კობიაშვილი და მისი გუნდი, „მომავლის 11" -ის პრეზენტაციისას დაანონსებული „საფეხბურთო სისტემით" იხელმძღვანელებენ. თუმცა, ისიც კარგად იციან, რომ საბოლოო წარმატებისთვის ქართული რეალობიდან გამომდინარე, ამოსავალი, ეროვნული ნაკრების შედეგების პირდაპირპროპორციული იქნება.

ბუნებრივია, 2 საათიანი შეხვედრისას კობიაშვილი არ ჩაუღრმავდა დეტალებს, რომლებზეც მის გუნდს მომდევნო 4 წლის მანძილზე მოუწევს მუშაობა და რომლის შესახებაც ყრილობის წინაშე ვრცლად ისაუბრებს. თუმცა, შეხვედრისას დარბაზში, გაჟღერდა ის ძირითადი გზავნილები, რომლებზეც სფფ მუშაობას კვლავ გააგრძელებს.

 



პრიორიტეტებში კვლავ სახელდება ბავშთა ფეხბურთი!

„ბევრისთვის თემა, რატომ აქვს სფფ-ს აკადემია გაურკვეველია. იქიდან გამომდინარე, თუ რა გამოწვევებია ბავშვთა ფეხბურთში და რა მცირე რაოდენობის აკადემიები არსებობს ქვეყანაში, მსგავსის არსებობა კარგია. იცით, რომ ეს ჩვენი დაწყებული არ არის და მანამდეც იყო. ეს იყო უეფა-ს პროგრამა, რომელიც რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა და ერთ-ერთი იყო საქართველო, მაგრამ ეს პროგრამა აღარ ფინანსდება", - ამბობს ლევან კობიაშვილი და დასძენს, რომ ბავშვთა აკადემიების არსებობა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, იმდენად მნიშვნელოვანი და პრინციპულია, რომ სამომავლოდ ქვეყნის მასშტაბით, უეფა-დან ამ დაფინანსების შეწყვეტის მიუხედავად, კიდევ რამდენიმე აკადემიის გახსნის შესახებ გახდება ცნობილი.

„შეიძლება იმ მასშტაბისა და ინფრასტრიქტურით, როგორიც არის რუსთავის აკადემია არ იყოს, მაგრამ პრინციპი იმის, რომ ყველა რეგიონი მოვიცვათ არის ჩვენი ხედვა და მიზანი. ნიჭიერ ბავშვს, რეგიონიდან არ უნდა უწევდეს სხვაგან წასვლა.  ბუნებრივია, ვისურვებდით, რომ ტეპმი მათი მშენებლობის იყოს ჩქარი, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული", - ამბობს კობიაშვილი.

დღეისათვის, სფფ-ს აკადემიებში ზუგდიდში - ორი, ლაგოდეხში - ორი და რუსთავში 3 ასაკობრივი გუნდი ცხოვრობს, სწავლობს და ვარჯიშობს. ამ აკადემიებში მყოფ ბავშვთა რაოდენობა 200-ს აღწევს. ჟურნალისტებთან შეხვედრისას, საუბარი ბავშვთა სკოლებისთვის კატეგორიების მინიჭებასა და მათთვის დაფინანსების საკითხებზეც იყო, რომლებსაც ფედერაციაში, სწორედ ამ აკადემიებთან ერთობლიობაში განიხილავენ.   

 



ნაკრებები, შედეგები და სამომავლო გეგმები

არის თუ არა ლევან კობიაშვილი კმაყოფილი ასაკობრივი ნაკრებების შედეგებითა და ამ გუნდებთან მწვრთნელების მუშოაბით. საუბარია ვაჟთა ასაკობრივ ნაკრებებზე. ფედერაციის თავკაცმა არ დამალა, რომ ეს, ის არ არის, რისი მოლოდინიც იყო. მიუხედავად ამისა, ფედერაციაში დადებითად თვლიან, რომ საქართველოში 15 წლის ასაკიდან 21-წლამდე ასაკის ნაკრებების ფორმირება მიმდინარეობს და ეს, ადრე თუ გვიან, შედეგს გამოიღებს (ფედერაციამ მოახერხა ამ ასაკობრივ კატეგორიაში ელექტრონული ბაზის შექმნა).

