ეროვნულის გამარჯვება და მხოლოდ, სარეიტინგო ქულები
ეროვნულის გამარჯვება და მხოლოდ, სარეიტინგო ქულები
30.11.2018
ავტორი:


ორშაბათს, 3 დეკემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ფანჯრის მორიგ შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელები თბილისში, სპორტის სასახლეში ისრაელის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც დღეს სერბეთი  83-74 დაამარცხა და ახლა, თბილისში, ამაღლდებული განწყობით ჩამოვა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგული აქვს, სამშობლოში მაინც, ამაღლებული განწყობით დაბრუნდებიან. ჩვენებმა, ესტონეთის დამარცხება გასვლაზე 73-80 (19-22 / 13-19 / 17-16 / 24-23) მოახერხეს.  

ამ შეხვედრაში ყველაზე დაძაბული პირველი მეოთხედი გამოდგა. ამ და მომდევნო პერიოდებშიც ესტონელები მჭიდრო დაცვით თამაშს მიმართავდნენ. თუმცა, თორნიკე შენგელიას გარეშე მოთამაშე ქართველთა გუნდმა, ძირითდად გიორგი შერმადინისა და გოგა ბითძის კარგი თამაშის წყალობით, მეორე მეოთხედიდან ნელ-ნელა გაზარდა უპირატესობა. ტაიმი 9 ქულით მოიგეს შეხვედრა კი 7 ქულით.

საქართველოს ნაკრებში, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ისევე, როგორც პირველი ტაიმის შემდეგ, საბოლოოდაც ყველაზე შედეგგიანი გიორგი შერმადინი იყო. მან, 23 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. შერმადინის მსგავსად, ორმაგი დუბლი გაიფორმა გოგა ბითაძემაც, რომელმაც შერმოზე 4 ქულით ნაკლები, 19 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. 19 ქულა იყო თად მაკფადენის ანგარიშზეც. 7-7 ქულით დაასრულეს მატჩი დუდა სანაძემ და გიორგი ცინცაძემ, რომელსაც 7 პასიც ჰქონდა.

მატჩის სრული სტატისტიკა იხილეთ: https://goo.gl/EqKAaD

„მადლობა ჩემს კალათბურთელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. აქამდე იშვიათად უწევდათ ორ ტანმაღალ ცენტრს, გიორგი შერმადინსა და გოგა ბითაძეს ერთმანეთის გვერდით თამაში. ესტონეთში დიდი დროის განმავლობაში ორივე მოედანზე იყო და მათი ურთიერთქმედებით კმაყოფილი ვარ. გოგა არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბის დიდი ტალანტია და ეს დღესაც დაამტკიცა. მათთვის რთული იყო ტანდაბალი, სწრაფი მეტოქეების დევნა, მაგრამ თავი ყველა დავალებას კარგად გაართვეს და ფარქვეშ დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ", - ილიას ზუროსის, საქართველოს კალათბურთელთა მთავარი მწვრთნელის ასეთ განცხადებას აქვეყნებს ფედერაციის ოფიციალური გვერდი.

3 დეკემბერს, კი თბილისში, საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართება, 19:00 დაიწყება.