ქულების მაქსიმუმი, 18 გატანილი და მხოლოდ 3 მიღებული, 3 თამაშში
ქულების მაქსიმუმი, 18 გატანილი და მხოლოდ 3 მიღებული, 3 თამაშში
02.02.2019
ავტორი:

თბილისის „ოლიმპიურ სასახლეში" ჩატარებული მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფი, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მაქსიმალური შედეგით მოიგო და 2019 წლის ოქტომბერში პოლონეთში, „მეინ რაუნდში" იასპარეზებს.  მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, ქართველთა გუნდის მეტოქეები პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებები იქნებიან. 22-27 ოქტომბრის შუალედში ჩატარებული ტურნირის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე, თითოეული ჯგუფიდან, ასეთი კი „მეინ რაუნდში" 8 იქნება, ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები უკვე, 2020 წლის 28 იანვრიდან -2 თებერვლის ჩათვლით 4 ჯგუფად „ელიტ რაუნდს" ითამაშებენ.  აი აქ უკვე, 4 ჯგუფის გამარჯვებული ფინალური ეტაპის საგზურს მოიგებს. „ელიტ რაუნდის" მეორე ადგილოსნები კი პლეი-ოფს ითამაშებენ, რომელიც 2020 წლის  9 და 12 აპრილს, საშინაო და გასვლით მატჩების პრინციპით ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ევროპას, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც 24 გუნდი ასპარეზობს, 6 ადგილი აქვს დათმობილი, მასპინძელი ქვეყნის ლიეტუვას გარდა.




თუმცა, ფუტსალში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე, რომელიც ლიეტუვაში გაიმართება, ჯერ დიდი დროა. მანამდე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში, საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაც, დანიასთან მოიგო. ამჯერად, ანგარიშით 2-6. თუმცა, მატჩის პირველი ნახევარი ქართველთათვის უფრო იუღბლოდ, ვიდრე რთულად წარიმართა. უპირატესობის მიუხედავად, ქართველთა გუნდმა გოლის გატანა პირველ ტამში ვერ მოახერხა, 0-0.




თითქმის ანალოგიური სცენარით წარიმართა მეორე ტაიმის დასაწყისიც. თუმცა, 28-ე წუთზე ჩვენმა ნაკრებმა ნავსი გატეხა და რონინიომ, მეტოქის კარში პირველი გოლი გაიტანა, 0-1. ამ მომენტიდან 5 წუთის შუალედში საქართველოს ნაკრებმა კიდევ 4 გოლი გაიტანა. დანიელთა კარი ერთი-მეორეს მიყოლებით აიღეს ჯერ ვახტანგ კეკელიამ (0-2), შემდეგ კი შოთა თოფურიამ (0-3),  სიმი საიოტიმ (0-4) და თალესმა (0-5).

 

 

ბუნებრივია, ამ ანგარიშიდან გამომდინარე, დანიელებს მშვიდად შეეძლოთ დანებება. თუმცა, ისინი ქართველთა თამაშში შეცდომებს ეძებდნენ და რამდენიმე მომენტში თორნიკე ბუკიასაც მოუხდა გარჯა. 36-ე წუთზე კი, გოლი მის კარშიც გავიდა. ბურთი, მორტენ ლარსენმა გაიტანა (1-5). შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით არდე კი, მოწინააღმდეგეებმა გოლები გაცვალეს - ჯერ კეკელიამ აიღო დანიელთა კარი (1-6) და ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. შემდეგ კი, ქევინ იორგენსენმა ანგარიიში სხვაობა ერთი ბურთით შეამცირა (2-6) და ჯგუფის ბოლო შეხვედრის შედეგიც დააფიქსირა.

 

 

ამ მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. საკვალიფიკაციო ეტაპის 8 შესარჩები ჯგუფიდან, საერთო ჯამში გატანილი გოლებით მე-4 შედეგი აჩვენა. ჩვენს ჯგუფში, მეორე საფეხურზე გერმანიის ნაკრები გავიდა და შესაბამისად, „მეინ-რაუნდში" თამაშის უფლებაც მოიპოვა.

***

გერმანიისა და ისრაელის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საკმაოდ საინტერესო, სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი, ორივე გუნდს ჰქონდა. ამიტომ, თავიც არავის დაუზოგავს. ისრაელის ნაკრებს ხელს, მხოლოდ მოგება აძლევდა. გერმანელებს კი, „მეინ-რაუნდში" გასასვლეად ფრეც აწყობდათ.




შეხვედრის პირველ ტაიმში ისრაელი დაწინაურდა და ტაიმიც მოიგო, 1-0. თბილისში გამართული ტურნირის ყველაზე სწრაფი გოლი, ტამირ შკოლნიკმა მატჩის დაწყებიდან, 52 წამზე გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევრის მიწურულს გერმანელებმა მოწინააღმდეგის კარზე სერიოზული შტურმი მიიტანეს, შეხვედრის ამ ნაწილში ანგარიში აღარ შეცვლილა.




მეორე ტაიმის დასაწყიში, მე-2 წუთზე, გერმანელთა კაპიტანმა ტიმო ჰეინზმა ანგარიში გაათანაბრა, 1-1. ამის შემდეგ, მეორე ტაიმიც, პირველის ანალოგიური სცენარით გაგრძელდა - გერმანელები ძირითადად ბურთს აკონტროლებდნენ, თუმცა, გოლის გატანას ვერ ახერხებნენ.  სამაგიეროდ, ივან დიდუნოვმა, 28-ე წუთზე, ისრაელი კვლავ დააწინაურა, 2-1. გერმანული შტურმის მიუხედავად, ანგარიშიდან გამომდინარე, ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მომდევნო ეტაპზე, სწორედ ისრაელის ნაკრები უნდა გასულიყო. თუმცა, „გერმანულმა მანქანამ", რომელიც დიდი ფეხბურთისგან განსხვავებით, დარბაზის ფეხბურთში, მხოლოდ მე-5 წელია ფეხს იკიდებს, ძალების მოკრება, მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიური „შტურმიც" მოახდინა და მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე ანგარიში კვლავ გაათანაბრა 2-2. ჯგუფიდან გასასვლელი საგზური გერმანელებს, ქრისტოფ ვიტიგმა მოუტანა.