„თუ ბიჭებში ვერ მოვახერხეთ და ეს პრობლემა ზოგადად არის ასაკობრივ ნაკრებეში, გოგონებში, პირველად ისტორიაში, ჩვენმა გუნდმა ელიტ-რაუნდში გასვლა შეძლო. ამ გუნდს აქვს პოტენციალი. ერთი წლის წინ თბილისში, უეფა-ს განვითარების ტურნირი ჩატარდა, რომელიც ჩვენმა გოგონებმა მოიგეს. ეს, ზუსტად ის გუნდია, რომელსაც 2020-ში სავარაუდოდ, მოუწევს ევროპის ჩემპიონატზე თამაში. მანამდე გვესმის, რომ ელიტ-რაუნდია და რთულია, ძლიერ ევროპულ გუნდებთან თამაში, მაგრამ ცხადია, რომ ამ კუთხით წინსვლა არის", - ამბობს ლევან კობიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველო, 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია. უეფა-ს ტურნირების ამ ეტაპზე,  ქართველ ქალთა გუნდს, ქალთა ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოუწევს ასპარეზობა. ფედერაციაში სჯერათ, რომ საორგანიზაციო კუთხით, სფფ-ს პრობლემა არ ექნება. მედიის ნაწილს კი, ამის გარანტიას 2017 წელს, უეფა-ს ვაჟთა შორის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპიც გვაძლევს.

ქალთა ფეხბურთთან დაკავიშრებით კი, ლევან კობიაშვილისა და მისი გუნდის, პოზიცია ისევე როგორც 4 წლის წინ, არჩევნებამდე, უცვლელია - ყველას აქვს უფლება აკეთოს ის, რაც სიამოვნებს. ამ სიამოვნებისკენ კი, ქალთა ფეხბურთი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის. მოგვარებულია, პრობლემათა დიდი ნაწილი, თუმცა, „არსებული გამოწვევების წინაშე, იდეალურ მდგომარეობაში ჯერ არ ვართო", ამბობს კობიაშვილი და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, ინფრასტრუქტურას ასახელებს და აქვე დასძენს, რომ იმ სამუშაოების ფონზე, რაც ქვეყნის მასშტაბით, საფეხბურთო ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მიმდინარეობს, მომდევნო წლებში, ადგილი - საკუთარი მოედნები, გოგონებისთვისაც გამოინახება.

ჩვენის მხრივ, დავსძენთ, რომ ფედერაცია, მსგავსად ფეხბურთის მსოფლიო და ევროპული მმართველი ორგანიზაციებისა, ფეხბურთში ქალთა ჩართულობაზე (მათ შორის მენეჯმენტში, სამწვრთნელო და სამსაჯო პროგრამებში) აქტიურად ზრუნავს.




ინფრასტრუქტურა

„წამოიღებს" თუ არა საქართველო, რომელიმე ევროპულ საკლუბო საფეხბურთო ფინალს, ანდა სულაც ტურნირს, ესეც ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული. თუმცა, სფფ-ს სურვილი უმასპინძლოს თუნდაც, 2021 წლის ევროპალიგის ფინალს, ამ მხრივ თბილისს, სევილიასთან და ვენასთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

ამასობაში კი ქვეყნის მასშტაბით, დასრულებული იქნება რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი - ახალი სტადიონის მშენებლობა ბათუმში, ფოთში, ქობულეთში, მარტვილში, წყალტუბოში, გორში და სამტრედიაშიც. ამ ბოლო ქალაქთან დაკავშირებით, კობიაშვილმა, დახმარება ჩვენ, მედიასაც გვთხოვა, რადგან პროექტი, რომელიც დაწყებულია (გემახსოვრებათ, რომ ელიგის გასული წლის სეზონი „სამტრედიამ" ხან თბილისში, ხან ზესტაფონში და ხანაც ლანჩხუთში ითამაშა), დროულად დასრულდეს.

რაც შეეხება ქუთაისს, ქალაქს, სადაც უყვართ სპორტი და ერთადერთია, რომელიც ელიგის ცენტრალური ტურის მატჩების დროს ყველაზე მეტ გულშემატკივარს უყრის თავს, დიდი ალბათობით ევროპალიგის მატჩებს სახლში უმასპინძლებს. თუკი, ფედერაციის გარდა, სხვა ჩართული მხარეებიც თავის ვალდებულებებს დროულად შეასრულებენ. ფედერაცია კი, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მინდვრის ახალი საფარის დაგებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს „ტორპედოს" ევროტურნირების 3 მატჩის გამართვა, ქუთაისის სტადიონზე პირობების არქონის გამო თბილისში, „მესხზე" მოუხდა.

სხვათა შორის, მინდვრის საფარის მოსავლელად, რომელიც ამ მომენტისთვის ქვეყნის მასშტაბით, ქართული წარმოების იგება, კადრების მომზადებაც მიმდინარეობს. ქუთაისის გარდა მინდვრის ახალი საფარი იქნება საჩხერესა და რუსთავშიც.




ელიგა, დაპირება, დამოუკიდებლობა და სხვა...

დავიწყოთ სხვადან - რამდენად რეაგირებს სფფ, იმ ქართული წარმოშობის ფეხბურთელებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქენი, თუმცა, ჩვენს ნაკრებში თამაში უნდათ. ფედერაციის წარმომადგენლებმა მედიისთვის, კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ამ შემთხვევაში, ფედერაციასა და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფეხბურთელს შორის ურთიერთობას უეფა-ს წესდება არეგულირებს.

რაც შეეხება, ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს და მის დამოკიდებულებას ელიგაში მოთამაშე ფეხბურთელებთან, ფედერაციის წარმომადგენლებმა, ასევე კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ მწვრთნელს ყველა კადრის შესახებ აქვს ინფორმაცია და ამ მხრივ, ვაკუუმში არ იმყოფება.

სფფ-ს პრეზიდენტის მოხარული იქნება, თუკი საქართველოში პროფესიონალური ფეხბურთის ლიგა შეიქმნება და მასში ქართული კლუბები გაწევრიანდებიან. ლევან კობიაშვილს, კარგად ახსოვს 4 წლისწინანდელი მოსაზრებაც, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, მხოლოდ 34 სუბიექტი არ უნდა ირჩევდეს. აზრს, ამ თემასთან დაკავშირებით, არც ახლა იცვლის. თუმცა, კობიაშვილის აზრით, ეს პროცესი თავად კლუბებმა უნდა წარმართონ და ფეხბურთის ფედერაცია საქმეში, ხელოვნურად ამ ვერ ჩაერევა.

ამას გარდა, ალბათ, უნდა გადაწყდეს ის საკითხიც, რომ ნებისმიერი გუნდის წაბორძიკებაში, ხელი ფედერაციისკენ არ იყოს გაშვერილი. „გულშემატკივრები უფრო მეტად მომთხოვნები უნდა გახდნენ საკუთარი გუნდების მიმართ. რატომღაც, საქართველოში ნებისმიერი გუნდის წარუმატებლობა, ფედერაციას ბრალდება, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს. "ჰერტაში" როდესაც ვთამაშობდი, გუნდი, მეორე ბუნდესლიგაში გავარდა, მაგრამ ქომაგებს წარუმატებლობა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციისთვის არ დაუბრალებიათ", - ამბობს კობიაშვილი.

კიდევ ერთ - როგორც აღვნიშნეთ, ქართული რეალობიდან გამომდინარე ფედერაციის მუშაობა, ეროვნული ნაკრების შედეგის პირდაპირპროპორციულად ფასდება. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტებმა კობიაშვილს სთხოვეს პირობა ერთა ლიგის პლეი-ოფში წარმატებული გამოსვლისთვის. რაზეც მან ასე უპასუხა, რომ არ უყვარს დაპირებების გაცემა. თუმცა, ფაქტია, რომ მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ფეხბურთი, საქართველოში, წარმატებული იყოს.




ფინანსები და არჩევნების ვადები

თემა, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრში ყოველთვის არის და ბუნებრივია, დღესაც დაისვა კითხვები. მაგალითად, არის თუ არა „გაბერილი" ფედერაციის სახელფასო განაკვეთი, საიდანაც დაფინანსებას არა მხოლოდ, ფედერაცის შენობაში მომუშავე პერსონალი, არამედ მწვრთნელები, მსაჯები, სტიუარდები და კიდევ, ფედერაციის ბალანსზე მყოფი სხვა ბევრი ადამიანი იღებს.

რაც შეეხება არჩევნების ვადებს სფფ-ს წესდებით არჩევნების დანიშვნა შესაძლებელი იყო თებერვალში და შესაბამისად, ფედერაციას წესები არ დაურღვევია. შეგახსენებთ, რომ სფფ-ს რიგით 29-ე  არჩევნები, 2019 წლის 15 თებერვალს, სიმბოლურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნების დღეს, სასტუმრო ჰუალინგში გაიმართება.